კარგი, გამართული ამბულატორია სოფლად, დღესაც დიდ ფუფუნებად ითვლება. იმის მიუხედავად, რომ დიდი კლინიკები თუ ქსელური საავადმყოფოები ცდილობდნენ, ესა თუ ის სოფელი აითვისონ, ბევრი არაფერი გამოსდით, რადგან სოფლებში, მოსახლეობის დიდი ნაწილი მუდმივად, უბრალოდ, არ ცხოვრობს, ამიტომ იქ ექიმის და ექთნის ყოფნა, თუ დასაქმება წამგებიანია. არადა, იყო დრო, როცა ყველა სოფელში მოქმედებდა ამბულატორია და ორი თუ არა, ერთი ექთანი მუდმივად ადგილზე გახლდათ. ის იყო ექიმიც, ექთანიც, კარდიოლოგიც, თერაპევტიც და უროლოგიც. სწორედ ასეთ სოფლებში მომუშავე ექთნები, გამოცდილებისა და პრაქტიკის გამო, ცოდნით ხშირად ექიმებსაც სჯობდნენ და სოფლელებში დიდი პატივისცემითაც სარგებლობდნენ. ერთი ეგ იყო, მათთვის სამუშაო გრაფიკი არ არსებობდა და ღამის სამ საათზეც კი შესაძლებელი იყო, რომელიმე სოფლელს უბრალო ან „ბრალიანი“ მიზეზით გაეღვიძებინა და დახმარება ეთხოვა.
ერთ-ერთ სოფელში, პრაქტიკაზე ორი სტუდენტი გაუშვეს. ერთი ადგილობრივი იყო, მეორე - დედაქალაქიდან და ძალიან მალე, მათ ხალხის უდიდესი პატივისცემა დაიმსახურეს. ორივე ბიჭი თავდაუზოგავად შრომობდა, იმდენი მოახერხეს, რომ რაიონის საავადმყოფოს სასწრაფოს ძველი მანქანა გამოართვეს, თავისი ხელით გაარემონტეს და როცა სჭირდებოდათ, ავადმყოფები სოფლიდან რაიონულ ცენტრში მარტივად მიჰყავდათ. მეტიც, დედაქალაქიდან ჩამოსული ბიჭი ამბობდა, პრაქტიკის დასრულების შემდეგ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ აქ გამანაწილონ, საოცარი სოფელია, საოცარი ხალხით და აქ დავსახლდებიო. მოსახლეობაც კმაყოფილი იყო და... ერთ დღეს, სოფლის ამბულატორიაში, თბილისიდან პრაქტიკაზე ჩამოსული ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. რა თქმა უნდა, საქმეში მაშინვე სამართალდამცავები ჩაერთვნენ და მათთვის ექსპერტების დასკვნა მოულოდნელი და სამწუხარო იყო - გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა დასახელდა, კონკრეტულად,„მორფის“, რომელიც სოფლის ამბულატორიისთვის იყო გამოყოფილი და რომელიც სეიფში ინახებოდა.
ძალოვნებმა სეიფი დაათვალერეს და აღმოაჩინეს, რომ „მორფის“ დიდი ნაწილი გამქრალი იყო. შეისწავლეს საბუთები, რომლის მიხედვითაც, რაიონული საავადმყოფოსგან მას მუდმივად მიჰქონდა „მორფი“, რათა, მისივე თქმით, სოფელში სამი პაციენტისთვის გაეკეთებინა. სამივე პაციენტს სიმსივნე ჰქონდა, ბოლო სტადია და ტკივილების შემსუბუქების ერთადერთი საშუალება, სწორედ „მორფი“ იყო. ისე ჩანდა, რომ ბიჭი მათი დოზიდან თავადაც იღებდა ნარკოტიკს, რაც სოფლისთვისაც მოულოდნელი იყო, არასდროს არაფერი შეგვიმჩნევიაო. სამართალდამცავებმა სამივე პაციენტი დაჰკითხეს და მათ განაცხადეს, რომ „მორფის“ დოზას გარდაცვლილი ლამის ყოველ მეორე-მესამე დღეს ზრდიდა, რადგან „მორფი“ ტკივილს სულ უფრო ნაკლებად აყუჩებდა.
„ვიცოდი, რომ ნარკოტიკებს ეთამაშებოდა, მაგრამ არ მეგონა, თუ ამ დონეზე იყო. რამდენჯერმე ვუთხარი, მიეჩვევი-მეთქი და ის კიდევ მიმტკიცებდა, სუფთა „მორფი“ სისხლს წმენდს, შენც რომ გაიკეთო, ცუდი არ იქნებაო. მე კიდევ, მეშინია ნარკოტიკების და ამიტომ, არ ვიკეთებდი. ახლა, აღარ ვიცი რა ვქნა, დავრჩი ჩემს სოფელში მარტო. სავარაუდოდ, მის გარეშე მუშაობას ვერ შევძლებ და როცა პრაქტიკას დავასრულებ, სოფლიდან წავალ“,-განაცხადა გარდაცვლილის კოლეგამ.
ექსპერტიზამ კი, მორიგი, საინტერესო და საყურადღებო დასკვნა დადო. გარდაცვლილს ყვრიმალზე სერიოზული სისხლჩაქცევა ჰქონდა. ექსპერტი ამტკიცებდა, ეს დარტყმა მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო და დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, შესაძლოა, მამაკაცი გათიშულიყოო. ამას გარდა, იმ ერთი ნანემსარის მეტი, ექსპერტმა სხვა ნანემსარი ვერ იპოვა და მტკიცებით ფორმაში თქვა, არანაირი ნარკომანი ეს არ იყო, ერთადერთი ნაჩხვლეტი აქვს, რომლითაც სხეულში „მორფის“ გადაჭარბებული დოზა შეიყვანეს, რამაც სიკვდილი გამოიწვიაო. ეს კი, იმას ნიშნავდა, რომ ბიჭი ჯერ გათიშეს, შემდეგ კი მოკლეს. გამოძიებამ სოფლელების გამოკითხვა დაიწყო და მოულოდნელად, ერთ-ერთმა იქაურმა ძალიან საყურადღებო განცხადება გააკეთა.
„დაახლოებით, ორი თვის წინ, გვერდზე სოფლიდან დარეკეს, ერთი ქალბატონი გახდა ავად. ხიდან ჩამოვარდა, ფეხი მოიტეხა, ღია მოტეხილობა ჰქონდა და რადგანაც იქ ამბულატორია არ არის, ჩვენი ბიჭები წავიდნენ. გარდაცვლილმა ქალს „მორფი“ გაუკეთა, რადგან ის ტკივილისგან იტანჯებოდა, მაგრამ გზაში ქალი გარდაიცვალა. ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ გარდაცვალების მიზეზი ტკივილისგან გამოწვეული შოკი იყო. იმ ქალის მეუღლე იმუქრებოდა, მაგ ექიმს არ ვაცოცხლებ, ცოლი მომიკლაო. ეგებ, ის კაცი დაჰკითხოთ, მით უმეტეს, იმ დღეს, როცა ექიმი გარდაცვლილი იპოვეს, ჩვენს სოფელში ნახეს და ვინ იცის, იქნებ, სწორედ მან მოკლა“,-განაცხადა მოქალაქემ. რაღა თქმა უნდა, სამართალდამცავები მამაკაცის დასაკითხად წავიდნენ.
„მეზობელმა მითხრა, რომ ის ექიმი გარდაიცვალა, როგორც თქვეს, ნარკოტიკითო. არსებობს ღმერთი, ჩემი ცოლისთვის დაენანა ნარკოტიკის გაკეთება, ის ტკივილისგან მოკვდა. ალბათ, თავისთვის სჭირდებოდა, რაც მორჩებოდა. ჰოდა, ახლა ისიც მკვდარია და დამიჯერეთ, საერთოდ არ მეცოდება. მე არ მომიკლავს, თუმცა ამას სიამოვნებით ვიზამდი. რატომ ვიყავი იმ დღეს სოფელში? ექიმი ვნახე, ვუთხარი, შენს ადგილზე, ხალათს გავიხდიდი-მეთქი დ ისევ იმის მტკიცება დაიწყო, რომ მან ყველაფერი სწორად გააკეთა, რომ მისი ბრალი არ არის. წამოვედი, არ ვარ შინაგანად მკვლელი, თორემ მივახრჩობდი“,-განაცხადა კაცმა და ისიც თქვა, მოსაცდელში ვიღაც უცდიდა, ნერვიულად სცემდა ბოლთას, ადრე კი მინახავს ეგ კაცი, მაგრამ ვერ ვიხსენებ, ვინ იყო, მაგრამ არც ჩვენი სოფლელია, არც იმ სოფლელი, უფრო, რაიონში უნდა მყავდეს ნანახიო.
ექსპერტმა, რომელმაც ქალი გაკვეთა და დაადგინა, რომ ის ტკივილის შოკისგან გარდაიცვალა, უცნაური რამ თქვა - „რეალურად, ყველაფერი სწორად იყო გაკეთებული, დოზაც სწორად იყო შეშვებული ორგანიზმში, მაგრამ რატომღაც „მორფმა“ ისე არ იმოქმედა, როგორც უნდა ემოქმედა. ორი ვარიანტია - ან ვადაგასული იყო (რაც გადამოწმდა და გამოირიცხა), ან სუფთა „მორფი“ არ იყო და მასში სხვა ნივთიერება გახლდათ არეული“.
სამართალდამცავებს მორიგი თავსატეხი მიეცათ. მათ ამბულატორიიდან „მორფის“ ორი ფლაკონი აიღეს და ექსპერტიზაზე გაუშვეს. მიღებულმა პასუხმა ისინი კიდევ უფრო დააბნია. „მორფის“ ამპულაში, დაახლოებით, 20% იყო ნამდვილი „მორფი“, დანარჩენი კი უბრალო გამხსნელი გახლდათ ანუ ვიღაც „მორფს“ იღებდა და მის ნაცვლად, გამხსნელს ასხამდა. წესით, ის ვიღაც გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორ? ის ხომ „მორფის“ მომხმარებელი არ გახლდათ, რაც ექსპერტიზით დადასტურდა. ამასობაში, მამაკაცი, რომლის ცოლიც „ექიმის დაუდევრობით“ გარდაიცვალა, გამომძიებელს ეახლა.
„გამახსენდა... ის კაცი, ვინც მოსაცდელში ვნახე, რაიონში, მთავარი ექიმის საქმროა. ისიც გამახსენდა, რომ ამას წინათ, რაიონში ვიყავი ექიმთან და იქ ექთნები ჭორაობდნენ, ჩვენი მთავარი ექიმის საქმრო გაგიჟებულია, იმ სოფლის ექიმთან შეუსწრო საცოლეს და ახლა მოკვლით ემუქრებაო“,-განაცხადა მან.
სამართალდამცავებმა მამაკაცი დააკავეს, ხელი შეუმოწმეს და მარჯვენა მუშტზე მას სისხლჩაქცევები ეტყობოდა. როგორც ჩანს, გარდაცვლილს ყბაში სწორედ მან მოსდო, რაც არ დაუმალავს.
„დიახ, ჩამოვიდა და ჩემს საცოლეს თავბრუ დაახვია. იმ დღეს ოთახში შევედი, ეხვეოდა და კოცნიდა. იქ არ მინდოდა სკანდალის ატეხვა, მაგრამ დავპირდი, გნახავ-მეთქი, ვნახე და ყბაშიც მოვდე. გათიშული დაეცა, მაგრამ ნემსი და „მორფი“ არ გამიკეთებია, ამის არაფერი გამეგება. ოთახიდან რომ გამოვდიოდი, გზად ის მეორე შემხვდა, მეორე ექიმი, ის მიდიოდა მასთან ოთახში და იმას მოჰკითხეთ, რა მოხდა მერე“,-განაცხადა დაკავებულმა. სამართალდამცავებმა ერთმანეთს გადახედეს, სულ გამორჩათ მხედველობიდან, რომ ნარკოტიკებზე შეიძლებოდა გარდაცვლილის კოლეგას „ეჩალიჩა“, გარდაცვლილს ეს ყველაფერი გაეგო და... გამომძიებელმა გარდაცვლილის თანამშრომლის დაკავებისა და სოფელში, მისი სახლის ჩხრეკის ორდერი აიღო. სახლში რამდენიმე ფლაკონში დაფასოებული დიდი რაოდენობით „მორფი“ ნახეს, რითაც საქმე, პრაქტიკულად, გაიხსნა.
„სამედიცინოზე იმიტომ არ ჩამიბარებია, რომ მერე ისევ სოფელში დავბრუნებულიყავი. ამიტომ, როცა აქ გამანაწილეს, გადავწყვიტე, პრაქტიკის პერიოდში, ფული მეშოვნა და იდეალური ვარიანტი, სწორედ „მორფის“ მოპარვა და ნარჩენის გაზავება იყო. იმდენ „მორფს“ მოვაგროვებდი, რომ ქალაქში დაბრუნების შემდეგ, მისი გაყიდვით მიღებული ფულით ბინასაც შევიძენდი. ჩემს კოლეგას ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ის ქალი მოკვდა, თორემ სიმსივნიანებს რომ ვუკეთებდით, ეჭვი არ აუღია, ტკივილები ემატებათო, ამბობდა. აი, ის ქალი რომ მოკვდა, მერე მიხვდა და რამდენიმე ამპულა პირადად შეამოწმა. ძალიან გაბრაზდა, მითხრა, ყველაფერს დააბრუნებ და სამედიცინო სფეროდანაც წახვალო. რა უნდა მეთქვა, „იდეინი“ იყო, წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა. იმ დღეს, როცა ოთახში შევედი, იატაკზე უგონოდ ეგდო და ვიფიქრე, რომ ეს ჩემი შანსი იყო. დიდი დოზა „მორფი“ გავუკეთე“, -ასეთი იყო დაკავებულის მონათხრობი.
სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ავტორი-ბათო ჯაფარიძე
რატომ გაწირა ახალგაზრდამ კოლეგა სასიკვდილოდ
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი