„მე ახლა მკვდარი უნდა ვიყო“ - დონალდ ტრამპის სკანდალური დოსიე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს, მსოფლიოს ყურადღება პლანეტის ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოსკენ არის მიპყრობილი და ეს ბუნებრივიცაა - რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ  დონალდ ტრამპს, პენსილვანიის შტატში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ესროლეს. სროლის შედეგად, ტრამპი დაშავდა და, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ტყვია „მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში“ მოხვდა. თავდასხმიდან მალევე, გამოძიების ფედერალურმა სამსახურმა ანუ FBI-მ გაავრცელა ინფორმაცია ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობის შესახებ. კერძოდ, დნმ-ის ტესტის საფუძველზე დადგენილია, რომ პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში, ამომრჩეველთან შეხვედრისას, ტრამპს თავს 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი დაესხა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 70 კილომეტრით დაშორებულ დასახლებაში ცხოვრობდა. კრუქსი საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა მას შემდეგ მოკლეს, რაც ტრამპის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. რა გახდა თვდასხმის მიზეზი? - ეს ამ ეტაპზე უცნობია, სამაგიეროდ, ცნობილია, რომ კრუქსი რესპუბლიკელების ამომრჩევლად იყო დარეგისტრირებული, თუმცა ფედერალური კამპანიის ანგარიშების მიხედვით, 2021 წლის 20 იანვარს, მან 15 დოლარი პროგრესული პოლიტიკური ქმედების კომიტეტს გადაურიცხა. ტრამპზე თავდასხმამ, ცხადია, მსოფლიო აღაშფოთა და ამ ამბავს, ბუნებრივია, გაგრძელებაც ექნება, მინიმუმ, თუ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა, თავდასხმას სათვისოდ გამოიყენებს და, როგორც წამებული ლიდერი, მასების მხარდაჭერასაც დაიმსახურებს, თუმცა ეს მომავლის საქმეა. ახლა კი „ვერსია“, ინტერნეტმასალებზე დაყრდნობით, დონალდ ტრამპის X-ფაილს წარმოგიდგენთ.

მაშ ასე, ვინ არის ტრამპი - ამერიკის პატრიოტი თუ მილიარდერი, რომელიც ქვეყნის ინტერესებზე წინ, საკუთარ ეგოს აყენებს?

 

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი პირველად რომ გახდა, 70 წლის იყო. მაშინ, 2016 წელს, საპრეზიდენტო მარათონში ტრამპმა დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა. მან პრეზიდენტობა მეორედაც მოინდომა, თუმცა 2020-ში აღარ გაუმართლა და ჯო ბაიდენთან ბრძოლაში დამარცხდა. ამჯერადაც ბაიდენს ეჯიბრება...

სხვათა შორის, ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ინტერესი ჯერ კიდევ 1987 წელს ჰქონდა, თუმცა ოფიციალურად საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ ორი ათეული წლის მერე, კერძოდ, 2015 წელს წამოაყენა.

 

ბიოგრაფია

... დონალდ ჯონ ტრამპი 1946 წლის 14 ივნისს, ნიუ იორკში, უძრავი ქონების წარმატებული დეველოპერის, ფრედ ტრამპისა და მერი მაკლაუდის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები გერმანიიდან და შოტლანდიიდან იყვნენ.

13 წლის ასაკში, ტრამპი სამხედრო აკადემიაში გაგზავნეს, სადაც 1959-დან 1964 წლამდე სწავლობდა. 1964-1966 წლებში, ბრონქსში, ფორდჰემის უნივერსიტეტში, შემდეგ კი პენსილვანიაში, უორტონის სკოლაში, ეკონომიკის მიმართულებით მიიღო განათლება.

1960-იან წლებში, ტრამპის უფროსმა ძმამ, ფრედმა პილოტობა გადაწყვიტა. სწავლის დასრულების შემდეგ, დონალდმა პილოტი ძმა ჩაანაცვლა და მამის ბიზნესის მართვაში აქტიურად ჩაერთო. მოგვიანებით, 1981 წელს, ფრედ ტრამპი ალკოჰოლთან დამოკიდებულებით გარდაიცვალა. დონალდ ტრამპის თქმით, ამ ინციდენტის გამო, ალკოჰოლსა და სიგარეტს მთელი ცხოვრება თავს არიდებს.

