დისლექსია - როცა ჭკვიანი ხარ და მაინც ვერ კითხულობ

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოში მოსწავლეების 5-7 პროცენტს დისლექსია აქვს, მაგრამ ხშირად ამის შესახებ თავად არ იცის, შესაძლოა ვერც მასწავლებელი მიხვდეს და ვერც მშობელი.

როგორ ამოვიცნოთ დისლექსია და რა მოვუხერხოთ იმას, რაც სამუდამოა და წამლებით არ იკურნება?

„ჩვეულებრივად ვწერ, ხანდახან მეშლება, მაგრამ ძალიანაც არა. კარგად ვანგარიშობ. თუ კითხვებს დამისვამენ, მშვენივრად ვპასუხობ. მაგრამ, აი, კითხვა ვერაფრით ვისწავლე. ვერ ვისწავლე და რა ვქნა? ხანდახან მგონია, სწორად ამოვიკითხე ის საძაგელი წინადადება, მაგრამ მერე ხმამაღლა ვამბობ და საერთოდ სხვა რამე გამომდის. უაზრობა. ხან ასოები მერევა, ხან პირველ მარცვალს ვერ ვკითხულობ, ხან შუაში მრჩება რამე წაუკითხავი და ბოლოს თოლიას ნაცვლად თხა გამომდის, გორგალის ნაცვლად გიორგი, რძის მაგივრად ხე. რანაირად, მეც არ ვიცი. მიდი მერე და გაიგე, რა წავიკითხე, თუ მაგარი ხარ. იმის გარდა, რომ ასეთი კითხვა მტანჯავს და მღლის, ცალკე კიდევ სულ მეშინია, ხმამაღლა არ წამაკითხონ“, - ამას 11 წლის ნინია წერს, გამოგონილი პესონაჟი წიგნიდან „მე ვარ“. ის იმ ბავშვების კოლექტიური სახეა, რომლებიც დისლექსიით იტანჯებიან.

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგმა ზანდა ჩეჩელაშვილამა წიგნი ათწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით დაწერა და ის სამ ისეთ დიაგნოზს მიუძღვნა, რომლებიც სკოლის მოსწავლეებში განსაკუთრებით გავცელებულია: დისლექსია, ენის ბორძიკი და ADHD.

აქ ნამდვილი ამბებია. წიგნი ყველასთვისაა, ვისაც დისლექსიასთან შეხება აქვს, ან შეიძლება ჰქონდეს, ბავშვებისთვის, მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის.

დისლექსია ახალი ხილი არ არის, მაგრამ მის შესახებ ყველამ მაინც არ იცის. დისლექსიის მქონე შესაძლოა ზარმაცი ან უჭკუო ეგონოთ. ამის გამო ბავშვებს ხშირად დაბალი თვითშეფასება აქვთ, მათ ხომ ყველაზე ადვილი რამ - კითხვა - არ გამოსდით.

დისლექსია თანდაყოლილია, შესაძლოა იყოს მემკვიდრულიც. არ იკურნება, მაგრამ ამ დიაგნოზით ცხოვრება შესაძლებელია და წარმატებულადაც.

დისლექსიის მქონე ბავშვს ასოსა და ბგერას შორის კავშირის დამყარება უჭირს. მაგალითად, დაწერილ „ა“-ს და წარმოთქმულ „ა“-ს ერთმანეთთან ვერ დააკავშირებს. ამიტომ რასაც ცნობს, იმას კითხულობს, და ხშირად სიტყვის პირველ მარცვალს ასოციაციურად ამთავრებს. სიტყვების ამოსაკითხად, გასაერთიანებლად, აზრის გამოსატანად ძალიან დიდი დრო და ძალა ეხარჯება.

დისლექსიის შესახებ სპეციალისტები კარგა ხანია ლაპარაკობენ, მაგრამ ამ პრობლემაზე ბევრის ყურადღება მაინც საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ მიაპყრო. 2023 წელს, Europop-თან ინტერვიუში ის გულწრფელად მოჰყვა, რომ მთელი ცხოვრება დისლექსიით იტანჯებოდა.

 

„მთელი ბავშვობა მეგონა ჩემი თავი შტერი, გაუნათლებელი. ყველა მასწავლებელი მაგას მეუბნებოდა.

