სექსუალური ტრეფიკინგი, რეკეტი, შანტაჟი და ნარკოძალადობა - სკანდალი, რომელმაც მსოფლიო შეძრა
პლანეტას არაერთი სკანდალი და ხმაურიანი საქმე ახსოვს, მაგრამ ის, რაც ჰოლივუდის ვარსკვლავებზე ამ დღეებში გახდა ცნობილი, შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე დიდ სკანდალად ჩაითვალოს. დიახ, ესაა საქმე, რომელზეც ყველა - დიდი თუ პატარა საუბრობს და ესაა საქმე, რომელზეც ამბობენ, რომ შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზეც კი იმოქმედოს. მაინც, რა მოხდა ჰოლივუდში? სექსუალური ტრეფიკინგი, რეკეტი, შანტაჟი, ძალადობა - მოკლედ ასე შეიძლება აღვწეროთ მომხდარი, თუმცა მოდით, ყველაფერს დაწვრილებით მივყვეთ. სხვათა შორის, საქმის ფიგურანტთა სიაში პოლიტიკოსებიც ფიგურირებენ. და მაინც, რა ხდება რეალურად და რას იძიებს შეერთებული შტატების საგამოძიებო უწყება?
სკანდალის მთავარი გმირი ამერიკელი რეპერი პაფ დედია, რომელიც მხოლოდ მუსიკოსი არ არის, Paff Daddy - იგივე „დიდი“ გავლენიანი პროდიუსერიცაა, რომელიც შოუბიზნესში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ის თანამშრომლობდა უამრავ ვარსკვლავთან, მათ შორის - მერაია ქერისთან, აშერთან, ჯასტინ ბიბერთან, მერი ჯეი ბლაიჯისა და სხვა არტისტებთან.
უფლებადამცველმა მედიას ის ბრალდებები გააცნო, რომელიც ტალია გრეივს, ცნობილი რეპერის, პაფ დედის წინააღმდეგ აქვს შეტანილი. დანაშაულების ჩამოთვლის დროს, მსხვერპლი ატირდა - 20 წლის წინ ჩადენილი ძალადობის კვალი გრეივის მენტალური ჯანმრთელობისთვის უკურნებელ სენად იქცა.
გამოცემა „გარდიანსი“ აქვეყნებს სარჩელის დეტალებს, სადაც დაწვრილებით არის მოთხრობილი, როგორ მიიყვანა მოტყუებით ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა რეპერმა და პროდიუსერმა ტალია საკუთარ სტუდიაში, გაუფრთხილებლად ჩაუყარეს მას ალკოჰოლურ სასმელში ნარკოტიკული საშუალებები და როდესაც ქალმა თვალი გაახილა, ის სრულიად შიშველი, ხელებშეკრული აღმოჩნდა P. Diddy-სა და მისი დაცვის თანამშრომლის, შერმანის წინაშე. ცემისა და სექსუალური ძალადობის შესახებ, მაშინ ქალს ხმამაღლა არაფერი უთქვამს, რადგან შვილზე მეურვეობის ჩამორთმევით დაემუქრნენ.
„ეს არის ტკივილი, რომელიც სულის სიღრმემდე გტკივა და არასოდეს გტოვებს, ამ ტკივილში ყველაზე რთული არის სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა, ეს ყველაფერი თავს გაუფასურებულად მაგრძნობინებს, გარიყულად. იმდენად იზოლირებული ვარ, რომ შიშები მაქვს სახლიდან გავიდე, ამ ტრავმამ გამიჩინა მენტალური პრობლემები, დეპრესია და შფოთვები, ნდობა დავკარგე ყველას მიმართ“, - განაცხადა ტალიამ.
გრეივს გამბედაობა, რომ სარჩელი შეეტანა, აღმოაჩნდა მაშინ, როდესაც პაფ დედი დაიჭირეს. გამოძიება მისი ძალადობრივი ცხოვრების დეტალებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გასული წლის ნოემბერში, დიდის შეყვარებულმა, კესი ვენტურმა სარჩელი შეიტანა, თუმცა განხილვის დაწყებამდე, მან პროკურატურას უთხრა, რომ პარტნიორთან მოგვარდა და სარჩელი უკან გაითხოვა.
კესის წინააღმდეგ, გასულ წელს, დიდი და მისი გარემოცვა ავრცელებდნენ ხმებს, რომ ქალს, თითქოს, თანხის გამოძალვა სურდა და ამიტომ დასდო ბრალი, თუმცა ყველაფერი ნათელი CNN-ის ექსკლუზივის შემდეგ გახდა - ვიდეო სასტუმროს კამერებიდან ამოიღეს, სადაც აშკარად ჩანს, ფიზიკურად როგორ უსწორდება რეპერი კესის. მასალა 2016 წლითაა დათარიღებული, რაც ამყარებს ქალის მონათხრობს, რომ დიდი მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა. გავრცელებულ ვიდეოზე მძიმეა კესის მხრიდან სხვა ბრალდებები, რაც გულისხმობს ძალდატანებით ნარკოტიკების მიღებასა და სექსმუშაკებთან ურთიერთობის დამყარებას, რასაც დიდი, ასევე, ვიდეო კამერებით იღებდა.
რეპერის დაჭერის შემდეგ, თითქოს შიშის ფაქტორი გაქრა, რადგან კიდევ არაერთმა დაზარალებულმა ამოიღო ხმა. მათ შორისაა, პროდიუსერი ლილ როდიც. გავლენიანი მუსიკალური გამოცემა „როლინგ სთოუნსი“ აქვეყნებს ლილ როდისთან ინტერვიუს და 73-გვერდიანი სარჩელის დეტალებს, სადაც დიდის მხრიდან ლილ როდიზე ძალადობის ფაქტებია აღწერილი.
ლილ როდი ასევე ამხელს: ერთ ეპიზოდში, დიდმა დაიტრაბახა, რომ მას ცნობილ მომღერლებთან ჰქონია სექსუალური კავშირი, მათ შორის, აშერთან, რის შემდეგაც არქივიდან არაერთი ვიდეო გაიხსენეს სოციალურ ქსელებში. ასე, მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ აშერი 48 საათით გადასცემს პაფ დედის ცნობილ მომღერალ ჯასტინ ბიბერს. „გადასცემს“ ნიშნავს, რომ დიდი 15 წლის ჯასტინთან დედი გაატარებს ორ დღეს. რა მოხდა იმ ორი დღის განმავლობაში, ეს გამოძიების საკითხია და ამაზე მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ, თუმცა ფაქტია, რომ ჯასტინ ბიბერის მენტალური მდგომარეობა მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მომღერალი ბევრს საუბრობს დეპრესიაზე, შფოთვებსა და შიშებზე, რომელიც თავს არ ანებებს. ოთხი წლის წინ არის ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც ჯასტინს ბილი ეილიშთან ურთიერთობის შესახებ ეკითხებიან. პასუხის დროს, ჯასტინს უჭირს ემოციების შეკავება.
ლეონარდო, ჯეიზი, ბიონსე, ჯეილო - სია ძალიან დიდია მათი, ვინც დიდის წვეულებებს ესწრებოდა. წვეულება ორი ნაწილისგან შედგებოდა, პირველი ოფიციალური იყო, რომელსაც ზოგჯერ მედიაც აშუქებდა და საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა, თუმცა მისი ე.წ. აფთერ ფართი მოიხსენიება, როგორც „ფრიკოფ ფართები“, სადაც ამოღებული ნივთმტკიცებულებიდან გამომდინარე ნათელია, რომ სექსუალურ და ძალადობრივ აქტებს ჰქონდა ადგილი. ორგიებში ზოგი ნება-სურვილით მონაწილეობდა, უმეტეს შემთხვევაში კი, როგორც ამ დრომდე შეტანილ არაერთ სარჩელშია ნათქვამი - მოტყუებით მიღებული ნარკოტიკული საშუალებების გავლენით უწევდათ წვეულების მონაწილეებს დარჩენა. ტერაბაიტობით ვიდეო მასალაა ამოღებული დიდის სახლიდან.
სექს-ტრეფიკინგი, რეკეტების მოწყობა, პროსტიტუციაში ქალების იძულებით ჩათრევა, ასევე საერთაშორისო საზღვარზე ადამიანების გადმოყვანა და პროსტიტუციაში ჩათრევა - ეს არის ის ბრალდებები, რის გამოც დიდი დააკავეს. მან, გირაოს სახით, პროკურატურას 50 მილიონი და როგორც საკუთარი, ისე ოჯახის წევრების საბუთების ჩაბარება შესთავაზა, მაგრამ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. დიდი უარს ამბობს საპყრობილეში საკვების მიღებაზე, რადგან, როგორც ამბობს, ეშინია, არ მოწამლონ.
მტკიცებით ფორმაში დღეს ვერავინ იტყვის, ცნობილი სახეებიდან ვინ რჩებოდა და ვინ, რა სახით მონაწილეობდა ყველაფერ ამაში, რადგან გამოძიებას მათი სახელები არ გამოუაშკარავებია. დიდის წვეულებები, რომელიც 1998 წლიდან იმართებოდა, იყო ძალიან პრესტიჟული და ბევრი მასზე დასწრებაზე ოცნებობდა. შესაბამისად, შესაძლოა, ფავორიტი ვარსკვლავები აღმოვაჩინოთ ფოტო თუ ვიდეო მასალაში, მაგრამ ბავშვობისდროინდელი თუ ამჟამინდელი წარმოდგენები საყვარელ მუსიკოსებზე თუ მსახიობებზე, გამოძიების დასრულებამდე თავზე ნუ ჩამოგვენგრევა, რადგან შესაძლოა, ისინი წვეულების ოფიციალურ ნაწილს ესწრებოდნენ და არაფერი იცოდნენ „ფრიკ ოფზე“.
- Diddy-ს წინააღმდეგ შეტანილი ფედერალური საჩივრები
Cassie (Casandra Ventura) შონ კომბსის ყოფილი მეგობარი გოგონაა და სწორედ კასიამ, პირველმა შეიტანა მის წინააღმდეგ სარჩელი, რომელმაც ამ ყველაფრისთვის „სტარტის“ ღილაკი აამოქმედა.
კასია ვენტურამ, 2023 წლის ნოემბერში, შონ კომბსის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა - ის P. Diddy-ს გაუპატიურებასა და მრავალწლიან ძალადობაში ადანაშაულებდა. აღსანიშნავია, რომ Cassie-მ 24 საათში, მეორე დღესვე, სარჩელი გამოიტანა და განაცხადა, რომ ის და P. Diddy შეთანხმებამდე მივიდნენ. თუმცა, სწორედ კასიას სარჩელს მოჰყვა ათობით სხვა ადამიანების საჩივრები.
„გადავწყვიტე, საკითხი მშვიდობიანი გზით მომეგვარებინა“, - განაცხადა მაშინ კასიამ CNN-თან.
კასანდრა ვენტურას მიერ გამოტანილი საჩივრის შემდეგ, შონ კომბს კიდევ ორმა ქალმა უჩივლა სექსუალურ ძალადობაში. Joi Dickerson-Neal-მა მასთან მუსიკალური კლიპის გადაღებებში მიიღო მონაწილეობა. ჯოიმ სარჩელში განაცხადა, რომ P. Dddy-მ მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუყარა, რის შემდეგაც მასზე იძალადა - დიკერსონ-ნილის თქმით, ინციდენტი 1991 წელს მოხდა. ასევე, ჯოიმ აღნიშნა, რომ P. Diddy-მ მასზე ძალადობა კამერით გადაიღო და ვიდეომასალა სხვებს აჩვენა.
მეორე - Liza Gardner-მა, P. Diddy და Aaron Hall-ი ფიზიკურ ძალადობასა და სექსუალურ თავდასხმაში დაადანაშაულა, რომელიც 1990 წელს მოხდა. ლიზა მაშინ 16 წლის იყო. თავდაპირველად ლიზამ სარჩელი ანონიმურად შეიტანა, თუმცა შემდგომ საჩივარში ცვლილებები შეიტანა - დაამატა ვინაობაც და ახალი დეტალები. შონ კომბსმა ორივე ბრალდება უარყო.
2023 წლის დეკემბერში, ანონიმურმა ქალმა, ფსევდონიმით - „Jane Doe“ ფი დიდისა და კიდევ ორ პიროვნებაზე ფედერალური სარჩელი შეიტანა, სადაც ისინი სექსუალურ ვაჭრობასა და ჯგუფურ გაუპატიურებაში დაადანაშაულა. სავარაუდო თავდასხმის დროს, 2003 წელს, „Jane Doe“ 17 წლის იყო. საჩივარში აღნიშნული იყო, რომ კომბსმა სკოლის მოსწავლე სექს-ვაჭრობის სქემაში ჩაითრია, რომელიც მოიცავდა „მისთვის ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ალკოჰოლის მიწოდებას და გადაყვანას მისი კერძო თვითმფრინავით ნიუ-იორკში, სადაც გოგონაზე ჯგუფურად იძალადა სამმა პირმა, შონ კომბსის სტუდიაში“.
2023 წლის თებერვალი - Rodney „Lil Rod“ Jones, კომბსის ყოფილი ვიდეოგრაფი და მუსიკალური პროდიუსერი, ფედერალურ საჩივარში P. Diddy-ს გამოძალვაში, სექსუალურ ძალადობასა და ტრეფიკინგში ადანაშაულებს. როდნი ჯონსმა ასევე განაცხადა, რომ P. Diddy მას აიძულებდა, მოეძებნა და კომუნიკაცია დაემყარებინა სექს-ინდუსტრიის მუშაკებთან, ემუქრებოდა მას და წვეულებებზე სტუმრებს ნარკოტიკული საშუალებებით გაჯერებულ ალკოჰოლურ სასმელებს სთავაზობდა. ჯონსის თქმით, მას აქვს ვიდეო და აუდიო მასალა, რომელზეც ჩანს, რომ მუსიკოსი და მისი თანამშრომლები „სერიოზული არაკანონიერი საქმიანობით“ არიან დაკავებულები.
ამ და სხვა საჩივრებს ასევე ემატება, 4 აპრილს შეტანილი სარჩელი P. Diddy-ს შვილის წინააღმდეგ. საქმის ფარგლებში, მოპასუხედ სწორედ P. Diddy დაინიშნა. გრეის ო’მარკეიმ ქრისტიან კომბსი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. სავარაუდო დანაშაული 2022 წლის დეკემბერში მოხდა, როდესაც ის კომბსის ოჯახის იახტაზე მუშაობდა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დანაშაულზე, შონ კომბსის უფლებადამცველი აცხადებდა, რომ აღნიშნული საჩივრები სიმართლეს არ შეესაბამება.
17 მაისს, CNN-მა გამოაქვეყნა ვიდეო-მასალა სასტუმროს ფარული კამერებიდან, რომელიც 2016 წლით თარიღდება, სადაც ჩანს, რომ P. Diddy სასტიკად უსწორდება Cassie Ventura-ს. ვიდეოს გავრცელებიდან ორ დღეში, 19 მაისს, P. Diddy-მ ვენტურაზე განხორციელებულ ძალადობაზე საჯაროდ მოიხადა ბოდიში. მოგვიანებით, მან საბოდიშო ვიდეოპოსტი „ინსტაგრამიდან“ წაშალა.
21 მაისს, Crystal McKinney - ყოფილი მოდელი და MTV-ს კონკურსების გამარჯვებული, პაფ დედის სექსუალურ თავდასხმაში ადანაშაულებს. ფედერალურ სარჩელში ის განმარტავს, რომ შემთხვევა მამაკაცთა მოდის კვირეულის ღონისძიების შემდეგ, ნიუ-იორკში მოხდა. იმ დროისთვის, ყოფილი მოდელი 22 წლის იყო.
23 მაისს, April Lampros-მა, რომელმაც კომბსი 1994 წელს გაიცნო, ფი დიდდი სექსუალურ თავდასხმაში, ფიზიკურ ძალადობაში, ემოციური სტრესის მიყენებაში დაადანაშაულა. ლამპროსმა კომბსს დანაშულის ოთხ ეპიზოდში დასდო ბრალი, რომლებსაც 1990-დან 2000-მდე წლებში ჰქონდა ადგილი.
CNN-ის წყაროების მიხედვით, მოსარჩელეების უმეტესობა ფედერალურმა გამომძიებლებმა დაკითხეს. ზოგიერთმა მათგანმა ფედერალებს მტკიცებულებები გადასცეს, რომლებიც გამოძიებას დაეხმარება.
3 ივლისს, Adria English, 18+ ფილმების ყოფილი მსახიობი, შონ კომბსს ტრეფიკინგსა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ფედერალურ სარჩელში წერია, რომ მას „იყენებდნენ სექსუალურ პაიკად სხვების სიამოვნებისა და ფინანსური სარგებლისთვის“ წვეულებების დროს, რომლებიც კომბსის სახლებში იმართებოდა. სარჩელში აგრეთვე აღინიშნება, რომ კომბსი ანდრია ინგლიშს „პროსტიტუციასა და ტრეფიკინგით დაკავებას“ აიძულებდა 2006-2009 წლებში.
11 სექტემბერს, მუსიკოსი Dawn Richards-ი, მუსიკალური ჯგუფის Danity Kane-ის ყოფილი წევრი, P. Diddy-ს ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ასევე, მან განაცხადა, რომ მოწმე იყო იმისა, თუ როგორ „სასტიკად უსწორდებოდა“ კომბსი ქეისი ვენტურას, როდესაც წყვილი ერთმანეთს 2000-იან წლებში ხვდებოდა.
16 სექტემბერს, 54 წლის რეპერი ნიუ-იორკში დააკავეს. ლოს-ანჯელესსა და მაიამიში, P. Dddy-ს სახლების ჩხრეკისას, ფედერალებმა ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის, სამი „AR-15“ ამოიღეს, რომლებსაც წაშლილი ჰქონდათ სერიული ნომრები, ასევე ამოიღეს საბავშვო ზეთებისა და ლუბრიკანტების ათასამდე ბოთლი, ნარკოტიკული საშუალებები და მრავალი „სათამაშო ზრდასრულთათვის“.
- P. Diddy-ს ბრალი ედება „კრიმინალური დაჯგუფების“ შექმნაში, გაუპატიურებაში, პროსტიტუციის ხელშეწყობაში, ნარკოტიკების გასაღებაში, ძალდატანებით შრომაში, გატაცებებში, ხანძრებში, ფიზიკურ, ემოციურ და ვერბალურ ძალადობაში, გამოძალვასა და არასრულწლოვნების ექსპლუატაციასა და ძალადობაში. CNN-მა ასევე გამოაქვეყნა სასამართლო ბრალდების 14-გვერდიანი დოკუმენტები.
პროკურორების მტკიცებით, ათწლეულების განმავლობაში, მუსიკოსი ძალადობდა ქალებზე და საკუთარი „ქსელის“ სხვა წევრებზე, რათა „საკუთარი სექსუალური ფანტაზიები დაეკმაყოფილებინა, დაეცვა საკუთარი რეპუტაცია და ჩადენილი დანაშაულები დაეფარა“. ამას გარდა, პროკურორები ადანაშაულებენ შონ კომბსს ხანგრძლივი სექსუალური ხასიათის ღონისძიებების ორგანიზებაში, სადაც ის ღონისძიებების წევრებს ნარკოტიკული ნივთიერების - „Freak Offs“-ის ზემოქმედების ქვეშ ამყოფებდა.
ამ დროისთვის, P. Diddy ბრუკლინის ფედერალურ საპატიმროში იმყოფება, სადაც ელოდება სასამართლო პროცესების დაწყებას, რომელიც 9 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
ფი დიდდის ადვოკატებს უკვე ორმა მოსამართლემ უთხრა უარი 50 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოზე. ასევე, მას უარი ეთქვა შინა პატიმრობაზეც.
გავრცელებული ინფორმაციით, შონ კომბსმა საპატიმროში საკვების მიღებაზე უარი თქვა და შიმშილობა დაიწყო. მან განაცხადა, რომ მოწამვლის ეშინია.