საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს უკრაინას დაუპირისპირდება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პოზნანში უკრაინას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

„ჯვაროსნებმა“ მატჩისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ვარჯიში გამართა. პოზნანში, მატჩისწინა საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

„გუნდში კარგი განწყობაა და ფეხბურთელები მოუთმენლად ელიან ხვალინდელ შეხვედრას. წარუმატებელი მატჩების სერია არ ნიშნავს, რომ უკრაინა მომდევნო თამაშსაც აუცილებლად წააგებს. მეტოქე ძლიერი გუნდია და ბევრი ინდივიდუალურად გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს. რთული მატჩი გველის, თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენი მოთამაშეები მზად არიან. რაც მთავარია, ფოკუსირებულები არიან საკუთარ დავალებაზე და ეს საუკეთესო გზაა მაღალი დონის თამაშის საჩვენებლად.

შეკრებით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებისგან იგივე მიდგომას, სურვილს, დისციპლინას და ატმოსფეროს ვგრძნობ. თუმცა, ფეხბურთი არ არის ზუსტი მეცნიერება. ვიცით, რომ მომავალში იქნება გამარჯვებებიც და მარცხიც და ეს ნორმალურია“, - აღნიშნა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

მატჩის ყურება შესაძლებელი იქნება რესპუბლიკის მოედანზე, სადაც სპეციალური ეკრანები დამონტაჟდება.

14 ოქტომბერს საქართველო-ალბანეთის შეხვედრა კი მიხეილ მესხის სტადიონზე სტარტს 20:00 საათზე აიღებს. მატჩებისთვის „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.