"დღეიდან განვაახლებთ ყოველდღიურ მუშაობას, შრომას, რომ ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა დონეზე გადავიყვანოთ" - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენი ოპონენტები დარჩნენ უკმაყოფილო იმ შეფასებით, რომელიც გააკეთა არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, ოპონენტები და პირდაპირ დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას, იმიტომ, რომ არ მოეწონათ შემაჯამებელი ანგარიში.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო დამკვირვებლების როლი საარჩევნო პროცესში. ჩვენ განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომელიც აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს. განსაკუთრებით, ეუთო-ოდირს, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული როლი დაკვირვების პროცესში. მთავარი მისია გახლდათ სწორედ ეუთო-ოდირის მისია. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ოპონენტები დარჩნენ უკმაყოფილო იმ შეფასებით, რომელიც გააკეთა არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირმა. ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე ჩვენი ოპონენტებისგან განცხადებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ როცა საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებს, იქ კრიტიკაც კი დაუშვებელია. ამ შემთხვევაში გამოვიდნენ ჩვენი ოპონენტები და პირდაპირ დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას, ეუთო-ოდირის მისიას, გამომდინარე იქიდან, რომ არ მოეწონათ შემაჯამებელი ანგარიში. მე ვაკვირდებოდი, ოპოზიციურმა არხებმა შესაბამისი პრესკონფერენცია შუაში გათიშეს, იმდენად უკმაყოფილო დარჩნენ დადებითი შეფასებით არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მოვლენების მიმართ.

 

„გვაქვს მთავრობის პირველი სხდომა არჩევნების შემდეგ და სამუშაო რეჟიმზე გადასვლამდე, მინდა, შევაჯამო განვლილი პროცესი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს, ეს არის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ არჩევნებზე ქართველი ხალხისგან. ეს არის ნდობა მმართველი გუნდის მიმართ და ნდობა, რომელიც გამოუცხადეს საქართველოს მთავრობას და სამთავრობო პროგრამას. ეს ნდობა არის უპრეცედენტო, რაც გამოიხატება ხმების რაოდენობით და არჩევნებზე დაფიქსირებული აქტივობით. ჩვენი მოწოდება იყო საზოგადოების მიმართ, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოსულიყო და, რეალურად, ეს ასეც მოხდა. პრაქტიკულად, უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა ამ არჩევნებზე, გამოვიდა ჩვენი უამრავი თანამოქალაქე საქართველოს ეროვნული ინტერესების, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების, მშვიდობის დასაცავად და ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამოქალაქეს, რომელიც მოქმედებდა ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით. გარკვეულ დეტალებზე მინდა, ყურადღება გავამახვილო, რაც დაკავშირებულია არჩევნების შედეგებთან, მმართველმა გუნდმა 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მოვლენების მიმართ, მმართველი გუნდის მიმართ და ცალკე აღებული ოპოზიციის მიმართ,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, უპრეცენდენტოდ მშვიდ გარემოში ჩატარდა არჩევნები ჩვენს ქვეყანაში.

„ბატონ ვახტანგ გომელაურს განსაკუთრებული მადლობა. უპრეცენდენტოდ მშვიდ გარემოში ჩატარდა არჩევნები ჩვენს ქვეყანაში და თვითონ არჩევნების დღეც თვისებრივად წარიმართებოდა მშვიდად. ქვეყნის მასშტაბით სულ შექმნილ იყო 3 111 უბანი, აქედან 3100-ზე მეტ უბანზე იყო სრული სიმშვიდე. იყო რამდენიმე უბანი, სადაც იყო კოორდინირებული პროვოკაციები, თუმცა საბოლოო ჯამში აქაც იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იმოქმედეს სამართალდამცავმა უწყებებმა და მოხერხდა თვისებრივად მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარება, არჩევნების დღის ჩათვლით.
ასევე მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს. რა თქმა უნდა, მათი როლიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას განსაკუთრებული მადლობა არჩევნების ჯეროვნად ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ცესკოს ეკუთვნის, რა თქმა უნდა, ასევე განსაკუთრებული მადლობა. პირველად ჩატარდა არჩევნები ელექტრონული სისტემის გამოყენებით. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა რეგისტრაცია გაიარა ელექტრონული წესით, ხმა მისცა ელექტრონულად და მათი ხმებიც დათვლილი იქნა ელექტრონული წესით. განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებოდა ამ ტექნოლოგიების სათანადოდ დანერგვას და ამ ამოცანას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ისევე როგორც სხვა ამოცანებს, სრულფასოვნად გაართვა თავი. შესაბამისად, ცესკოს და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას ეკუთვნის ჩვენგან განსაკუთრებული მადლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, განსაკუთრებით ეს 4 წელი იყო ურთულესი.

„მთლიანად 12 წელი იყო რთული, არცერთი წელი ირ იყო იოლი, სხვადასხვა ტიპის გამოწვევები გვქონდა, მაგრამ განსაკუთრებით რთული იყო ბოლო 4 წელიწადი სხვადასხვა მიზეზების გამო, არ ჩავუღრმავდები და ყოველ ჯერზე, სადაც იყო განსაკუთრებით რთული მომენტები, ეპიზოდები, წუთები ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ქართველი ხალხი დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ქართველმა ხალხმა გამოვლინა განსაკუთრებული სიბრძნე, რაც ეფუძნება იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართველ ხალხს გამოცხადებული ნდობისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს.

„ბოლოს გადაგიხდით თქვენ მადლობას, მინისტრებს, მთავრობის წევრებს. თითოეული თქვენგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებული. თქვენ აკეთებდით უმნიშვნელოვანეს საქმეებს გასული 4 წლის განმავლობაში. ძალიან დეტალური და ვრცელია იმ საქმეების ჩამონათვალი, რომელიც თქვენ გაქვთ გაკეთებული. ეს ყველაფერი საკმაოდ ხელშესახებია საზოგადოებისთვის. ჩვენ გვქონდა, მათ შორის, გასული 2-3 თვის განმავლობაში არაერთი მასშტაბური პროექტის წარდგენის საშუალება ჩვენი საზოგადოებისთვის და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თქვენი წვლილი ამ გამარჯვებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. თითოეულ თქვენგანს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. დღეიდან განვაახლებთ ყოველდღიურ მუშაობას, შრომას, იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა დონეზე გადავიყვანოთ 4 წლის თავზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით,  კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას, თუმცა, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და კონსტიტუციურ ვერავინ შეარყევს.

„კიდევ ერთხელ მეორდება ის, რაც ხდებოდა ყველა არჩევნებზე. ოპოზიცია ვერ ეგუება საარჩევნო მარცხს და მათთან ერთად დგანან ის ენჯეოები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იბრძოდნენ საკუთარი ფინანსების გაუმჭვირვალობისთვის და ვხედავთ, რეალურად, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. ეს ძალები ერთად კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში. სცადეს, დაპირისპირებოდნენ, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში ვერავინ შეარყევს“, - განაცხადა პრემიერმა.