კავშირი ტრამპთან და KFC-ს კომპანიები ბრიტანეთში - ვინ არის აზერბაიჯანელი მაგნატი ანარ მამედოვი?

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აზერბაიჯანელი მაგნატი ანარ მამედოვი მრავალი წლის განმავლობაში ცნობილი იყო, როგორც დონალდ ტრამპის პარტნიორი ბაქოში ცათამბჯენის მშენებლობის საკითხში.

ის მილიონობით დოლარს ხარჯავდა აშშ-ის ოფიციალური პირების ინტერესთა ლობირებაში და დიდ მოგებას იღებდა აზერბაიჯანის იმ სამინისტროდან მიღებული სარფიანი სახელმწიფო შეკვეთების რეალიზებით, რომელსაც მისი მამა, რესპუბლიკაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მოხელე, ზია მამედოვი ედგა სათავეში.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ბაქოში დაწყებული Trump Tower-ის პროექტიც ჩავარდა და ვაშინგტონში ხელგაშლილი ლობისტური საქმიანობაც ჩაკვდა, მამედოვმა სხვა მეთოდს მიაგნო თავისი მნიშვნელოვანი ქონების საქმეში ჩასადებად.

როგორც რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის მიერ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ ცხადყო, 43 წლის მამედოვმა მილიონობით დოლარი ჩადო ინგლისის ტერიტორიაზე ამერიკული სწრაფი კვების კომპანიის KFC-ს ქსელის განვითარებაში, რასაც რთულ ოფშორულ ფინანსურ სტრუქტურებში თავისი მონაწილეობით ფარავდა.

KFC-ს ქსელში ანარ მამედოვის ინვესტიცია დიდ ბრიტანეთში მისი ბიზნესის საერთო პორტფელისა და უძრავი ქონების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს. 30 მილიონ დოლარად შეფასებული უძრავი ქონება, ბრიტანეთის მიწის რეესტრის თანახმად, ლონდონის ზოგიერთ ყველაზე მდიდრულ ქუჩებზე მდებარეობს. ამ მონაცემებს, რომელიც „ტრანსპარენსი ინტერნეიშენალ დიდმა ბრიტანეთმა“ მოიპოვა, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურიც გაეცნო.

"ღმერთი ყველაფერს ხედავს"

ბრიტანეთში ანარ მამედოვის კუთვნილი უძრავი ქონების დიდი ნაწილი იმ დროს იქნა შეძენილი, როდესაც მისი მამა, ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანში ტრანსპორტის მინისტრად 15 წლის განმავლობაში მუშაობდა. ზია მამედოვი, რომლის კორუმპირებულობაზე აზერბაიჯანშიც და მის ფარგლებს გარეთაც ლეგენდები დადიოდა, თანამდებობიდან 2017 წელს ქვეყნის ავტორიტარმა პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გადააყენა.

ცნობილია, რომ ალიევის ახლო ნათესავებსაც აქვთ ასობით მილიონი დოლარი ჩადებული დიდ ბრიტანეთში არსებულ უძრავ ქონებაში.

მამედოვების ოჯახის სიმდიდრის თაობაზე შეკითხვები ადრეც არაერთხელ დასმულა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირების მხრიდან. ბოლო წლებში კი გაერთიანებულმა სამეფომ გააძლიერა იმ სავარაუდო უკანონო ქონების კონტროლი, რომელიც ქვეყანაში თავს იყრის გარედან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ქვეყნიდან, რომელიც „ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის“ მიერ შედგენილი კორუფციის აღქმის ინდექსში სტაბილურად იკავებს ბოლო ადგილებს.

მას შემდეგ, რაც 2022 წლის ბოლოს აზერბაიჯანულ მედიაში პირველად გაჩნდა ცნობა მამედოვ უმცროსის მიერ დიდ ბრიტანეთში KFC-ს რესტორნების შეძენის თაობაზე, მისმა მამამ, ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა, ზია მამედოვმა ეს ცნობა გადაჭრით უარყო და განაცხადა, რომ ჩემი შვილი გაერთიანებულ სამეფოში ერთ რესტორანსაც კი არ ფლობსო.

„ვინც ეს ცნობა დაწერა, წავიდეს და იპოვოს ეს რესტორანი. და მაშინ ამ ადამიანს ვაჩუქებ ამ რესტორანს. ისინი სისულელეებს წერენ, ასე გრძელდება უკვე 30 წელიწადი. ანარს არ აქვს რესტორანი ბრიტანეთში“, - მოჰყავს აზერბაიჯანის პროსამთავრობო ახალი ამბების სააგენტო Manset-ს ზია მამედოვის სიტყვები.

მაგრამ რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადყო, რომ ანარ მამედოვი KFC-ს სულ მცირე 20 რესტორანს ფლობს ინგლისის ჩრდილო-დასავლეთში მას შემდეგ, რაც ანონიმური ოფშორული ზონიდან 10 წლის წინ დაიწყო პირველად ამ სარესტორნო ბიზნესში ფულის ინვესტირება.

მამედოვ უმცროსის პოლიტიკური კავშირები და მისი სიმდიდრის წარმომავლობა ადრეც იწვევდა დასავლელი კანონმდებლებისა და მარეგულირებელი ორგანოების შეშფოთებას.

აზერბაიჯანის 62 წლის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელიც 2003 წელს მისი მამის პოლიტიკური მემკვიდრე გახდა, კიდევ უფრო გააძლიერა დინასტიური მმართველობა გაზითა და ნავთობით მდიდარ სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკაში. სწორედ ილჰამ ალიევის მმართველობის პერიოდში დააგროვეს დიდძალი ქონება მისმა ნათესავებმა, რომლებიც უხვად სარგებლობენ სახელმწიფო შეკვეთებით ისეთ მსხვილ სექტორებში, როგორიცაა ავიაგადაზიდვები, მშენებლობა და ბუნებრივი რესურსები.
„ეკონომიკაში დომინირებს ხელისუფლებასთან დაახლოებული საჰოლდინგო კომპანიების მცირე ჯგუფი“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შარშანდელ ანგარიშში, რომელიც აზერბაიჯანში არსებულ პოლიტიკურ კლიმატს აფასებს.

ილჰამ ალიევი და მასთან პოლიტიკურად დაკავშირებული სხვა აზერბაიჯანელი ინსაიდერები უარყოფენ ბრალდებას, თითქოს ქონება ნათლიმამური ურთიერთობების წყალობით დაეგროვებინოთ.

ამასთანა არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულება, რომ ზია და ანარ მამედოვები რაღაც ფორმით მაინც შესჯახებოდნენ კორუფციაში ბრალდებას.

„ფულის გათეთრებისა და აზერბაიჯანელთა მხრიდან გადასახადების თავის არიდების შესახებ“ ბრიტანეთის პარლამენტში 2017 წელს გამართული დებატების მსვლელობაში, ბრიტანეთის პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ ანარ მამედოვი სულ რაღაც 20 წლისა იყო, როდესაც ლონდონის ფეშენებელურ, ბიშოპს ავენიუზე 4 მილიონად შეფასებული სახლი შეიძინა. ეს უძრავი ქონება დღემდე მისი კუთვნილებაა და მას შემდეგ, უძრავი ქონების შესახებ არსებული ერთ-ერთი საიტის მიხედვით, 15 მილიონ დოლარად იქნა შეფასებული.

ანარ მამედოვმა არ უპასუხა რადიო თავისუფლების რედაქციის თხოვნას, გაეკეთებინა კომენტარი თავისი უძრავი ქონების პორტფელისა და ინგლისურ ქალაქებში მის მფლობელობაში არსებული KFC-ს რესტორნების შესახებ. ეს ქალაქებია: ლივერპული, უიგანი, ბოლტონი და პრესტონი.

ტელეფონით დაკავშირება მოხერხდა მხოლოდ ზია მამედოვთან, რომელმაც უარი თქვა კომენტარზე მისი მისამართით აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრობის პერიოდში კორუფციასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებზე.

„ვისაც რა უნდა, ის თქვას. ღმერთი ყველაფერს ხედავს“, - განაცხადა მამედოვმა უფროსმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

ტრამპის სასტუმროდან შემწვარ ქათმებამდე
ანარ მამედოვმა ბრიტანულ ქათმის "ფასთფუდში" ინვესტირება პირველად 2013 წელს დაიწყო, როდესაც შეიძინა KFC-ს ოპერატორი, დღეისთვის ცნობილი როგორც კომპანია 1st Rate Investment (UK) Limited-ი.

შეძენის შემდგომი წლების ფინანსურ დოკუმენტებში თავდაპირველად დედობილ კომპანიად მოხსენიებული იყო ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების ოფშორული კომპანია, საბოლოო ბენეფიციარის გასწვრივ კი ეწერა „უცნობი“ კომპანია. 2016 წლის ნოემბერში, ანუ სამი წლის თავზე, რაც მამედოვმა კომპანია 1st Rate Investment-ი შეიძინა, - კომპანიამ თავის საბოლოო ბენეფიციარად მიუთითა „ა. მამედოვი“.

პირველადი ინვესტიციების მომენტისათვის მამედოვსა და მის ოჯახს უკვე ჰქონდათ დაგროვებული დიდი ქონება, ნაწილობრივ სწორედ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან სიახლოვის შედეგად მიღებული სარფიანი სახელმწიფო კონტრაქტების წყალობით. მათ შორის იყო ტრანსპორტის სამინისტროს ხაზით მიღებული კონტრაქტებიც, რომელსაც 2022 წლიდან სათავეში ედგა ზია მამედოვი, ანარ მამედოვის ყოვლისშემძლე მამა.

იმავე პერიოდში ანარ მამედოვი ხელმძღვანელობდა ასევე ვაშინგტონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „აზერბაიჯანულ-ამერიკულ ალიანსს“, რომელმაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად 12 მილიონი დოლარი დახარჯა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან ლობისტურ საქმიანობაში.

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ აშშ-ის კანონის ფარგლებში გამოქვეყნებული 2013 წლის ანგარიშის თანახმად, 2012 წელს ანარ მამედოვის მიერ ორგანიზებულ საზეიმო ვახშამს წარმომადგენელთა პალატის მაშინდელი სპიკერი, ჯონ ბეინერი და კონგრესის 15 წევრი ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე კი „აზერბაიჯანულ-ამერიკულმა“ ალიანსმა 430 ათასი დოლარი დახარჯა.

მაგრამ ანარ მამედოვის ყველაზე ხმაურიან პროექტად იქცა დონალდ ტრამპის Trump Organization-თან გაფორმებული კონტრაქტი ბაქოში ცათამბჯენის აშენების თაობაზე. კომპანიის 2014 წლის პრესრელიზში ეს უნდა ყოფილიყო „კასპიის ზღვაზე მომაჯადოებელი ხედის მქონე“ 33-სართულიანი „ლუქს კლასის“ სასტუმრო. მაგრამ 2016 წელს დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ამ ბიზნესპარტნიორობამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ამერიკელ კანონმდებლებში ზია მამედოვის კორუფციაში დადანაშაულების გამო.

აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოს 2009 წლის დეპეშაში, რომელმაც მოგვიანებით „ვიკილიკსში“ გაჟონა, საელჩოს ერთ-ერთი დიპლომატი ზია მამედოვს „აზერბაიჯანშიც კი ავადსახსენებელ კორუმპირებულ ადამიანად“ მოიხსენიებდა.

2016 წლის დეკემბერში, ტრამპის პრეზიდენტად არჩევიდან ერთი თვის თავზე, კომპანია Trump Organization-მა გაწყვიტა ბაქოში ბრენდული სასტუმროს აშენების შესახებ ხელმოწერილი კონტრაქტი. მაგრამ ანარ მამედოვმა Ritz-Carlton-ის სახელწოდებით გააგრძელა სასტუმროს მშენებლობა, რომელსაც 2018 წელს ხანძარიც გაუჩნდა და საბოლოოდ 2022 წელს გაიხსნა.

იმავე 2016 წელს თანამდებობა დატოვა აშშ-ის ყოფილმა კონგრესმენმა, რომელიც მამედოვის მიერ ვაშინგტონში დაფუძნებულ ლობისტურ კომპანიას ხელმძღვანელობდა და მიზეზად გადაუხდელობა დაასახელა. ვაშინგტონში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაცია Open Secrets-ის თანახმად, კონგრესის ჩანაწერში არ არის მითითებული, რომ მამედოვი ან მისი ორგანიზაცია, აზერბაიჯანულ-ამერიკული ალიანსი, 2015 წელს ლობირებისთვის რაიმე თანხებს ხარჯავდნენ.

მას შემდეგ, რაც 2017 წელს მამედოვ-უფროსი აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის პოსტს გამოეთხოვა, ოჯახს ასევე შეუწყდა სახელმწიფო კონტრაქტები.

მაგრამ თავად ანარ მამედოვის კუთვნილი KFC-ს ბიზნესი დიდ ბრიტანეთში ყვაოდა. კომპანია KFC-ს პორტფელი ინგლისში უკვე სულ მცირე 20 რესტორანს ითვლის, რომელსაც, როგორც ზემოთ ითქვა, აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე არსებული ოფშორული ფირმით მართავს.

დიდი ბრიტანეთის მიწის კადასტრის ცნობით, დიდ ბრიტანეთში არსებული უძრავი ქონების 26 ობიექტის დასაქირავებლად მამედოვი სამ შვილობილ კომპანიას: Amber Restaurants Limited-ს, BJR Foods Limited-სა და Colonel Foods Limited-ს იყენებს.

ხოლო უკანასკნელი ფინანსური ანგარიშის თანახმად, ანარ მამედოვის კომპანია 1st Rate Investments (UK) Limited-ს 2021-2022 წლებში საშუალოდ 50 მილიონი დოლარის ბრუნვა ჰქონდა, 2022 წლის სააქციო კაპიტალმა კი 7 მილიონი დოლარი შეადგინა.

ანარ მამედოვს კვლავინდებურად ეკუთვნის ექვსსაძინებლიანი კერძო სახლი ჩრდილოეთ ლონდონში, ბიშოპს ავენიუზე („მილიარდერების ქუჩაზე“), რომელიც მან ჯერ კიდევ 2001 წელს 4 მილიონ დოლარად შეიძინა.

მოგვიანებით, 2012 წელს მან უკვე 17 მილიონ დოლარად ღირებული ბინა შეიძინა ბუკინგემისა სასახლესა და ჰაიდ-პარკის მახლობლად მდებარე გროსვენორ-კრესენტის ქუჩაზე, სადაც 2017 წლის სტატისტიკით უძრავი ქონება ყველაზე ძვირად ფასობდა.

მაგრამ როგორც 2019 წლის მიწის კადასტრის ჩანაწერებით ჩანს, ანარ მამედოვს ბინის გაყიდვით უზარალია და ის 8,8 მილიონ დოლარად გაუყიდია.

ბრიტანული კომპანიის ჩანაწერებში ანარ მამედოვის მოქალაქეობის გრაფაში მითითებულია აზერბაიჯანელი, ხოლო საცხოვრებელ ადგილად აზერბაიჯანი. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის მიერ გამოკვლეული ჩანაწერები აჩვენებს, რომ მდიდარ ანარ მამედოვს უარი ეთქვა ევროკავშირის პასპორტის მიღების მცდელობაზე.

2015 წელს ანარ მამედოვმა და მისმა ოჯახმა დახმარებისათვის მიმართეს ბრიტანეთში მოქმედ ფირმა Henley & Partners-ს, რომლის დახმარებითაც აზერბაიჯანელი მაგნატი ცდილობს მოიპოვოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის, მალტის მოქალაქეობა, რაც მას ამ კუნძულოვან სახელმწიფოში ბიზნესის კეთებისა და ევროკავშირის შიგნით მოგზაურობისთვის უფრო მეტ თავისუფლებას მისცემს.

მოამზადა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულმა სამსახურმა, სტიუარტ გრირისა და კარლ შრეკის მონაწილეობით.