როგორ გახდა არასრულწლოვანი გოგონა სისხლიანი დანაშაულის ინიციატორი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბიძის მკვლელი

 

არცთუ დიდი ხნის წინ, მეგობარი კაფეში საუზმობდა, როცა ახალგაზრდა გოგო მიუჯდა და სთხოვა, მეც გამიმასპინძლდიო. ნელ-ნელა, საჭმელს ცოტა კონიაკი მიაყოლეს, მერე კიდევ ცოტა, მერე კიდევ და ამ დროს, კაფეში მეგობრის ნაცნობი შემოვიდა, მიესალმა, მოიკითხა, შემდეგ გოგონას შეხედა, მეგობარი გვერდით გაიყვანა და ჩუმად უთხრა, ამასთან რამე არც იფიქრო, ჩემი მეზობელია, არასრულწლოვანიაო. მანაც, ანგარიში გაასწორა და კაფე დატოვა...

 

სამწუხაროდ, დღეს იშვიათად არ ხდება, რომ არასრულწლოვანი გოგონები ცდილობენ დიდები გამოჩნდნენ, ახალგაზრდა ბიჭებს თავი სრულწლოვნად მოაჩვენონ, მერე კი... მერე ჩივილით იმუქრებიან, ეუბნებიან, რომ განცხადებას დაწერენ პოლიციაში, რომ ყველაფერი ეს მათი თანხმობით არ მოხდა, რომ კაცმა ისინი დაათრო. ხშირად, მათი მსხვერპლი ტაქსის მძღოლები ხდებიან, რომლებსაც შემდეგ, გოგონებისგან თავის დასაღწევად, ავტომობილის გაყიდვა უწევთ და მთელ ფულს მათ აძლევენ. სად არის გამოსავალი? ერთი შეხედვით, მარტივია - არასრულწლოვანი გოგონა, ღამის 12 საათზე და უფრო გვიან, შინ რომ არ არის, მშობელმა უნდა მოიკითხოს, უნდა დაძებნოს, უნდა იპოვოს, მაგრამ ვაი, რომ მშობლის სიბრაზე ხშირად ხდება იმის მიზეზი, რომ შვილი 112-ში რეკავს და მშობლის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. შემდეგ იწყება გამოძიება და საუკეთესო შემთხვევაში, მშობელს შემაკავებელ ორდერსა და გაფრთხილებას აძლევენ, რაც ბავშვს ბოლომდე ხელ-ფეხს უხსნის...

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ დიდ ქალაქში, საწარმოს მთავარი ბუღალტერი მოკლეს. მას დანა გულში ჰქონდა დარტყმული და რაც მთავარია, დაკარგული იყო თანხა, დაახლოებით, 30 ათასი მანეთი. რომ აღიქვათ, რას ნიშნავდა მაშინ 30 ათასი, გეტყვით, რომ ბევრისთვის საოცნებო „ვაზ-21-06“ მარკის ავტომობილი 6-7 ათასი მანეთი ღირდა. რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და თანაც, განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანეს. ეჭვმიტანილი იყო ყველა, ვინც იმ დროს საწარმოში იმყოფებოდა, მაგრამ შემდეგ ეჭვმიტანილთა წრე შევიწროვდა, რადგან გაირკვა, რომ სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, იქ მხოლოდ შვიდი ადამიანი დარჩა და ამ შვიდიდან ერთ-ერთი იყო მკვლელი.

„წავიდეთ გამორიცხვის პრინციპით - მთავარ ბუღალტერს არ მოკლავდა დამლაგებელი, რომელიც 70 წელს მიტანებული ქალია, არ მოკლავდა მისი ნათესავი ობოლი ბიჭი, რომელიც მან მიიყვანა საწარმოში, მასთან სახლში ცხოვრობდა და პრაქტიკულად, მისი გაზრდილი იყო, არ მოკლავდა საწარმოს დირექტორის მოადგილე, რადგან ის ცაციაა, ექსპერტები კი ამტკიცებენ, რომ დარტყმა მარჯვენა ხელით განხორციელდა და ისეთი ძლიერი იყო, მემარცხენე ამას ვერ მოახერხებდა. დარჩა ოთხი ადამიანი - კაცი, რომელიც სტუმრად იყო მისული და თურმე, ბუღალტერს მისი ვალი ჰქონია, საწარმოს დირექტორი, რომელთან ერთადაც შესაძლოა, რამე საქმეში ყოფილიყო გასვრილი, დარაჯი, რომელსაც წესით, მოტივი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ 30 ათასი ნებისმიერისთვის შეიძლება გახდეს მოტივი და მთავარი ეჭვმიტანილი, ყოფილი მთავარი ბუღალტერი, რომელსაც რაღაც დარღვევა უნახეს და რიგით თანამშრომლად გადაიყვანეს საფინანსოში. თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს გარდაცვლილმა „იჩალიჩა“. მოკლედ, ვამუშავებთ ყველა ვერსიას და აზრი არ აქვს რომელიმეს ბინის ჩხრეკას, რადგან ფულს შინ არ დადებდნენ და მეტიც, ისინი ტერიტორიიდან არ გასულან ანუ უდიდესი ალბათობით, ფული საწარმოს ტერიტორიაზეა დამალული, მაგრამ იქ იმხელა სივრცეებია, შესაძლოა, ძებნას წლები მოვანდომოთ და მაინც ვერ ვიპოვოთ, მით უმეტეს, რომ ამბობენ, თანხა სულ ასიანებში იყოო და ეს საკმაოდ მცირე შეკვრაა. ამიტომ, ვეძებთ მკვლელს, რომელიც საბოლოოდ, თანხასაც გვაპოვნინებს“, - განაცხადა გამომძიებელმა.

რა თქმა უნდა, დაკითხვა მთავარი ეჭვმიტანილისგან დაიწყეს, მით უმეტეს, რომ ბევრმა თქვა, ბუღალტრის ოთახში უპრობლემოდ შედიოდა, როგორც იმ განყოფილების თანამშრომელი და რაც მთავარია, იმ დღეს, გარდაცვლილს რაღაცაზე ეკამათა და უყვიროდა კიდეცო. წესითა და რიგით, სწორედ ის უნდა ყოფილიყო მკვლელი, მაგრამ მას ალიბი ჰქონდა და თანაც, რკინის ალიბი.

„გარდაცვლილზე ცუდს არ ამბობენო, მაგრამ მე რომ თანამდებობიდან მომხსნეს, მაგის ბრალია. წარმოდგენა არ ჰქონდა ფინანსებზე, ყველაფერს ისევ მე ვაკეთებდი და მაინც უკმაყოფილო იყო. დიახ, იმ დღეს, მორიგი სისულელე ჩაიდინა, რომელიც ისევ მე უნდა გამესწორებინა და ამიტომ ვყვიროდი, მაგრამ როცა ოთახიდან გამოვედი, იქ დამლაგებელი შევიდა და მერწმუნეთ, დაადასტურებს, მთავარი ბუღალტერი ცოცხალი რომ იყო. მას შემდეგ, დარაჯთან ერთად ვიჯექი და ვსვამდი იმიტომ, რომ გაცოფებული ვიყავი“, - განაცხადა ეჭვმიტანილმა და მის სიტყვებს თუ დაუჯერებდნენ, გამოდიოდა, რომ დარაჯსაც ალიბი ჰქონდა. დარაჯმა ყველაფერი დაადასტურა და ძალოვნებიც სხვებზე გადაერთვნენ, მაგრამ იმასაც ფიქრობდნენ, რომ იყო შანსი, დარაჯსა და ეჭვმიტანილს მოელაპარაკებინათ, ფული გაენაწილებინათ და ერთმანეთისთვის ალიბიც შეექმნათ.

საწარმოს დირექტორი მხრებს იჩეჩდა, დამიჯერეთ, არც მოტივი მქონდა მოკვლის და რაც მთავარია, გესმით ალბათ, რომ არც 30 ათასი მანეთია ის თანხა, რომ მოვხიბლულიყავი და ამის გულისთვის თანამდებობა და კარიერა სასწორზე დამეყენებინაო. მისი სიტყვები ნამდვილად იყო რეალობასთან ახლოს, მაგრამ... ხომ შეიძლებოდა, ბუღალტერს ისეთი რამ სცოდნოდა, ხელმძღვანელის კარიერა დანგრეულიყო? და მთავარი - კაცი, რომლის ვალიც ჰქონდა ბუღალტერს.

„რატომ უნდა მომეკლა? მკვდრისგან რას ამოვიღებდი? ფულის ნაწილი მომცა და ნაწილს მომავალი კვირის ბოლოს დამპირდა. შესაბამისად, იდიოტი უნდა ვყოფილიყვი, რომ მომეკლა და თუ იმას ფიქრობთ, რომ 30 ათასი მანეთი ავიღე და შემდეგ, აქ, ტერიტორიაზე ისევ შემომიშვებენ, რომ ფული ავიღო, ძალიან გულუბრყვილოები ხართ. სხვაგან ეძებთ, სხვაგან“, - განაცხადა მორიგმა ეჭვმიტანილმა.

საინტერესო ის გახლდათ, რომ გარდაცვლილი მისმა ნათესავმა, ობოლმა ბიჭმა იპოვა და შავ დღეში იყო. ჯერ ხომ იქვე, ოთახში აერია გული, შემდეგ გარეთ და ექიმების დახმარება დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო. მისი დაკითხვა მაინც მოხერხდა.

„საღამოობით მარტო არასდროს მივდიოდი, ყოველთვის ბიძაჩემს ველოდი და ამ დღესაც ასე მოხდა. რომ აღარ გამოვიდა, ოთახში შევედი და დავინახე, რომ სკამზე იყო გადაწოლილი და გულის მხარეს დანის ტარი უჩანდა. კინაღამ გრძნობა დავკარგე, ყვირილი მინდოდა და პირი რომ დავაღე, გული ამერია. გარეთ გამოვვარდი, იქ დავიწყე ყვირილი, მერე ბუნდოვნად მახსოვს. ბოლოს ექიმები მოვიდნენ, რაღაც ნემსი გამიკეთეს და ისევ გული ამერია. არ ვიცი, საეჭვო არავინ და არაფერი დამინახავს“, - არეულად საუბრობდა ბიჭი.

მომხდარიდან მეორე დღეს, ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ძალოვნებს საინტერესო რამ უთხრა. მისი აზრით, მკვლელი შეიძლება დამლაგებელი ყოფილიყო, რადგან... მთავარი ბუღალტერი მის შვილიშვილს არ ასვენებდა, ობოლ გოგოს, რომელიც ბებიას აკითხავდა ხოლმე და გარდაცვლილი მუდმივად ავიწროვებდა, ცდილობდა, ფულით მოეხიბლა და სასიყვარულო ურთიერთობაზე დაეთანხმებინა. ეს რაღაც ახალი იყო და ვერსიის გადასამოწმებლად, სამართალდამცავები დამლაგებლის სახლში წავიდნენ. კარი მოხუცმა გააღო და როცა ძალოვნები დაინახა, გაუკვირდა, მგონი, ყველაფერი გითხარითო, მაგრამ მათ შვილიშვილი მოიკითხეს და მოხუცმაც უთხრა, თავის ოთახშია, მეგობარმა მოაკითხა და იმას ესაუბრებაო. გამომძიებელი თანაშემწესთან ერთად, სამზარეულოში ჩამოჯდა და გოგონას დაელოდა. გოგო ოთახში მალე შევიდა და რომ არა საბუთებით დადასტურებული ასაკი, ვერავინ იტყოდა, რომ ის არასრულწლოვანი იყო. მან ბებიას გახედა და გამომძიებელმაც, გოგოს ასაკის მიუხედავად, ბებია სამზარეულოდან გაისტუმრა. გამოცდილი მაძებარი კარგად ხვდებოდა, ბავშვს რაღაც ჰქონდა სათქმელი და ან ახლა იტყოდა, ან არასოდეს და ზრდასრული დამსწრის თანდასწრებით ხმას არ ამოპიღებდა. ახლა მთავარი აღიარება იყო, მერე კი, ყველაფერს ოფიციალურ სახეს მარტივად მისცემდნენ.

„ვიცი, რომ ის კაცი მოკლეს, მაგრამ მე არ მომიკლავს. ობლობაში ვარ გაზრდილი, 5 წლის ვიყავი, მშობლები რომ დაიღუპნენ და ბებია მზრდიდა, თუმცა ყოველთვის გვიჭირდა. მასთან სიარული იმიტომ დავიწყე, რომ მივხვდი, ძალიან იღლებოდა, ვიფიქრე, შევეშველები-მეთქი. იმ კაცმა თვალი დამადგა, ვითომ შემთხვევით მეხებოდა ხოლმე ხან - ფეხზე, ხან - ხელებზე, მერე მკერდზე დამიწყო ხელების ფათური. ჩემი ნებით დავწექი მასთან და სანაცვლოდ ფულს ვართმევდი, არცთუ მცირე თანხას, ჩემი მომავლისთვის მჭირდებოდა, ბებიას მათხოვრული ხელფასით წინ ვერ წავიდოდი“, - თქვა გოგონამ და ამ დროს მოხდა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა - სამზარეულოში გარდაცვლილის ნათესავი შემოვარდა, გოგონას დანა მოუქნია და იმის მიუხედავად, რომ ძალოვნებს მყისიერი რეაქცია ჰქონდათ, მკლავი მაინც გვარიანად გაუსერა. რა თქმა უნდა, ბიჭი დააკავეს, რომელსაც ისტერიკა ჰქონდა და გოგოს მოღალატეს ეძახდა.

„როცა ეს გოგო გავიცანი,მივხვდი, რომ მთელი ცხოვრების სიყვარული ვიპოვე. ისიც ობოლი, მეც ობოლი... მერე მითხრა, ბიძაშენმა გამაუპატიურაო და მომენტს ველოდი, რომ მომეკლა. ახლა კი... ახლა გავიგე, რომ თურმე თავის ნებით უწვებოდა და მე მკვლელობა ჩამადენინა. ფული მორალური ზიანისთვის ავიღე, იქვე მაქვს დამალული, განახებთ. გული კი მართლა ამერია, რადგან არ ვარ მოწოდებით მკვლელი და გამზრდელი ბიძა ამ გოგოს ვანაცვალე“, - არეულად ამბობდა ბიჭი და სასამართლომ მას განზრახ მკვლელობისთვის, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე