გაუპატიურებების სერია პროვინციულ რესტორანში

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს, ყველა სოლიდურ დაწესებულებაში,ოფიციანტად, დაქირავებული პერსონალი მუშაობს. მფლობელი მათ არჩევს, ხელფასს უხდის,აკვირდება და იმის მიუხედავად, რომ თითქოს ოფიციანტები ათასგვარ ტრენინგებსა თუ სწავლებას გადიან, მაინც ძალიან ცოტაა ისეთი, ვისაც უმაღლეს დონეზე მუშაობა შეუძლია. ჰო, ერთი შეხედვით, ამ იოლ პროფესიას ბევრი ისეთი თვისება სჭირდება, რომელიც შინაგანადაც უნდა გქონდეს. მაგალითად, არ შეიძლება, სტუმარს,როგორც ერის მოღალატეს, ისე უმზერდე; არ შეიძლება, ადამიანს, რომელიც სოლიდურ თანხას დახარჯავს, ბურტყუნით აგინო, აქაოდა, საიდან ამდენი ფულიო. ჰო, როცა მენიუ მიგაქვს, ან კერძების დაწყობას იწყებ მაგიდაზე, საჩვენებელი თითი ცხვირზე არ უნდა წაისვა თუ გაისვა...

 

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, ოთხიოდე წლის წინ, აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. უფრო სწორად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სადაც მცირე რესტორნის მეპატრონეს კლიენტი არ აკლდა (არც ახლა აკლია), ნატურალურ საკვებს ჰყიდდა და ჰყიდის, მზარეულიც კარგი ჰყავს და ყოველნაირად ცდილობს, მომსახურე პერსონალად ისეთი ადამიანები შეარჩიოს, რომლებიც ელემენტარულ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, რესტორანში ორი ახალგაზრდა შევიდა. ისინი ადრეც ყოფილან, კარგი მხარჯველები იყვნენ, მაგრამ ერთი ცუდი თვისება ჰქონდათ - როცა დათვრებოდნენ, რესტორნის მომსახურე პერსონალს შავ დღეში აგდებდნენ, უფრო კონკრეტულად კი, ქალებს,რომლებსაც უხამსად ეხუმრებოდნენ და საუნაში ეპატიჟებოდნენ... ამიტომ, როცა ისინი მოდიოდნენ, ყველა გოგონამ თუ ქალმა იცოდა, რომ მათ მაგიდასთან არ უნდა მისულიყვნენ და მომსახურეობას მხოლოდ მამაკაცები უწევდნენ.

ასე იყო იმ დღესაც, ბიჭები ნება-ნება წრუპავდნენ კონიაკს და შემდეგ, ერთ-ერთმა, მათ მაგიდასთან ჩავლილ გოგონას უკანალზე ხელი მოუთათუნა. რესტორნის მეპატრონემ ყველაფერი დაინახა, თავი უკმაყოფილოდ გადაიქნია, მერე წამოდგა და ხმამაღლა თქვა - „მორჩა, ჩემს რესტორანში ვეღარასოდეს მოხვალთ. თქვენ პირობა დაარღვიეთ, თქვით, რომ ამას აღარასოდეს იზამდით. შეგიძლიათ,ანგარიში გაასწოროთ და წახვიდეთ, ან ჩემი ბიჭები უბრალოდ გაგაგდებენ“.

ნასვამმა ახალგაზრდებმა ერთმანეთს გადახედეს, მაგიდაზე 100-დოლარიანი დააგდეს, ხელი აიქნიეს და კარისკენ გინებით დაიძრნენ. ყველამ შვებით ამოისუნთქა...

დაახლოებით 15 წუთში, რესტორნის მეპტრონე ეზოში გავიდა, მერე უკან შემოვიდა, დარბაზს თვალი მოავლო და მხრები აიჩეჩა - იმ ბიჭების მანქანა აქ დგას და ნეტავ, ფეხით ხომ არ გაუყვნენ გზასო? პერსონალმა გულგრილად გაატარა ეს ამბავი, მაგრამ ამ დროს, დარბაზში მზარეულის თანაშემწე ქალი შემოვარდა და რესტორნის მეპატრონეს ყვირილით უთხრა, ის ბიჭები საპირფარეშოში, მგონი,გარდაცვლილები ყრიანო. ყველა იქით გაიქცა. ვიღაცამ მაშინვე სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახა და საბედნიეროდ, ექიმებმა იქვე თქვეს, ორივე ცოცხალია, მაგრამ ბევრი სისხლი აქვთ დაკარგული, ამიტომ საავადმყოფომდე უნდა მივასწროთო. რა თქმა უნდა, სასწრაფოს საპატრულო პოლიცია მოჰყვა. ყველა ერთმანეთს უყურებდა, რადგან რესტორანში სხვა კლიენტი არ იყო და თუ ვინმემ გაიმეტა სტუმრები, ის აუცილებლად რესტორნის თანამშრომელი უნდა ყოფილიყო. ობიექტის მფლობელმა თავზე ხელი გადაისვა და დანანებით ჩაილაპარაკა, მერამდენედ ვნანობ, კამერები რომ არ მაქვს და კაცი არ ვიყო, თუ ერთ კვირაში არ დავამონტაჟოო. სამართალდამცავები და ექსპერტები კი ადგილზე მუშაობდნენ.

„საპირფარეშოში მივდიოდი, მამაკაცების მხარეს კარი შეღებული იყო, ვიფიქრე, დავკეტავ-მეთქი და სისხლის გუბე დავინახე. კარი შევაღე და შესასვლელშივე, ეს ორი ეგდო, სისხლში ცურავდნენ. მაშინვე გამოვიქეცი, მეპატრონეს ვუთხარი და მერე ყველამ ყველაფერი ნახა“, -ვიშვიშით ამბობდა ქალი, რომელმაც ბიჭები პირველმა ნახა.

წინასწარი ინფორმაციით, ორიდან ერთს თავში მძიმე საგანი ჰქონდა ჩარტყმული, მეორეს კი, ბასრი საგნით ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ეტყობოდა. ის,სავარაუდოდ, დანით დაჭრეს და, ასევე,სავარაუდოდ, თავდამსხმელი სწორედ მის მოკვლას ცდოლობდა, რადგან ორივე დარტყმა გულ-მკერდის არეში იყო მიყენებული, თუმცა პირველი ნეკნებმა არ გატარა, მეორე - გულს მცირედით ასცდა. მოგვიანებით, ექსპერტმა დაადასტურა, რომ პირველი დარტყმა ნეკნებს შუა რომ არ გჩხერილიყო, სავარუდოდ, გულამდე მიაღწევდა.

„შეგიძლიათ, ეჭვმიტანილების სიიდან მზარეული გამორიცხოთ, რადგან მზარეულს ზუსტად ეცოდინებოდა, რომ დანის პირი ჰორიზონტალურად უნდა გეჭიროს და არა შვეულად, ასე ნეკნებს შორის გატარების შანსი თითქმის არ არის. ის, ვინც ეს ჩაიდინა, გამოუცდელი იყო ანუ დანასთან და ხორცთანკავშირი არ აქვს. ჰო, დანა ისეთი სიძლიერით არის დარტყმული, ნეკნი ლამის გაბზარულია, ამას კიქალი ვერ შეძლებდა. ვერც ისეთი ჯანიანი, როგორიც მზარეულის თანაშემწე ქალბატონი იყო“,-განაცხადა ექსპერტმა.

ეს გამოძიებისთვის დიდი ვერაფერი შეღავათი გახლდათ, რადგან მზარეულის გარდა, იმ დროს, რესტორანში, მეპატრონეს ჩათვლით, კიდევ 11 მამაკაცი იყო და მკვლელობის მცდელობა ყველას შეიძლებოდა ჰქონოდა. არსებობდა იმედი, რომ დაზარალებულებმა თავდამსხმელი დაინახეს, მაგრამ პირველს ბლაგვი საგანი კეფაში ჰქონდა მოხვედრილი, მეორეს - პირველი დარტყმა ზურგიდან, მეორე - წინიდან ანუ როცა დანა მოხვდა, ის შემოტრიალდა და მეორე დარტყმა სწორედ მაშინ მიიღო. სწორედ შემოტრიალების დროს თუ დაინახავდა თავდამსხმელს და ამიტომ, ძალოვნები დიდად არ ჩქარობდნენ, იმას ელოდნენ, როდის დასრულდებოდა ოპერაცია, როდის გამოვიდოდა ნარკოზიდან დაზარალებული და როდის დაადებდა ხელს თავდამსხმელს. რა თქმა უნდა, პერსონალს შინ არ უშვებდნენ და რესტორანიც დახურეს, ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს იქაურობა. რესტორნის მეპატრონე ისედაც შეთხელებულ თმას იგლეჯდა, რა დროს ეს იყო, მუშაობა ჩამივარდება, ხალხი აღარ მოვა, დაშინდებაო.

დაზარალებული აზრზე საღამოსკენ მოვიდა და იქვე მომლოდინე გამომძიებელმა პალატის კარი მოუთმენლად შეაღო. მან უკვე იცოდა, რომ რესტორნის თანამშრომლები ან ერთმანეთს აფარებდნენ ხელს, ან მართლა არაფერი იცოდნენ, რადგან ყველა მათგანს თითქოს ალიბი ჰქონდა, ყველა ყველას ხედავდა, ან ვერ იხსენებდა, ხედავდა თუ არა. ამიტომ, მთელი იმედი სწორედ დაჭრილ ბიჭზე იყო და გამომძიებელსაც იმედი ჰქონდა, ცოტა ხანში, მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის ვინაობას გაიგებდა, მით უმეტეს, ბიჭები მომსახურე პერსონალს ძალიან კარგად იცნობდნენ, რადგან იქაურობის ხშირი კლიენტები იყვნენ.

„ბევრი მოგვივიდა, ბევრი დავლიეთ. ისიც არ მახსოვდა, რომ საპირფარეშოში წავედით, ახლა გავიგე ექიმებისგან. ვიღაცამ კი „დაგვიშვა“, მაგრამ ვინ იყო, წარმოდგენა არ მაქვს. სახეზე შეიძლება შევხედე, მაგრამ ვერ გავარჩევდი, ბინდი მქონდა თვალებზე. ზოგადადაც, არასწორად მოვიქეცით, კარგი გაკვეთილი იყო ეს ჩვენთვის და ამიტომ, არც პრეტენზია მაქვს, არც არავის დაჭერას ვითხოვ“, - განაცხადა დაზარალებულმა.

ამასობაში, რესტორანში მყოფმა ერთ-ერთმა ქალბატონმა საინტერესო ისტორია გაუმხილა ძალოვნებს. მისი თქმით, მათთან, დაახლოებით,ნახევარი წლის წინ, ადგილობრივი გოგონა მუშაობდა, მერე კი, რაღაც მოხდა, გოგომ ორ კვირაში გასამართი ქორწილი გადადო და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. მისი საქმროც იქაური იყო და როცა გოგონა წავიდა, რესტორანში მუშაობა უკვე მან დაიწყო. ბიჭი ამბობდა, გავიგებ, ჩემს საცოლეს ვინ აწყენინა, ვინ შეურაცხჰყო და დანაზე წამოვაგებო. ის ბიჭი იმ დღეს ოფიციანტად მუშაობდა და სწორედ იმ ბიჭების მაგიდას ემსახურებოდა. რაც მთავარია, გოგონას „წყენინებაში“, პერსონალი სწორედ ამ ბიჭებს ადანაშაულებდა და დიდი იყო იმის შანსი, მას შური ეძია. სამართალდამცავებმა ბიჭი დააკავეს, მისი ალიბიც არ იყო მყარი, დარბაზიდან არ გავსულვარო, ვერავინ ადასტურებდა და მანაც ჩვენების მიცემა დაიწყო.

„ბევრი ვეხვეწე საცოლეს, რესტორანში რა გინდა-მეთქი, მაგრამ აქ სხვა პერსპექტივა არ იყო. რა მოხდა და ვისთან მოხდა, არ ვიცი, საცოლე ქორწილამდე ორი კვირით ადრე გაქრა, მერე იტალიიდან დამირეკა, მითხრა, ცოლად ვერ გამოგყვები, ვერ გაკადრებ, მე ის აღარ ვარ, რაც ვიყავი, ოღონდ, რაც მოხდა, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა და მე ნუ დამძრახავო. რაღაცები გამოვკითხე, სახელი ვერ ვათქმევინე, მაგრამ იმას კი მივხვდი, რომ სწორედ აქ გააუპატიურეს. ამიტომ დავიწყე აქ მუშაობა და რაღაცების გარკვევა, საბოლოოდ კი, დღეს დავრწმუნდი, რომ ამ ბიჭების გარდა, ამას არავინ იზამდა. ჩადენილს არ ვნანობ, მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ვერ მოვკალი. ჰო, ვერ... არ ვყოფილვარ მკვლელი, თორემ ორივე დაბლა ეგდო, დანა ხელში მეკავა და ვეღარ გავიმეტე“, -თქვა ბიჭმა და ატირდა.

ისტორიას წერტილი აქ უნდა დასმოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად. დაკავებულის საცოლე იტალიიდან დაბრუნდა და განყოფილებაში მივიდა.

„ის ბიჭები დამნაშავეები არ არიან. ერთ-ერთმა ოფიციანტმა (გოგონამ სახელი და გვარი თქვა) ყავაში რაღაც ჩამიყარა, გამაბრუა, მერე მოსასვენებელ ოთახში გამიყვანა, აქაოდა, წამოწექიო დ ბუნდოვნად მახსოვს, როგორ მჯიჯგნიდა და ძღებოდა ჩემი ხორცით. დარწმუნებული ვარ, ასე მხოლოდ მე არ მომექცა. თავზე ლაფის დასხმას და ამ ამბის მოყოლას, გაცლა ვარჩიე“, - თქვა გოგონამ და სამართალდამცავებმა უკვე რესტორნის მეორე ოფიციანტი დააკავეს. მალე, მის წინააღმდეგ ჩვენება რესტორნის ორმა ყოფილმა და ერთმა მოქმედმა თანამშრომელმა მისცა...

 

 

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე