ივნისში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 785 მილიონი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 180 მილიონი ლარით გაიზარდა - ეროვნული ბანკი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2024 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 966.17 მლნ ლარით, ანუ 1.71 პროცენტით გაიზარდა და ივნისის ბოლოს 57.34 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 785.90 მლნ ლარით, ანუ 2.56 პროცენტით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 180.28 მლნ ლარით, ანუ 0.70 პროცენტით გაიზარდა.

ამასთან, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2024 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 9.36 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც, წინა თვესთან შედარებით, 4.21 პროცენტით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 16.55 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 1.05 პროცენტით აღემატება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის ივნისის განმავლობაში 1.31 პროცენტით, ანუ 382.81 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივნისის ბოლოსათვის 29.52 მლრდ ლარი შეადგინა.

2024 წლის ივნისის ბოლოსთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.83 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.45 პროცენტული პუნქტით.