კოლეჯის შემდეგ, ტრამპი სრულიად ჩაერთო მამის სამშენებლო ბიზნეს-საქმიანობაში. 1971 წელს, მამის საკუთრებაში არსებული კორპორაციების თავმჯდომარე, 1974 წელს კი - პრეზიდენტი გახდა. კომპანიას მოგვიანებით სახელი გადაარქვა და ტრამპის ორგანიზაცია უწოდა.

მართალია, ტრამპი პროფესიულად მამის კვალს გაჰყვა, მაგრამ საკუთარი ბიზნესი მაინც განსხვავებულად და უფრო ამბიციურად წარმართა. ბრუკლინისა და ქუინსის შემდეგ, თავისი ნიშა მანჰეტენზე იპოვა, სადაც რამდენიმე გრანდიოზული პროექტი წარმატებით დაასრულა და მეხუთე ავენიუზე, 68-სართულიანი ტრამპ-თაუერიც ააშენა.

სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, არსებობდა იდეა, რომ ე.წ. ტრამპ-თაუერი საქართველოშიც უნდა აშენებულიყო, მაგრამ... იდეა იდეად დარჩა....

უძრავი ქონების პარალელურად, წარმატებული იყო ტრამპის მოღვაწეობა შოუ-ბიზნესშიც. კერძოდ, 1996-დან 2015 წლამდე, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი სილამაზის კონკურსების - „მის სამყაროს“, „მის ამერიკისა“ და „მის თინეიჯერი ამერიკას“ მფლობელი გახლდათ. 2004 წელს კი, NBC-ის ეთერში, მისი სატელევიზიო გადაცემის - „მოსწავლე“ (The Apprentice) დებიუტი შედგა. როგორც ცნობილია, აღნიშნულმა შოუმ ტრამპს 213 მილიონი დოლარი მოუტანა. ის რამდენიმე წიგნის ავტორიცაა.

 

ქონება

„ფორბსის“ მონაცემებით, ტრამპი 2.5 მილიარდი დოლარის მფლობელია. ამის ფონზე კი, The New York Times-მა, 2020 წლის 27 სექტემბერს, ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ტრამპი 10 წლის მანძილზე გადასახადებს არ იხდიდა, 2016-17 წლებში კი მხოლოდ 750 დოლარი გადაიხადა.

 

ოჯახი

მილიარდელი ტრამპი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ცოლი, ჩეხი სპორტსმენი და მოდელი, ივანა ზელნიკოვაა, რომელთანაც სამი შვილი - ივანკა, დონალდ უმცროსი და ერიკი ჰყავს.

წყვილის ურთიერთობა 1990 წელს დასრულდა.

1993-1999 წლებში, ტრამპი მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა მსახიობ მარლა მეიპლისთან, რომელთანაც ერთი შვილი ჰყავს.

რაც შეეხება ამჟამინდელ ცოლს - მელანია ტრამპს, ტრამპი მასთან ქორწინებაში 2005 წლიდანაა და ერთი საერთო შვილი, ბარონ უილიამი ჰყავს.

 

ტრამპის პოლიტიკა და სკანდალები

მილიარდელი ბიზნესმენის პოლიტიკური ცხოვრება ამერიკის პრეზიდენტობამდე მრავალფეროვანი არ ყოფილა. 1980-იან და 2000-იან წლებში ვრცელდებოდა ხმა კენჭისყრაში მისი მონაწილეობის შესახებ, მაგრამ 2000 წელს მან უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე და გამოუშვა წიგნი - „ამერიკა, რომელსაც ვიმსახურებთ“. წიგნში საკუთარი ეკონომიკურად კონსერვატიული შეხედულებები ჩამოაყალიბა. ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ, უკვე 2012 წელს გამოჩნდა პოლიტიკაში და ყურადღება ბარაკ ობამას მიმართ გავრცელებული ყალბი განცხადებებით მიიქცია. იმხანად ტრამპი ამტკიცებდა, რომ დემოკრატი ობამა ამერიკაში არ იყო დაბადებული.

2016 წელს, ტრამპის კამპანია მეტწილად კონტროვერსიული იყო. მაგალითად, ვრცელდებოდა ინფორმაცია აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. კერძოდ, აშშ-ის დაზვერვის სამსახურებს მიაჩნდათ, რომ ეს პროცესი უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის მიერ იყო მართული და არჩევნებში ტრამპის მეტოქის, ჰილარი კლინტონის დამარცხებას ემსახურებოდა. კოლუმბიის ფედერალურმა სასამართლომ რუსული კომპანია, ინტერნეტ-კვლევების სააგენტო, ე.წ. ტროლების ფაბრიკა, 2016 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა და 13 პირს ბრალი წაუყენა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი აღნიშნულს უარყოფდა, მოგვიანებით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის დასკვნას იმის შესახებ, რომ რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, დაეთახნმა.

2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, სადავო იყო მისი დაპირებებიც. ტრამპი ამერიკელ ხალხს მექსიკისა და აშშ-ის საზღვარზე კედლის აშენებას ჰპირდებოდა. იგი, ასევე, ეხებოდა ქვეყანაში მუსლიმების შესვლის აკრძალვას. გარდა ამისა, კამპანიის პერიოდში, ხშირი იყო ტრამპის რასისტული, სტერეოტიპული, თუ ქსენოფობიური განცხადებებიც.

რა გაქვთ დასაკარგი?“ - ასე მიმართა 2016 წელს, აფროამერიკელ ამომრჩეველს დონალდ ტრამპმა.

სიღარიბეში ცხოვრობთ, სკოლები არ გაქვთ კარგი, არ გაქვთ არც სამუშაოები, 58 პროცენტი თქვენი ახალგაზრდებისა უმუშევარია, რა ჯანდაბა გაქვთ დასაკარგი, - განაცხადა მაშინ ტრამპა.

მსოფლიო გაოცებული იყო, როცა ტრამპი პრეზიდენტი გახდა. მან საარჩევნო კოლეგიის საჭირო 270 ხმაზე მეტი ანუ 304 მოაგროვა და დემოკრატი კლინტონი დაამარცხა. იმ პერიოდში, მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ტრამპის კონკურენტის მხარდამჭერი იყო, ტრამპი კი - ობამას პოლიტიკის ღია მოწინააღმდეგე. დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ ორი ლიდერისკენ მიემართა. წინასაარჩევნოდ, მათ შორის არსებული დაძაბული გარემოს მიუხედავად, მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ერთმანეთს მშვიდ გარემოში შეხვდნენ. ტრამპმა ობამასთან თანამშრომლობის სურვილიც კი გამოთქვა.

2017 წლის 27 იანვარს, ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, 120 დღით, 7 მუსლიმურ ქვეყნიდან ხალხის აშშ-ში გადასვლა შეზღუდა. ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, ის ამ ინიციატივას „ეროვნული უსაფრთხოების“ ინტერესებით ხსნიდა.

გარდა ამისა, ტრამპს ქსენოფობიური დამოკიდებულება აქვს მექსიკელების მიმართ. მისი თქმით, ისინი „მოძალადეები“ არიან და ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელებას უწყობენ ხელს.

2020 წლის სექტემბერში, ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სამხრეთის საზღვარაზე, 300 მილის ბარიერის აშენება დაასრულა.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს გაძლიერდა სასამართლოს კონსერვატიული ფრთა. მან, 4 წლის განმავლობაში, უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე წარადგინა, მათ შორის, ბოლო იყო 48 წლის ემი კონი ბარეტი, რომელიც აბორტის მოწინააღმდეგეა. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს კონსერვატიული ფრთის წარმომადგენლებმა - მათ იმედი აქვთ, რომ გაუქმდება უზენაესი სასამართლოს 1973 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც აბორტი დასაშვები გახდა.

