რა მოტივით დაგეგმა სკოლის მოსწავლემ თანაკლასელის მკვლელობა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა ყოველთვის იყო, არის და იქნება განხილვის საგანი. ბევრს ჰგონია, რომ მასწავლებელი მკაცრი უნდა იყოს, ბევრი ფიქრობს, რომ პირიქით, მასწავლებელი ლმობიერი უნდა იყოს და ყველა მოსწავლესთან შეეძლოს საერთო ენის გამონახვა, რაც ძალიან რთულია. 25 და 30 მოსწავლე კი არა, ხშირად, შვილებთან ჭირს საერთო ენის გამონახვა და ის, რომ მასწავლებელმა ყველას თავი მოაწონოს, ყველას ნდობა დაიმსახუროს, ცალკე ხელოვნებაა...

 

ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა, როცა ერთ-ერთმა მოსწავლემ თავის მოკვლა სცადა და დატოვა წერილი, რომელშიც ეწერა, რომ თავს... მასწავლებლის გამო იკლავდა. თან, არა უბრალოდ მასწავლებლის, არამედ - დამრიგებლის. რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სანამ ერთი გამომძიებელი უშუალოდ მასწავლებელს ჰკითხავდა, მეორე გამომძიებელი სკოლაში იყო მისული და როგორც მოსწავლეებს, ისე ეჭვმიტანილის კოლეგებს ესაუბრებოდა. თითქოს ყველაფერი ნათელი იყო, მოსწავლე სკოლის გვერდით სკვერში ნახეს, იქვე, მოშორებით, ლიმონათის ბოთლი ეგდო, რომელშიც დიდი ოდენობით საწამლავი იყო გარეული და მოსწავლეც სწორედ ამ საწამლავით იყო მოწამლული. წერილი კი, მის ჯიბეში იყო და ყველაფერი გარკვევით ეწერა. ექსპერტიზას უკვე დამტკიცებული ჰქონდა, რომ წერილი თავად მოსწავლემ დაწერა, კალიგრაფია 100%-ით ემთხვეოდა, მაგრამ იგივე ექსპერტი თვითმკვლელობის ვერსიას ეჭვის თვალით უყურებდა და მის აზრს გამომძიებელიც იზიარებდა, თუმცა ამაზე ხამამაღლა არ საუბრობდნენ.

„ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულის ორგანიზმში იმდენი საწამლავი იყო, ის მომენტალურად გაითიშებოდა. ლიმონათის ბოთლი კი, მისგან დაახლოებით 15 მეტრში ეგდო ანუ მან ჯერ დალია, ბოთლი დააგდო, მერე წავიდა და გაითიშა, ეს არის ლოგიკა, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ იმ დღეს ნაწვიმარი იყო, სკვერში კი ახლადდაყრილი მიწაა. ჰოდა, იმ ადგილამდე, სადაც ის ბიჭი იპოვეს, მხოლოდ ერთი ნაფეხური მიდის და ისიც რეზინის ჩექმების. ექსპერტი ამტკიცებს, სწორედ ამ რეზინის ჩექმიებიანმა ადამიანმა მიიყვანა გათიშული ბიჭი და ბოთლი ან დარჩა, ან რაღაცამ ხელი შეუშალა. შესაბამისად, გვგგონია, რომ ეს სუიციდის კი არა, მკვლელობის მცდელობა იყო, რომელიც იმედია, არ განხორციელდება, რადგან დაზარალებული ჯერაც უმძიმეს მდგომარეობაშია და ექიმები ზუსტად ვერ ამბობენ, გადარჩება თუ არა. საუკეთესო შემთხვევაში, თუ გადარჩება, ორგანიზმი საწამლავისგან იმ დონეზე მაინც რომ გაიწმინდოს, რომ მას საუბარი შეეძლოს, ერთი თვე იქნება საჭირო“, - გამომძიებელი სამმართველოს უფროსს ესაუბრებოდა.

საინტერესო ის გახლდათ, რომ დაზარალებულის თანაკლასელებმა დაადასტურეს, მასწავლებელი ბიჭს მუდმივად ეჩხუბებოდა, სულ საყვედურობდა, რაც უნდა მომზადებული ყოფილიყო, მიზეზს მაინც მონახავდა, ბიჭი რომ გაეკრიტიკებინა და ამის გამო, მას არასრულფასოვნების კომპლექსიც ჩამოუყალიბდა. მასწავლებელმა აღიარა, ასე ვიქცეოდი, მაგრამ ეს მხოლოდ იმისთვის, რომ მას მეტი პასუხისმგებლობა ეგრძნო და უფრო მეტი ესწავლა, ჩემი ახალი მეთოდი და მიდგომააო. რეალურად, ეს მიდგომა და მეთოდი რომ არ ამართლებდა, მთელი სკოლა საუბრობდა, მაგრამ მასწავლებელი მაინც ჯიუტობდა და თან იმას ამტკიცებდა, ამის გულისთვის, თავს არავინ იკლავსო და... ეგებ, მართალიც იყო.

„მე მისი შეყვარებული ვარ. გადაწყვეტილი გვქონდა, სად უნდა ჩაგვებარებინა სკოლის შემდეგ, რა უნდა გვექნა, როდის უნდა დავქორწინებულიყავით ანუ ყველაფერი გათვლილი და დათვლილი იყო. სანამ შემთხვევა მოხდებოდა, ერთი საათით ადრე შევხვდი, არაფერი ეტყობოდა, რომ თვითმკვლელობას გეგმავდა. მეგობრებთან ერთად აპირებდა სკვერში წასვლას, ის ბიჭებიც ჩვენი თანაკლასელები არიან და რომ ვკითხე, მათ თქვეს, გადავიფიქრეთ, საქმე გამოგვიჩნდაო. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ის თავს არ მოიკლავდა“, - გამომძიებლებთან დაზარალებულის თანაკლასელი და როგორც გაირკვა, შეყვარებული მივიდა.

სამართალდამცავებმა მეგობრების დაკითხვა გადაწყვიტეს, რადგან ეს საქმეში ახალი გარემოება იყო. მეგობრებმა მხრები აიჩეჩეს, აქაოდა, ჩვენ წასვლას კი ვაპირებდით, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრეთ, სავარჯიშოდ წასვლა გადავწყვიტეთ და ჩვენ რომ მოგვადექით, იქნებ, ბიძამისი დაკითხოთ, ყველაზე მეტი ინტერესი, რომ ჩვენი მეგობარი მომკვდარიყო, სწორედ ბიძამისს ჰქონდაო. როგორც მეგობრები ამბობდნენ, რადგან ბიჭი ობოლი იყო, მას ბიძა ზრდიდა, დედ-მამის სამოთახიანი ბინა გაქირავებული იყო, მაგრამ თუ ბიჭი მოკვდებოდა, ბინა სწორედ ბიძას დარჩებოდა. ჰოდა, მეგობრები იმასაც ამბობენ, ბიძამისი იმ სკვერში ხშირად დადის, „საბუტილნიკები“ ჰყავს, გალოთებულიაო. ძალოვნებმა კი იცოდნენ ბიძის არსებობის შესახებ, მაგრამ ის კი არ იფიქრეს, რომ მოტივი, შესაძლოა, მასაც ჰქონოდა. ამიტომ, მის დასაკითხად სახლში წავიდნენ, მაგრამ ბიძა იქ არ დახვდათ, მეზობლებმა თქვეს, რაც ბიჭი მოიწამლა, იმის შემდეგ, საავადმყოფოში ათენებს და აღამებსო. სამართალდამცავებმაც გეზი საავადმყოფოსკენ აიღეს.

„ეგ როგორ იფიქრეთ? ჩემი ერთადერთი ძმისშვილი... მე ცოლ-შვილი არ მყავს, მზე და მთვარე ამ ბიჭზე ამომდის, ეს არის ჩემი ერთადერთი იმედი. ჰო, ცოტა დალევა მიყვარს და სწორედ ამის გამო, მერე რომ საბუთებზე არ ერბინა, ჩემი ბინაც კი მას გადავუფორმე, ქირაში აღებულ თანხას საბანკო ანგარიშზე ვუნახავ, სრულწლოვანი რომ გახდება, ფული რომ ჰქონდეს, მათხოვარი რომ არ იყოს. ეს როგორ მაკადრეთ“, - ბიძა ბოლო ხმაზე ყვიროდა და იმდენად გულწრფელი იყო, ძალოვნები მიხვდნენ, რომ არასწორი მიმართულებით ეძებდნენ.

„ერთადერთი გამოსავალი დარჩა - უნდა ვთქვათ, რომ ბიჭი მოკვდა და დაველოდოთ, ეგებ, მერე გამოჩნდეს ის, ვისაც მოტივი ჰქონდა“, - თქვა გამომძიებელმა და სამმართველოს უფროსიც დაეთანხმა. ექიმები უმკაცრესად გააფრთხილეს, ბიძასაც კი არაფერი უთხრეს, სიმთვრალეში რომ არ წამოსცდენოდა და თქვეს, რომ ბიჭი მდგომარეობიდან ვერ გამოვიდა და გარდაიცვალა. ორი ოპერმუშაკი ბიძას უთვალთვალებდა, ეჭვი ჰქონდათ, შეიძლება, დათვრეს და თავს რამე აუტეხოსო. ბიძა სახლში დაბრუნდა და გზად მეზობლებს გადაეხვია, დაემშვიდობა და ძალოვნები მიხვდნენ, რომ საქმე მარტივად არ იყო, ამიტომ კიბეზე აჰყვნენ და როცა სახლში შევიდა, შეჰყვნენ კიდეც. ოპერმუშაკების ყურადღება, ფეხსაცმელების თაროს გვერდით მიგდებულმა რეზინის ბოტებმა მიიპყრო. პირველი, რაც მათ იფიქრეს, ის გახლდათ, რომ სწორედ ეს ფეხსაცმელი იყო, რომლის კვალიც შემთხვევის ადგილზე ნახეს. ამიტომ, ერთი ოპერი დაზარალებულის ბიძასთან დარჩა, მეორემ - ბოტები ექსპერტიზაზე წაიღო და ერთ საათში უკვე იცოდნენ, რომ ბოტების ძირზე არსებული ტალახი ერთი-ერთში ემთხვეოდა შემთხვევის ადგილზე არსებულს. ბიძა დააკავეს, წინ ბოტები დაუდეს და...

„კი, ჩემი ბოტებია, მაგრამ თქვენ სად ნახეთ, მეც აღარ მახსოვდა მათი არსებობა. ბოლოს, ალბათ, რამდენიმე წლის წინ მეცვა და წარმოდგენა არ მაქვს, ვის დასჭირდა, რატომ დასჭირდა?! რაღაც ხდება და ვერ ვხვდები, რა, იქნებ, თქვენ გაარკვიოთ“, -ამბობდა ბიძა, მაგრამ ძალოვნებს მისი სიტყვების უკვე აღარ სჯეროდათ, თუმცა...

„ოფლის ნაწილაკების ნიმუში, რომელიც ბოტებშია ჩარჩენილი, არ ემთხვევა ბიძის ნიმუშს ანუ ეს ბოტები მას აშკარად არ სცმია“, - თქვა ექსპერტმა და გამოძიება ისევ ჩიხში შევიდა. სწორედ მაშინ, როცა იმედი თითქოს არსაიდან ჩანდა, გამომძიებლებთან დაზარალებულის შეყვარებული მივიდა.

„ჩემი შეყვარებულის მეგობრები იყვნენ მოსული, ერთ-ერთი მათგანი სიყვარულს მეფიცება, მეორემ კი ჩუმად მითხრა, ის წერილი, სადაც ბრალს მასწავლებელს დებს, მე დავაწერინე ხუმრობით და მერე მეორე მეგობარმა გამომართვაო“, - თქვა გოგონამ. გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს და მეგობრები დაკითხვაზე ცალ-ცალკე ოთახებში შეიყვანეს.

„მე ვაღიარებ, რომ წერილი მეგობარს დავაწერინე ხუმრობით, მერე მეორე მეეგობარმა გამომართვა, მაგრამ როგორ აღმოჩნდა დაზარალებულის ჯიბეში, არ ვიცი“, - ასეთი იყო ერთ-ერთის პასუხი. მეორე კი... მეორე ხვდებოდა, რომ თავის დაძვრენა გაუჭირდებოდა, რადგან ექსპერტს უკვე დასკვნა მზად ჰქონდა, რეზინის ბოტები სწორედ მას ეცვა.

„ასე სიყვარულის გამო მოვიქეცი. ჰო, ის გოგო მიყვარს, რომელთანაც იმ შტერმა ყველაფერი დაგეგმა. რეალურად, მე უფრო ბედნიერს გავხდიდი, მაგრამ... ის წერილი რომ დაწერეს, გეგმა მერე მომივიდა თავში, ამიტომ ხუმრობით დაწერილი წერილი წავიღე, საწამლავი ვიშოვე, ბიძაზე ეჭვი რომ მიეტანათ, ბოტები მოვიპარე, მათი სახლის გასაღები, როგორც საუკეთესო მეგობარს, დიდი ხანია მაქვს, მაგრამ ბიძამ არ იცოდა. ლიმონათის ბოთლის მის გვერდით დადება კი იმიტომ ვერ მოვასწარი, რომ სკვერში ბევრი ხალხი შემოვიდა“, - განაცხადა დაკავებულმა.

სასამართლომ მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილს, როგორც არასრულწლოვანს, მხოლოდ 5 წელი მიუსაჯა და ისიც - პირობითი. ბიჭმა სკოლა, რაღა თქმა უნდა, შეიცვალა.

 

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე