აბა, კანონი ყველასთვის კანონიაო?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამი თვის წინ, კრივში, სუპერმძიმე წონაში აბსოლუტური ჩემპიონი უკრაინელი ალექსანდრ უსიკი გახდა. მან ლეგენდარული ტაისონ ფიური დაამარცხა და კრივის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ქამარი შემოირტყა წელზე. ჰოდა, უკრაინელი ჩემპიონი გასულ კვირას, პოლონელმა სამართალდამცავებმა დააკავეს.

„ავტომობილი, რომელსაც უსიკი მართავდა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ის არ დაემორჩილა სამართალდამცავების მოწოდებას, არ შეაჩერა მანქანა და განხორციელდა დევნა, რის შემდეგაც უსიკი დავაკავეთ“, - განაცხადეს პოლონელმა სამართალდამცავებმა.

დაკავებულმა უსიკმა ერთი ზარის უფლება ითხოვა და პირდაპირ ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა.

„ველაპარაკე ტელეფონით ალექსანდრ უსიკს, როცა ის დაკავებული იყო. აღშფოთებული ვიყავი ჩვენი ქვეყნის მოქალაქისა და ჩემპიონის მიმართ ამგვარი მოპყრობით. დავავალე უკრაინის შს და საგარეო საქმეთა მინისტრებს, დაუყოვნებლივ გარკვეულიყვნენ ინციდენტის ყველა დეტალში. როგორც მაცნობეს, ახლა ყველაფერი კარგადაა, ჩვენი ჩემპიონი გაუშვეს და მას აღარავინ დააკავებს“, - დაწერა ოფიციალურ გვერდზე ზელენსკიმ.

სხვისი რა გითხრათ და, ჩვენი აზრით, კანონი როგორც ჩემპიონისთვის, ისე რიგითი ადამიანებისთვისაც ერთი უნდა იყოს და სამართალდარღვევის გამო, პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვისაც პრეზიდენტთან დარეკვა შეუძლია და არ შეუძლია.