"ჩვენ ვატარებთ სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს" - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არჩევნებზე დაკვირვებისთვის ღია ვართ და იმედი გვაქვს, რომ იქნება მაქსიმალურად წარმოდგენილი ყველა სადამკვირვებლო მისია ჩვენს ქვეყანაში, რადგან ჩვენ ვატარებთ სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, რაც მეტი დამკვირვებელი ეყოლება ასეთი ტიპის არჩევნებს, მით უკეთესი ჩვენთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისეთ პირობებში, როდესაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი ენჯეოები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ობიექტურად შეაფასონ არჩევნები.

 

„ჩვენ მაქსიმალურად ღია ვართ დაკვირვებისთვის, ჩვენ თავიდანვე, თებერვლის თვეში მოვიწვიეთ ეუთო/ოდირის გრძელვადიანი მისია, მოვიწვიეთ სხვა მისიები, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის მისიები. მაქსიმალურად ღია ვართ ნებისმიერი დაკვირვებისთივს ამ არჩევნებზე და იმედი გვაქვს, რომ იქნება მაქსიმალურად წარმოდგენილი ყველა სადამკვირვებლო მისია ჩვენს ქვეყანაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვატარებთ სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, რაც მეტი დამკვირვებელი ეყოლება ასეთი ტიპის არჩევნებს, მით უკეთესი ჩვენთვის. თქვენ ხედავთ, რომ ქვეყნდება ადგილობრივი სადამკვირვებლო ე.წ. ორგანიზაციების აბსოლუტურად სიყალბეზე დაფუძნებული ანგარიშები. ისინი აგრძელებენ იმ ტრადიციას, რომელიც განსაკუთრებით მძაფრად გამოიკვეთა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ამ ორგანიზაციებმა გააყალბეს ე.წ. პარალელური ხმის დათვლის შედეგები, გააყალბეს სხვა მონაცემები ზედმეტობებთან დაკავშირებით, შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და იგივე სულისკვეთებით მოქმედებენ ახლაც. ასეთ პირობებში, როდესაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი ენჯეოები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ობიექტურად შეაფასონ არჩევნები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 ან 2021 წელს რომ გაემარჯვა იმ ამომრჩევლის ხმას, რომელმაც მხარი დაუჭირა „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, „გახარიას“, სხვა ოპოზიციურ პარტიებს, დღეს საქართველო იქნება უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი.

 

„ერთმანეთისგან რომ გავმიჯნოთ პასუხისმგებლობა და სასჯელი, ამომრჩევლის დასჯა ჩვენთვის არის წარმოუდგენელი, მაგრამ პასუხისმგებლობა თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გაიზიაროს, თითოეული ამომრჩეველი არის პასუხისმგებელი საკუთარ არჩევანზე. თქვენ წარმოიდგინეთ 2020 წელს ან 2021 წელს რომ გაემარჯვა იმ ამომრჩევლის ხმას, რომელმაც მხარი დაუჭირა „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, „გახარიას“, სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ამ შემთხვევაში დღეს საქართველო იქნება უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი. აქედან გამომდინარე, თითოეულმა ამომრჩეველმა საკუთარი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად უნდა გაიაზროს, თუმცა რაც შეეხება ამომრჩევლის დასჯას, ჩვენთვის ეს არ არის ის საკითხი, რაც შეიძლება, განვიხილოთ. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ იმ პოლიტიკური პარტიების გასამართლება, რომლებიც წარმოადგენენ გადამწყვეტ დაბრკოლებას დემოკრატიული სისტემის საბოლოოდ ჩამოყალიბების გზაზე და ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. საუბარია რამდენიმე პარტიაზე, საჭიროა შესაბამისი პარტიების გასამართლება და არა მათი ამომრჩევლის გასამართლება. ზოგადად ბოლშევიკებს წარმოშობს ბოლშევიზმი, ფაშისტებს წარმოშობს ფაშიზმი, ნებისმიერი არასწორი მიმდინარეობის მიმდევრებს წარმოშობს შესაბამისი მიმდინარეობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა ამომრჩეველს, არამედ ამ დანაშაულის წყაროს. დანაშაულის მთავარი წყარო არიან სწორედ შესაბამისი პოლიტიკური ძალები, პოლიტიკოსები, რომლებიც სინამდვილეში არიან ჯაშუშები და მოქმედებენ გარე დავალებების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.