ტრამპი, თავისი განცხადებების გამო, ხშირად ხვდებოდა მედიისა და საზოგადოების კრიტიკის ქვეშ. მაგალითად, 2020 წლის 23 იანვარს, რასისტული განცხადება გააკეთა - კორონავირუსს „ჩინური ვირუსი“ უწოდა და მის აღსაწერად ტერმინი „კუნგ ფლუ“ (kung flu) გამოიყენა. პრობლემური იყო ტრამპის საუბარი საკუთარი მხარდამჭერების მიმართაც. ერთ-ერთი კამპანიის წარმართვისას, ტრამპმა თქვა, რომ მისი მომხრეები იმდენად ერთგულები არიან, თუნდაც ვინმეს იარაღიდან ესროლოს, მათ ხმას მაინც არ დაკარგავს. ამასთან, 2019 წელს, ტრამპმა კონგრესის წარმომადგენელი ქალების, კერძოდ კი, ფერადკანიანი დემოკრატების შესახებ „დატვიტა“ და მოუწოდა, იმ ქვეყნებში დაბრუნებულიყვნენ, საიდანაც ჩამოვიდნენ.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის 4 წელი მისი მედიასთან ღიად ნეგატიური დამოკიდებულებითაც გამოირჩეოდა. მან არაერთხელ გამოუცხადა სიტყვიერი ომი ამერიკელ ჟურნალისტებს. The New York Times-ს, ABC-ის, CNN-ს ტრამპმა „საზოგადოების მტრები“ და „ფეიკ ნიუსების“ მედიები უწოდა. ასევე, ერთ-ერთი კონფერენციის დროს, ახალი ამბების რეპორტიორი ოთახიდან გააძევა - ტრამპი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც ჟურნალისტმა მას ემიგრაციასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვები.

ამასთან, ტრამპი არაერთხელ დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებასა და არაკეთილსინდისიერ ქმედებებში. ABC-ის ცნობით, ასეთი ქცევა, დაახლოებით, 18 ქალის მიმართ ჰქონდა. ბოლოს, მსგავსი შემთხვევა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოხდა, როცა ყოფილმა მოდელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მასზე სექსუალურად იძალადა. მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპი ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ „ყალბ ამბებს“ უწოდებს.

ასევე, სკანდალური იყო 2018 წელს, პორნო-ვარსკვლავის, სტორმი დენიელსის განცხადებებიც. მისი თქმით, 2016 წლის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონალდ ტრამპის ადვოკატმა მას 130 ათასი დოლარი გადაუხადა, რომ გაჩუმებულიყო და ტრამპთან ძველი ურთიერთობის შესახებ არაფერი ეთქვა. დენიელსის განმარტებით, მის ოჯახს ემუქრებოდნენ, ამიტომ დუმილი არჩია.

 

საგარეო პოლიტიკა

ტრამპის მმართველობის 4 წელი რამდენიმე დასამახსოვრებელი მოვლენით გამოირჩეოდა. მაგალითად, 2018 წლის 8 მაისს, ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აშშ ირანის ბირთვულ შეთანხმებას დატოვებდა. ტრამპის თქმით, ამ შეთანხმებას რეალური ძალა არ ჰქონდა. ამასთან, ექსპერტების შეფასებით, დიდი იყო ტრამპის როლი იმაში, რომ ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები სრული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ.

ტრამპმა ამ მოვლენას „ისტორიული მიღწევა“ უწოდა. შეთანხმება მიღწეული იქნა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღით ადრე, ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს და ბაჰრეინის მეფეს, ჰამად ბინ ისა ალ ხალიფას ესაუბრა.

გარდამტეხი იყო ტრამპის შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან. დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა და ჩრდილოეთ კორეაში ფეხი დადგა. შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც დემილიტარიზებულ ზონაში ჩასვლის სურვილის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა ოსაკაში, დიდი ოცეულის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. სადემარკაციო ზონაში ტრამპმა გადაკვეთა საზღვარი, რომელიც ორ ქვეყანას შორის მშვიდობისა და დიპლომატიური ურთიერთობების სიმბოლოა.

ამასთან, მისი პრეზიდენტობის დროს შეიცვალა ურთიერთობა ჩინეთთანაც. კერძოდ, ტრამპმა ქვეყანასთან სავაჭრო ომი წამოიწყო. პანდემიის გავრცელებათან ერთად კი, ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო გამწვავადა. დონალდ ტრამპი კორონავირუსის წარმოშობასა და მასობრივად გავრცელებას, სწორედ ჩინეთს უკავშირებს.

ისტორიულად მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როცა ტრამპს 2019 წლის დეკემბერში, აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა. პრეზიდენტს ბრალი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლაში ჰქონდა წარდგენილი. კერძოდ, ამის მიზეზი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი იყო, რა დროსაც ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ გამოძიება დაეწყო 2020 წლის არჩევნებში მისი იმ დროისთვის სავარაუდო კონკურენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ. საბოლოოდ, ეს პროცესი იმით დასრულდა, რომ ამერიკის სენატმა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში გაამართლა.

 

ტრამპი და საქართველო

2017 წელს, ტრამპმა საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით, მისალოცი წერილი გამოუგზავნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი.

საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მსოფლიოსათვის კვლავ შთამაგონებელია, - ეწერა წერილში.

ამასთან, 2017 წლის 8 მაისს, საქართველოს მაშინდელი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა, რა დროსაც ტრამპმა აღნიშნა, რომ საქართველოს და ამერიკას მნიშვნელოვანი სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა აკავშირებთ.

მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, 2017 წელს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დაუჭირა მხარი. გარდა ბევრი პრობლემური საკითხისა, დოკუმენტში საქართველოზეც იყო საუბარი. კერძოდ, კანონპროექტში ნათქვამი იყო, რომ რუსეთი კვლავ არ ასრულებს 2008 წლის აგვისტოში გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანასთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული ჯგუფებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დაუბრკოლებელ შესვლას ითვალისწინებს.

2019 წელს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. ის ნიუ იორკში, დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ დიპლომატიური მიღებას დაესწრო.

2020 წელს კი, როცა ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს დამოუკიდებლობა მოულოცა, აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა უნდა გაგრძელდეს. ამასთან, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამერიკა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას განაგრძობდა.

და ბოლოს, უნდა ითქვას ისიც, რომ ტრამპი საქართველოში ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე იმყოფებოდა. 2012 წელს, ის ქვეყანას სტუმრობდა, როგორც ბიზნესმენი და ბათუმში, ტრამპ-თაუერის აშენებას გეგმავდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პროექტზე მუშაობა არ გაგრძელებულა.

 

***

„მე აქ არ უნდა ვიყო, მე მკვდარი უნდა ვიყო“, - ეს განცხადება დონალდ ტრამპმა თავდასხმის შემდეგ გააკეთა. მისივე თქმით, მოქმედების პატარა ცდომილების შემთხვევაში, ტყვია ან ტვინში, ან პირდაპრ თავის ქალაში მოხვდებოდა, რაც მის სიკვდლს გამოიწვევდა.

„მე აქ არ უნდა ვიყო, მე მკვდარი უნდა ვიყო. საავადმყოფოში ექიმმა თქვა, რომ მას მსგავსი არაფერი უნახავს, მან ამას სასწული უწოდა. ყველაზე წარმოუდგენელი ის იყო, რომ მე არა მარტო მოვტრიალდი, არამედ, ზუსტად სწორ დროს, ზუსტად საჭირო რაოდენობით, თუ მხოლოდ ნახევრად მოვტრიალებოდი, ტყვია პირდაპირ ტვინში მომხვდებოდა, მეორე შემთხვევაში კი - თავის ქალაში. მე სიამოვნებით მივაღწევდი ერთიანობას, თუ ეს შესაძლებელია. მეორე მხარეს ბევრი კარგი ადამიანია. ზოგს ნამდვილად სურს ღია საზღვრები და ზოგსაც - არა. საკითხავია, შეიძლება თუ არა ეს ორი მხარე ერთად იყოს. მხარეები, სადაც ჰყავთ ადამიანები, რომელთაც სურთ, ნახონ მამაკაცები ქალთა სპორტში და მხარეები, სადაც არ ესმით ერთობის ნებადართული ცნებაც კი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასეა თუ ისე, ყველა ექსპერტი - ქართველიცა და უცხოელიც ვარაუდობს, რომ თუ დემოკრატები საპრეზიდენტო კანდიდატს არ შეცვლიან და ბაიდენი აშშ-ის პირველი პირის სავარძლის დაკავებას ხელმეორედ შეეცდება, ამ ბრძოლაში ტრამპს დიდი უპირატესობა ექნება.

ასე რომ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

 

 

ავტორი-ნინო დოლიძე