ხმამაღლა კითხვა არ შემიძლია. მერევა ასოები. კვეკვესკირი [ნიკა კვეკვესკირი, ქართველი ფეხბურთელი - რ.თ.] სულ დამცინის ხოლმე. რაღაცას წავიკითხავ, ჩემს თავში მგონია, რომ ეს არის და რაღაც სხვა არის. ჰოდა, მთელი ბავშვობა [ასე] გავიზარდე, რომ არ ვარ, რა, კითხვაში კარგი. მასწავლებელი რომ ამაყენებს, ვერ ვკითხულობ და... დაჯექი, შტერო, გაუნათლებელო. მაგის მერე კომპლექსი მაქვს მთელი ბავშვობა. სანამ ჰოლანდიაში არ წავედი და იქ ინგლისურის სწავლა არ დავიწყე… მასწავლებელმა მითხრა, შვილო, წადი, დისლექსიაზე შეემოწმე, უეჭველი დისლექტიკი ხარო. არც ვიცოდი, ეს სიტყვა რა იყო. წავედი, იქ უნივერსიტეტია დისლექსიის და ტესტები გავიარე… სპორტსმენი რომ არ ვყოფილიყავი, მთელი ცხოვრება არ მეცოდინება, რომ დისლექტიკი ვარ“, - თქვა მაშინ კაშიამ.

ნაკრების კაპიტანთან ინტერვიუს ეკა თინაშვილი ინტერნეტში „სქროლვის“ დროს გადააწყდა და მიხვდა, რომ მისი შვილი, ილია, რომელიც აქამდე უშედეგოდ დაჰყავდა თვალის ექიმთან, სინამდვილეში დისლექტიკი იყო.

ილია ახლა 14 წლისაა, რაც დიაგნოზი დამისვეს, დავმშვიდდი და უკეთ ვკითხულობო, ამბობს.

„დასაწყის კლასებში არ მიჭირდა. მაშინ სხვა მეთოდით ვსწავლობდით, გულში უნდა წაგვეკითხა და მერე გვეთქვა. მერე ჩამოვრჩი სხვა ბავშვებს. მეგონა, მე ვიყავი ასეთი. მარტო გულში კითხვა გამომდიოდა. მასწავლებელი ნიშანს მაკლებდა, კარგად რომ ვერ ვკითხულობდი. მხოლოდ ქართულში მივიღე 8 ქულა, სხვა ყველაფერში 10 მქონდა, მათემატიკაში, ფიზიკაში კლასელები ყველაფერს მე მეკითხებიან. - ჰყვება ილია, - ბავშვები ცდილობდნენ არ შეემჩნიათ, მაგრამ მაინც... თუმცა, ამის გამო არავის დაუცინია“.

ილიას დედა ეკა ამბობს, რომ დისლექსიის შესახებ მანამდე არაფერი გაეგო და ამის გამო დროულად ვერ მიხვდა, ბავშვს რა სჭირდა. ვერც ექიმები მიხვდნენ.

„ხან სად დამყავდა, ხან - სად. კი მეუბნებოდნენ, არაფერი სჭირსო, მაგრამ თან ბავშვი რომ განიცდიდა... როგორც კი გავარკვიეთ, რომ დისლექსია იყო, ბავშვი მაშინვე დაწყნარდა, ესე იგი, ჩემი ბრალი არ არისო. ამას განიცდიდა. ამის მერე სულ შეიცვალა“, - იხსენებს ეკა და იმასაც ამატებს, რომ თერაპევტის დახმარების შემდეგ ილია გაცილებით უკეთაც კითხულობს.

ზანდა ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ მთავარი მაინც დროული დახმარებაა, თვითმკურნალობა დისლექსიას ვერ შველის.

„მეორე კლასში თუ ბავშვი ვერ კითხულობს (შესაძლოა რიცხვებზეც იგივე პრობლემა ჰქონდეს), სპეციალისტს უნდა მიმართო. დისლექსიაზე უფრო ხშირად ნეიროფსიქოლოგები ან მეტყველების თერაპევტები მუშაობენ, ასევე სპეცმასწავლებლები და აკადემიური თერაპევტებიც.

დისლექსიის ამოცნობა პედაგოგს არ უჭირს, ძალიან თვალში საცემია, ბავშვი კითხვისას იტანჯება, იმალება, რომ არ გამოიძახონ და არ წააკითხონ, რცხვენია. ამ დროს თუ შენ წაუკითხავ, ყველაფერს გაიგებს, - ამბობს ზანდა ჩეჩელაშვილი, - ეს გამოცდების ჩაბარების დროსაც პრობლემაა, დისლექსიის მქონე ადამიანისთვის ადაპტირებული ტექსტი უნდა იყოს. უფრო დიდი ასოებით დაწერილი, უფრო მეტი დრო უნდა მიეცეთ წასაკითხად“.

ზანდა ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ დისლექსიასთან ერთად ბავშვებს შეიძლება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის დარღვევა (ADHD) ჰქონდეთ. შესაძლოა ამას ტიკები, ენის ბორძიკიც დაემატოს, რადგან როგორც დისლექსია, ესენიც ნეირობიოლოგიური დარღვევებია და ხშირად ერთად ვლინდება.

ავტორი: თეა თოფურია

წყარო: რადიო თავისუფლება