ყოფილი მაღალჩინოსნის კრიმინალური ვნებანი
ახლა მარტივად შეიძლება, უზარმაზარი ქონება გქონდეს საკუთრებაში და არავინ გკითხავს, ფული საიდან მოგაქვს. ადრე კი ყველაზე იაფფასიანი ავტომობილის ყიდვასაც სპეციალური ახსნა-განმარტება სჭირდებოდა, საიდან ყიდულობდი, როგორ ყიდულობდი... შესაბამისად, კაცი, რომელსაც სურდა, მანქანა ჰყოლოდა, წერდა, რომ ფულის ნაწილი ძმისგან, მშობლებისგან, ცოლის ნათესავებისგან, ან სულაც, მეზობლებისგან ისესხა, მაგრამ სესხიც გონივრული უნდა ყოფილიყო ანუ გამსესხებელს ბევრი არ უნდა მიეცა, თორემ მერე იმას მოუწევდა ახსნა, ფული საიდან. არადა, რეალურად, გადანახული თანხა, პრაქტიკულად, ყველას ჰქონდა, მაგრამ გამოჩენა ჭირდა. განსაკუთრებით ბევრი ფული სასტუმროების, რესტორნების, ქარხნების, საამქროების დირექტორებს გააჩნდათ. ზოგადად, ასეთი თანამდებობა საშვი იყო არა მარტო დიდ თანხებთან, არამედ, კარგ ცხოვრებასთან, საუცხოო კვებასთან, უცხოურ ტანისამოსთან, 7-მანეთიან „მარლბოროსთან“...
ადრე, ერთ-ერთი საკურორტო ზონა წყალტუბო იყო. პრინციპში, შეიძლება, ახლაც არის, მაგრამ მაშინ, კომუნისტების დროს, „ჩალიჩი“ უნდოდა საგზურს, კარგ ნომერს, კარგ ადგილს და ამიტომ, იყო სასტუმროების კატეგორია, სადაც პროლეტარიატის წარმომადგენლები ადგილს ვერასდროს იპოვნიდნენ, ხოლო მაღალჩინოსნებისთვის თავისუფალი ნომერი ყოველთვის მოიძებნებოდა. შესაბამისად, ასეთი სასტუმროს დირექტორობა პრივილეგია იყო. სასტუმროს შეფები მეგობრობდნენ ყველასთან - მინისტრთა კაბინეტის წევრებიდან დაწყებული, რიგითი საწარმოების დირექტორებით დამთავრებული. რა თქმა უნდა, არცთუ იშვიათად, სასტუმროს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ და ეს იმის მიუხედავად, რომ ძალოვნებს ცალკეც ჰქონდათ გამოყოფილი საკურორტო ზონები.
„აღარ ვიცი, რა ვქნა და რა გავაკეთო? ყოველდღე, ჩემს სასტუმროში საოცრებები ხდება, ხან ჭუჭყიანი თეთრეულია ტუალეტებში მიმოფანტული, ხან საკვებში ბღუჯა-ბღუჯა თმას პოულობენ, ხან - ეს და ხან - ის. ამას წინათ, ცეცხლიც კი გამიჩინეს და სასტუმრო გადაწვას გადარჩა. იცით, ეს რას ნიშნავს? ყველა გარბის, აღარავის უნდა ჩემთან, ყველა წუწუნებს, საყვედურს და შენიშვნას მეუბნება, აქაოდა, სასტუმროს ვეღარ უძღვებიო. რას ჰქვია, ვეღარ ვუძღვები? 12 წელი ვუძღვებოდი და ახლა მეშლება? არა, არაფერი მეშლება, უბრალოდ, ვიღაცას სურს, რომ აქედან კლიენტები წავიდნენ, ის კლიენტები, რომლებსაც წლების განმავლობაში, ასე სათუთად ვაგროვებდი, ასე წვალებით. თუ ასე გაგრძელდება, დამლაგებლების და მომსახურე პერსონალის გარდა, აქ არავინ დარჩება“, - უთხრა ერთ-ერთი სასტუმროს დირექტორმა დასასვენებლად ჩასულ გამომძიებელს და სთხოვა, თუ დამეხმარები დამნაშავის პოვნაში, ჩათვალე, მთელი ცხოვრება შეგეძლება ოჯახთან ერთად ჩამოხვიდე და აქ უფასოდ დაისვენოო.
გამომძიებელმა პირობა მისცა, აუცილებლად გავარკვევ შენს საკითხსო და თავისთვის გადაწყვიტა, ერთი-ორი დღე დავაკვირდები გარემოს, ამას, ალბათ, რაღაცები ეჩვენებაო, მაგრამ იმავე დღეს, სასტუმროს ერთ-ერთი საპატიო სტუმარი აყვირდა, ჩემს მეუღლეს ოქროულობა მოპარესო.
„როდემდე შეიძლება, ეს უმსგავსობა გაგრძელდეს? ეს სასტუმრო აღარ არის, ამას არ ჰქვია დასვენება. ჩემი ცოლის ოქროულობა, ათი ათას მანეთზე მეტი ღირებულების სამკაულები გაქრა. ვინ აანაზღაურებს, ვინ აგებს პასუხს“, - ყვიროდა დაზარალებული.
ეს კაცი ყოფილი მაღალჩინოსანი გახლდათ და მასზე ამბობდნენ, ძალიან მალე, ისევ კარგ თანამდებობას ჩააბარებენო. ცოლთან ერთად დასასვენებლად რომ ჩავიდა, მაშინვე თქვა, ეჭვი მაქვს, მალე ისეთ სამსახურში დამნიშნავენ, დასასვენებლად ვეღარ მოვიცლიო და მისი წარსულის გათვალისწინებით, ეს არ იყო უბრალო სიტყვები. გამომძიებელი საქმეში მთელი სერიოზულობით ჩაერთო და დაზარალებულის და მისი ცოლის დაკითხვა გადაწყვიტა. ამ მიზნით, მათი ოთახის კართან მივიდა და სანამ დააკაკუნებდა, იქიდან საუბარი გაიგონა. მიაყურადა და...
„არ გამიკვირდება, რომ ის ოქროული შენი მოპარული იყოს. ხომ ვიცი, ყველაფერზე ხარ წამსვლელი, ოღონდ კი ცარიელი გამიშვა“, - ამბობდა ქალი და ცოტა ისტერიკაც ჰქონდა. გამომძიებელმა კარზე დააკაკუნაა.
„არაფერია მოსაყოლი, მე და მეუღლე სადილისთვის გავედით, მერე ერთად ვისეირნეთ 15-20 წუთი და რომ დავბრუნდით, მან ოქროული ვეღარ ნახა. ახლა ჩემთან კი არ უნდა მოდიოდეთ, სასტუმროს დირექტორი უნდა გყავდეთ ერთი ადგილით დაკიდებული და ის უნდა გაძლევდეთ ახსნა-განმარტებებს. მე რატომ უნდა ვიცოდე, ვის შეიძლებოდა წაეღო ოქროული? ათასი ვიგინდარა დადის აქ და მე კიდევ მეგონა, კარგი, პრესტიჟული სასტუმრო იყო“, - ცხარობდა მამაკაცი.
გამომძიებელმა მისი მეუღლე მალევე დაიმარტოხელა და პირდაპირ ჰკითხა, რატომ გგონია, რომ შეიძ;რბა, ოქროული თქვენს ქმარს აეღოო.
„კი იცით, ჩემი მეუღლე უმუშევარია. განქორწინება გადაწყვეტილი გვაქვს წელიწადზე მეტია, უბრალოდ, ერთ ჭერქვეშ ვართ, თორემ არაფერი გვაკავშირებს. მთხოვა, სანამ არ დამნიშნავენ, მანამდე არ წახვიდეო, რადგან ოჯახის დანგრევის შემდეგ, დანიშვნა აშკარად არ ელოდება. ჰოდა, მეც ვითმენ და ველოდები ჩვენი შვილების ხათრით, იმათ რომ უზრუნველი მომავალი ჰქონდეთ. ჰოდა, ჩავთვალე, რადგან უნდა, რომ გავშორდეთ და თანახმაა, ბარემ ოქროულიც თავად მომპარა. შინაგანად მგონია, რომ მართლა მან მოიპარა, უფრო სწორად, მოაპარინა ვინმეს, თორემ ჩემი ხელით შევინახე ზარდახშაში და მერე სულ ერთად ვიყავით, წუთიც კი არ ყოფილა, ჩემი მხედველობის არეში რომ არ ყოფილიყო. ამიტომ, მგონია, რომ აქ ვიღაც თანამზრახველი ჰყავს და ყველა ნომერს თუ გაჩხრეკთ“, - აღარ დაამთავრა ქალმა, თუმცა ყველა ნომრის გაჩხრეკა, შესაბამისი სანქციის გარეშე, გამორიცხული იყო და ნებისმიერს რომ ეჩივლა, კარგი დღე არც სასტუმროს მეპატრონეს დაადგებოდა და არც - გამომძიებელს. ამიტომ, საჭირო იყო სხვა რამის მოფიქრება, შესაბამისად, სასტუმროს მეპატრონესთან საუბრის შემდეგ, გამომძიებელმა დამსვენებლების სახით, სასტუმროში 7 ოპერმუშაკი შეასახლა, რომლებსაც ყველასა და ყველაფრის თვალთვალი დაავალა. შედეგმა არ დააყოვნა და სამი დღის შემდეგ, ოპერმუშაკებს სამი ეჭვმიტანილი ჰყავდათ. სამიდან ორი ნაკლებად საინტერესო იყო, ისინი ჩვეულებრივი დამსვენებლები გახლდნენ და შესაბამისად, ინტერესიც არ უნდა ჰქონოდათ, უბრალოდ, შეგნებულად ანაგვიანებდნენ საპირფარეშოსაც და გარემოსაც, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ეს იმის ბრალი ყოფილიყო, რომ მათ შინაგანი კულტურა არ გააჩნდათ. აი, მესამე, ის კაცი იყო, რომლის ცოლსაც ოქროულობა მოპარეს. მან სასტუმროს უკან, სათავსოში, ხელსახოცი ქაღალდების გროვა დაყარა, შუაში კი, მოკიდებული სიგარეტი ჩააგდო, კარი მიხურა და არხეინად დაელოდა, როდის გაივსებოდა იქაურობა კვამლით, მერე კი, ხმაური ატეხა, მგონი, გვწვავენო.
გამომძიებლის გადაწყვეტილებით, ყველა ოპერი სწორედ ამ ერთ კაცზე გადაერთო და სწორედ მას უთვალთვალებდა. ერთი შეხედვით, თითქოს, ის სხვებისგან არაფრით განსხვავდებოდა, მაგრამ ეს ერთი შეხედვით - მუდმივად ცდილობდა, სადმე რამე გაეფუჭებინა, ხოლო როცა ორიოდე დღის შემდეგ, ქალაქში წავიდა და მაღაზიაში თაგვის წამალი იყიდა, ძალოვნები დაიძაბნენ. იმავე საღამოს, ვახშმამდე ცოტა ხნით ადრე, მამაკაცი სასადილოსთან წრიალებდა, შემდეგ, მომენტი ნახა, სასადილოში შევიდა და ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა თავად დაინახა, როგორ ჩააგდო იმ ქვაბში რაღაც, სადაც დამსვენებლებისთვის ვახშამი მზადდებოდა. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა, მამაკაცი დააკავეს, მზარეულებს კი, იმ ქვაბიდან საკვების გამოყენება აუკრძალეს და ესქპერტიზაზე გაგზავნეს.
„დამალვას რა აზრი აქვს, ექსპერტიზა მაინც აჩვენებს, რომ ქვაბში თაგვის საწამლავი ჩავყარე. ჩავყარე იმდენი, რომ დამსვენებლებს მუცელი სტკენოდათ, მაგრამ არ მომკვდარიყვნენ. ჰო, ყველაფერს მე ვაფუჭებდი, ცოლის ოქროულიც მე მოვიპარე, უფრო სწორად, ჩემი ძმაკაცის შვილს მოვაპარინე და თბილისში გავატანე, აქ დამსვენებლის რანგში გახლდათ. რატომ ვაკეთებდი ამას? სასტუმროს დირექტორობა მინდოდა, აქ, წყალტუბოში და მითხრეს, ვერავის მოვხსნით, თუ საფუძველი არ გვექნებაო. გადავწყვიტე, საფუძველი თავად შემექმნა და ალბათ, გამომივიდოდა კიდეც, რომ არა თქვენი მონდომება“, - განაცხადა დაკავებულმა.
როცა სასტუმროს მეპატრონემ გაიგო, ვინ იყო მთავარი დამნაშავე, გადაირია, ყველაზე ვიფიქრებდი, მაგაზე არა, რადგან წლებია, ჩემთან დადის, ოჯახებით ვმეგობრობთ, ლამის, დავნათესავდით კიდეც, ვაპირებდი, ჩემი შვილიშვილი მოენათლა და ახლა კიდევ, რა გამოდის, ჩემს მოხსნას გეგმავდაო. გამომძიებელმა დედაქალაქში დარეკა, იკითხა, საქმე ოფიციალურად აღეძრა თუ არა და... თბილისიდან თქვეს, რომ დამნაშავე უნდა დასჯილიყო. სასტუმროს მეპატრონეს განცხადება იმ დღესვე დააწერინეს და საქმეს ოფიციალური მსვლელობაც მისცეს. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ახალი სამსახურის ნაცვლად, ყოფილმა მაღალჩინოსანმა ექვსწლიანი სასჯელი მიიღო.
ავტორი: ბათო ჯაფარიძე