მოძალადე კაცის შვილს მამისგან გაუპატიურებეული ქალი შეუყვარდა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ძალიან დიდი ოჯახური ტრაგედიის სისხლიანი დეტალები

მატარებლით მგზავრობა ადრე მთელი ფილოსოფია იყო. ეს ახლაა, ჩქაროსნული მატარებლები და ვერ ასწრებ, კუპეში მგზავრი გაიცნო, თორემ ადრე, როცა მაგალითად, მატარებლით თბილისიდან საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკაში მიდიოდი და გზაში რამდენიმე დღეს ატარებდი, სხვა „გაგება და ურთიერთობა“ იყო. მეტიც, მატარებელში გაცნობილ ადამიანთან იშვიათად, მაგრამ მაინც იქმნებოდა ოჯახები, ოჯახები თუ არა, იყო დამეგობრება, ურთიერთობა, სტუმრად მისვლა, ბავშვის მონათვლა და ყველაფერი ეს, ძალიან ლამაზი და სუფთა იყო. ჰო, რა თქმა უნდა, ხდებოდა ისეც, რომ ორ-სამდღიანი რომანით კმაყოფილდებოდნენ წყვილები, ერთმანეთს არც სახელს ეკითხებოდნენ, არც - მისამართს, უბრალოდ, ერთობოდნენ და მერე ორივე თავის გზაზე მიდიოდა იმ იმედით, რომ ერთმანეთს აღარასოდეს შეხვდებოდნენ...

 

საქართველოს ერთ-ერთ დიდ ქალაქში, მშენებარე კორპუსიდან ახლგაზრდა ქალი გადმოხტა. უფრო სწორედ, ასეთი ვერსია სამართალდამცავებს ჰქონდათ და არც არავინ აპროტესტებდა, რადგან ერთი შეხედვით, არ ეტყობოდა ძალადობის ნიშნები და რაც მთავარია, დარაჯი ამბობდა, რომ გოგონა მარტო შევიდა შენობაში, ამბობდა, აქ ჩემი ბინა უნდა იყოსო და შემდეგ გადმოვარდა. დარაჯს არც შესული დაუნახავს ვინმე სხვა და არც - გამოსული.

„გამორიცხულია, ჩემს დას თავი მოეკლა. ის გათხოვებას აპირებდა, ძალიან ბედნიერი იყო, საქმროც ჰყავდა, რაც მთავარია, ამ კორპუსში ბინას ელოდა და თქვენ გინდათ დამაჯეროთ, რომ თავი მოიკლა? სისულელეა ყველაფერი, ის გადმოაგდეს და მგონია, რომ დარაჯმა ან რაღაც იცის და მალავს, ან უბრალოდ, ეძინა და ახლა არ სურს, ეს ხმამაღლა თქვას“, - გარდაცვლილის უფროსი და ბოლო ხმაზე ყვიროდა.

„ისე, სახლს მეორე მხარესაც აქვს ასასვლელი სახანძრო კიბით. იქაურობას დავათვალიერებ და თუ ახალი ნაფეხურები არ იქნება, საქმეს ვხურავთ“, - ჩუმად ჩაილაპარაკა გამომძიებელმა და თანაშემწესთან ერთად, შენობას უკანა მხრიდან მოუარა. სახანძრო კიბე მტვრით კი იყო დაფარული, მაგრამ... აშკარად ჩანდა ახალი ნაფეხურები და ფეხსაცმლის ზომით თუ იმსჯელებდნენ, ნაფეხურები მამაკაცის უნდა ყოფილიყო. გამოდიოდა, რომ დის ვარაუდი რეალობისგან შორს არ იყო. საქმე ოფიციალურად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, მაგრამ არაოფიციალურად, სამართალდამცავები მკვლელს ეძებდნენ, რომელმაც გოგონა გადმოაგდო. პირველ რიგში, საქმრო უნდა დაეკითხთ.

„არ ვიცი, რა უნდა გითხრათ. ჩვენ ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარდა, მხოლოდ ბინის დასრულებას ველოდით და მერე მცირე ქორწილსაც ვგეგმავდით. მანამდე კი, როგორც გვიხერხდებოდა, ისე ვხვდებოდით ერთმანეთს. მეტიც, ეჭვი ჰქონდა, რომ ორსულად იყო, მაგრამ... არ ვიცი, რა ვიფიქრო, რატომ უნდა მოეკლა თავი? მტერი არ ჰყავდა, მეც არ მყავს ისეთი მტერი, რომელსაც შეიძლებოდა ასე გავემეტებინე“, - ამბობდა გულმოკლული საქმრო და ექსპერტების დასკვნის მიხედვით, მისი ვარაუდი მართალი იყო - გარდაცვლილი ორი კვირის ორსული გახლდათ.

სამართალდამცავებმა იმის გარკვევა დაიწყეს, ხომ არ იყო გოგო ვინმე სხვასთან ურთიერთობაში ანუ ხომ არ ჰყავდა საყვარელი, რომლისგანაც დაორსულდა, ეგებ, სწორედ მან გაიმეტა მოსაკლავად, ამიტომ ბოლომდე აამუშავეს აგენტურული ქსელი და ამასთან ერთად, მისი სამეგობროსa და თანამშრომლების გამოკითხვა დაიწყეს. ყველა ერთხმად, კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ საქმროს გარდა, გოგოს ურთიერთობა არავისთან ჰქონდა, დილით სწორედ საქმროს მიჰყავდა სამსახურამდე, მისი დასრულების შემდეგ კი, კართან ელოდა და გოგონაც სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდა, კუნტრუშით გარბოდა ხოლმე ბიჭის შესახვედრად და ისინი ერთად მიდიოდნენ, მთელ საღამოს ერთად ატარებდნენ, ხანდახან ბიჭი მასთან რჩებოდა, ან პირიქით, გოგონა რჩებოდა ბიჭთან, რომელსაც ცალკე, ერთოთახიანი ბინა ჰქონდა. ბიჭის მშობლებიც გამოჰკითხეს, მაგრამ ახალი ვერც მათგან გაიგეს, ნორმალურად არც კი ვიცნობდით, მკვლელობის წინა დღეს მოიყვანა ჩვენს გასაცნობად, გავიცანით, მაგრამ ერთი ნახვით, აბა, რა უნდა გაგვეგოო. ეს ახალი ამბავი იყო, საქმროს არ უთქვამს, რომ სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, საცოლე მშობლებთნ ჰყავდა. სანამ ბიჭს კიდევ ერთხელ დაჰკითხვდნენ, გამომძიებლები მეზობლებთან მივიდნენ და ჰკითხეს, ხომ არ იყო რამე ხმაური, ან ყვირილი ხომ არ გუგონიათ? მეზობლების თქმით, ხმაური არ ყოფილა, თუმცა გოგონამ საქმროს მშობლების სახლი მარტომ დატოვა და კიბეზე აჩქარებული ნაბიჯით დაეშვა. ეს რაღაც ახალი იყო - საქმროს არ უთქვამს, რომ მკვლელობის წინა დღეს, საცოლე მშობლებს გააცნო და რომ ის იქიდან მარტო წავიდა. გამოდიოდა, რომ იქ რაღაც მოხდა და ეს რაღაც, შესაძლოა, კავშირში ყოფილიყო მომხდართან. ამიტომ, სამართალდამცავებმა საქმრო სასაუბროდ განყოფილებაში დაიბარეს.

„ვაღიარებ, ცოტა უცნაური მშობლები მყავს და შეიძლება, ჩემთვისაც ვფიქრობ, მათ ისეთი რამ უთხრეს ჩემს საცოლეს, რომ გაბრაზდა დ გაიქცა, მაგრამ... თავის მოკვლა? ვეცადე, დავლაპარაკებოდი დედ-მამას, მაგრამ ორივე მხრებს იჩეჩავს, წარმოდგენა არ გვაქვს, რა მოხდა, ისეთი არაფერი გვითქვამსო. უფრო მგონია, რომ მამამ უთხრა რაღაც, რადგან მე საპირფარეშოში შევედი, იქიდან რომ გამოვედი, დედასთან ერთად სამზარეულოში გავედი, ნამცხვარი და ტკბილეული რომ გამოგვეტანა, მერე მეორედ გავედით და რომ შემოვედი, ჩემი საცოლე უკვე კიბეზე ჩარბოდა. არადა, წესით, დედისგან უფრო ველოდი რამე გამოხტომას, ეგებ, იმ დროს უთხრა, როცა ორივე ოთახში იყვნენ და უბრალოდ, ჩემმა საცოლემ გვიან აღიქვა, ან გვიან გაბრაზდა. მოკლედ, არ ვიცი“, - დაბნეულად საუბრობდა ბიჭი.

გამომძიებლები მიხვდნენ, რომ ცოლ-ქმარი ასე მარტივად არაფერს იტყოდა. მეტიც, მათ ჰქონდათ დრო, რათა მოელაპარაკათ და ჩვენებები შეეჯერებინათ. ამის მიუხედავად, ისინი ცალ-ცალკე მაინც დაკითხეს და ძალოვნების მოლოდინი გამართლდა - ორივე თითქოს დაწერილ ტექსტს კითხულობდა, ერთსა და იმავეს იმეორებდა და სხვა რამის დამატებას არ აპირებდა. ორივე იფიცებოდა, რომ გოგონასთვის არაფერი უთქვამთ ისეთი, რის გამოც შეიძლებოდა, ის გაქცეულიყო და მით უმეტეს, თავი მოეკლა. აშკარა იყო, რომ ისინი რაღაცას მალავდნენ, მაგრამ რას? ისე ჩანდა, რომ მშობლების ნამოქმედარისა თუ ნათქვამის აზრზე ბიჭიც არ იყო, მასაც ინტერესი ჰკლავდა, მაგრამ მოხუცები არც მასთან იღებდნენ ხმას.

სამართალდამცავებმა ისევ გარდაცვლილის და დაჰკითხეს, ეგებ, რამე გაეხსენებინა, ან თავად მას ეთქვა რამე ბიჭის მშობლებზე, მაგრამ ქალი უიმედოდ აქნევდა თავს, არაფერი უთქვამსო და ტირილით მიაყოლა, ჩემი უბედური და, ბავშობაში ისეთი სტრესი გადაიტანა, მეგონა, იქიდან ვერასდროს გამოვიდოდა, მაგრამ ახლა, თითქოს გაუმართლა, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა...

„პატარა იყო, ასე 14-15 წლის, როცა დედაქალაქში სტუმრად ნათესავებთან ჩამოიყვანეს. მერე მამა გახდა ავად და მის ჩამოსაყვანად არავის ეცალა, ამიტომ მატარებელზე დასვეს და გამოუშვეს. მატარებელში ვიღაც კაცმა მისი გაუპატიურება სცადა, ტანსაცმელი შემოახია და... არ ვიცი, ამბობდნენ, გაუპატიურება მოახერხაო, იმასაც ამბობდნენ, ვერ გააუპატიურაო. ამ თემაზე არასოდეს გვისაუბრია, ან რა იყო სათქმელი და საკითხავი. ის კაცი არ დაიჭირეს, მის ცოლს ჰქონდა გავლენიანი თანამდებობა, მგონი, რომელიღაც ტრესტში მთავარ ბუღალტრად მუშაობდა. ქმარს აპატია, ისე გამოიყვანეს, თითქოს იმ კაცს ჩემი 14 წლის სოფლელი და მიახტა და ის იშორებდა და ძლივს მოიშორა“, - ტირილით ჰყვებოდა და.

გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს. ტრესტში მთავარ ბუღალტრად, თავის დროზე, სწორედ ბიჭის დედა მუშაობდა, ის საქმეც ამოქექეს, რომელიც საგულდაგულოდ იყო მიგდებულ-მივიწყებული და ყველაფერი დაემთხვა - გაუპატიურებაში ბრალდებული ბიჭის მამა იყო. ცოლ-ქმარი დააკავეს და ამჯერად, ზუსტად იცოდნენ, რა უნდა ეკითხათ. ქალი ისევ ჯიუტობდა, კაცი კი...

როგორც კი ოთახში შემოვიდა, მაშინვე ვიცანი, მან ვერ მიცნო. ვიცი, დამნაშავე ვარ, მაშინ ნასვამი ვიყავი და არც მახსოვს ნორმალურად, რას ვაკეთებდი. როცა ოთახში მარტო დავრჩი, ვუთხარი, შენ ჩემი რძალი ვერასდროს გახდები, არ მინდა, ჩემი რძალი იყოს ქალი, რომელთანაც, პრაქტიკულად, ურთიერთობა მქონდა-მეთქი. მერე მიხვდა, მერე მიცნო და ბინიდან ამიტომაც გავარდა. საღამოს დარეკა, თავად მთხოვა შეხვედრა იმ მშენებარე კორპუსში. მივედი და იგივე გავუმეორე, ისიც ვუთხარი, თუ საჭირო გახდება, ჩემს შვილსაც ყველაფერს მოვუყვები-მეთქი და წამოვედი. ბოლომდე არ ვიყავი ჩამოსული, ოდნავი ყვირილისა და მერე დაცემის ხმა რომ გავიგე. რა უნდა მექნა, რაღას ვუშველიდი? ავდექი და წამოვედი“, - განაცხადა კაცმა.

სასამართლო არც ამჯერად დადგა მოწოდების სიმაღლეზე და კაცს სამწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, თუმცა მთავარი სასჯელი ის იყო, რომ შვილმა მშობლებთან ურთიერთობა საერთოდ გაწყვიტა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე