ხუთი შეხვედრა დასჭირდა „ვალენსიას“ იმისთვის, რომ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოეპოვებინა. „ღამურებმა“ საკუთარ მოედანზე „ჟირონა“ მშრალი ანგარიშით, 2:0 დაამარცხეს და ეს იყო პირველი უგოლო შეხვედრა გიორგი მამარდაშვილისთვის. აკი, მატჩამდე ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა კიდეც ქართველმა კიპერმა, ეს მატჩი გარდამტეხი უნდა გახდეს, თორემ ხუთი ტურის შემდეგ, მოგება თუ არ გვექნება, სერიოზულ მიზნებზე ფიქრი შეგვიძლია დავივიწყოთო.
იტალიის სერია A-ს ცენტრალური შეხვედრა ტურინში შედგა, სადაც „იუვენტუსმა“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ უმასპინძლა. ტურინელები აქამდე გოლგაუშვებლად ასპარეზობენ და მათ ბურთი არც ამჯერად გაუშვეს, თუმცა ვერ გაიტანეს და მატჩი უგოლოდ დასრულდა. თავად კვარა აშკარად გადაღლილი იყო და როგორც მერე გამოჩნდა, ეს მწვრთნელმაც შენიშნა - ანტონიო კონტემ ქართველი შემტევი მეორე ტაიმის შუაწელს შეცვალა და ამით დასვენების შესაძლებლობა მისცა.
კატასტროფული მატჩი ჩაატარა ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“. უძლიერესთა შორის წელს დაბრუნებული კლუბი სტუმრად „ნიცას“ ხვდებოდა და ფრანგული პრესა ახლა იმაზე ფიქრობს, რა დაემართათ „სენტ ეტიენის“ ფეხბურთელებს ისეთი, რომ შეხვედრა აბსოლუტურად ყველამ, უბრალოდ, ჩააგდო. შეხვედრაში, საერთო ჯამში, 8 გოლი გავიდა და ყველა სტუმართა კარში.
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ საწყისი სამი ტურის შემდეგ, ბოლო სამ ტურში ვეღარ მოიგო და აგერ, გასულ უქმეებზეც დამარცხდა. ტრავმამოშუშებული ქართველი შემტევი მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იყო, თანაგუნდელთა შორის საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა, მაგრამ რად გინდა, მისმა გუნდმა 1:4 წააგო და ლიდერთა ჯგუფს ჩამორჩა.
ავტორი: ბათო ჯაფარიძე
როგორც იქნა, მამარდამ კარი მშრალად შეინახა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი