"ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რასაც ყველამ უნდა სცეს პატივი" - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში არის დემოკრატიული მმართველობა, ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რასაც ყველამ უნდა სცეს პატივი, ხალხის არჩევანის პატივისცემა, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როცა საუბარია ერთპარტიულობაზე, ერთი პარტიის მიერ უმრავლესობის მოპოვება არ ნიშნავს ერთპარტიულობას, ეს არის ხალხის არჩევანი, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.

„2020 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა, ეს იყო ხალხის ნება, რომ ერთ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ ემართა ეს ქვეყანა „ნაცმოძრაობის“, თუ მისი რომელიმე დანაყოფის მონაწილეობის გარეშე. ეს ხალხმა გადაწყვიტა. ის, რომ ერთი პარტია არის დღეს უმრავლესობაში, არ ნიშნავს ერთპარტიულობას, ეს ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეგიძლიათ, ამოიკითხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატებიც გამოდის ერთპარტიული, უკრაინა, მოლდოვა, სხვა კანდიდატი ქვეყნები, ეს ხომ აბსურდია. ყველას ვურჩევ, კარგად გადახედონ პოლიტიკის თეორიის, სამართლის სახელმძღვანელოებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ერთი პარტიის ყოფნა უმრავლესობაში არ ნიშნავს ერთპარტიულ მმართველობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, NGO-ებს არავინ ზღუდავ და, ერთადერთი, რაც მათ ახალი კანონით მოეთხოვებათ, არის ფინანსების გამჭვირვალობა, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ევროპული პრინციპია.

„როდესაც გამჭვირვალობას ფუთავენ შეზღუდვად, ეს სერიოზული პრობლემაა. საქართველოში არის დემოკრატიული მმართველობა, ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რასაც ყველამ უნდა სცეს პატივი. შეიძლება, ვიღაცა გაღიზიანებული იყოს ამის გამო, ვიღაცა - არა, მაგრამ პატივისცემა ამ მოვლენის მიმართ ყველამ უნდა გამოხატოს. ხალხის არჩევანის პატივისცემა არის დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება. რაც შეეხება ენჯეოებს, აქ ჩვენ შეიძლება, გვქონდეს ჩვენი შეფასება, მაგრამ არავინ აპირებს ენჯეოების შეზღუდვას, ენჯეოების გამჭვირვალობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც არის ასახული გამჭვირვალობის შესახებ კანონში. აქედან გამომდინარე, ვისურვებდი მეტ ობიექტურობას, თუმცა აქაც ვიტყვი ერთ რამეს, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი. როგორც კი გადაივლის ერთი არჩევნები, მეორე არჩევნები, სხვა ქვეყანაში არჩევნებს ვგულისხმობ, როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, მაშინვე დასრულდება ეს არასწორი შეფასებები და მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველო-ევროკაშირსა და საქართველო-აშშ-ს შორის, რასაც ჩვენთვის პრინციპული, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მესიჯი, თითქოს არჩევნები არის რეფერენდუმი რუსეთსა და ევროპას შორის, სიყალბეა.

 

„საქართველოში ევროინტეგრაციას მხარს უჭერს 85 %, „ქართულ ოცნებას“ 60 %. ეს ნიშნავს იმას, რომ უხეშად რომ გითხრათ, ასეთ ტყუილებს არავინ ჭამს, არავინ ყიდულობს საქართველოში. ის ფაქტი, რომ ევროინტეგრაციას მხარს უჭერს 85 % და „ქართულ ოცნებას“ 60 %, მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიციის მესიჯი ევროპასთან და რუსეთთან დაკავშირებით, თითქოსდა ეს არჩევნები არის რეფერენდუმი რუსეთსა და ევროპას შორის, არის სრული სიყალბე. 85 % და 60 % ერთად მიანიშნებს რაზე, რომ ქართველ ხალხს აქვს რწმენა, რომ „ქართული ოცნება“ ის ხელისუფლებაა, რომელიც წაიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციისკენ. მეორე მხარეს არის სრულიად ანტიევროპული პოლიტიკური ძალა - კოლექტიური “ნაცმოძრაობა“. შეგახსენებთ, ვინ არიან ესენი - „ნაცმოძრაობა“ 9 წელი იყო ხელისუფლებაში, ამ 9 წლის განმავლობაში რაც გააკეთა იყო ის, რომ აწამებდა ადამიანებს, გადაავსო ციხეები. ჩვენ 2.5-ჯერ შევამცირეთ ციხეებში პატიმრების რაოდენობა და 10-ჯერ შევამცირეთ სიკვდილიანობა ციხეებში. ვიღაცებს უნდათ, რომ ანტიევროპული პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობა“ წარმოაჩინონ ევროპულ ძალად. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა ბიზნესის ტერორი, ბიზნესის რეკეტი. 10 000 კაცს სახელმწიფოზე გადააფორმებინეს საკუთარი ქონება, ტელევიზიების მიტაცება, ომი, უბედურება, 400 ადამიანზე მეტი დაიღუპა მათ მიერ წამოწყებული ომის შედეგად, 30 000 ადამიანი იქცა დევნილად, ეს იყო ყველაზე ანტიევროპული ხელისუფლება, რაც კი საქართველოს ჰყოლია და ვიღაცები გვეუბნებიან, რომ ეს ანტიევროპული პოლიტიკური ძალა უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, რომ ქვეყანას ჰქონდეს ევროპული პერსპექტივაო. რა დონის ტყუილია, ამას საზოგადოება ხედავს,“- განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი კობახიძის შეფასებით, პარტიები - „ახალი“, „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ამ ანტიევროპული პოლიტიკური ძალის გაგრძელებებია.

 

„გვარამიას პარტია - ეს ზუსტად იგივეა, „ნაცმოძრაობის“ გაგრძელება, დანამატი. ისინიც იყვნენ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ანუ ისინიც არიან პასუხისმგებელნი ადამიანების წამებაზე, მკვლელობაზე, ტელევიზიების მიტაცებაზე. პირადად გვარამია, სხვა ლიდერები, მელია და ა.შ. პირადად არიან ისინი პასუხისმგებელნი ამ დანაშაულებზე. ვიღაც გვეუბნება, რომ თუ გვარამიას და სააკაშვილის პარტიები არ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ანუ ეს ანტიევროპული ძალები, ევროპა არ ეღირსება ქვეყანასო. რა დონის ტყუილთან გვაქვს საქმე, უნდა ხვდებოდეთ. „ლელოს“ რაც შეეხება, უშუალოდ ხაზარაძე ძარცვავდა ბიზნესს ამ ანტიევროპულ ძალასთან ერთად, შესაბამისად, „ლელოც“ არის ამ ანტიევროპული პოლიტიკური ძალის გაგრძელება. რაც შეეხება გახარიას, მას აქვს შექმნილი კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში ამ ანტიევროპულ ძალასთან, გარდა ამისა, გარე დავალებებით, გახარია აკეთებდა ყველაფერს, რომ ხელოვნურად დაეპირისპირებინა ერთმანეთთან სახელმწიფო და მოქალაქეები, პოლიცია და ახალგაზრდები. ეს გააკეთა მან მესტიაში, პანკისში, „ბასიანის“ კლუბში, 20 ივნისს, სხვა ფორმით კიდევ ჩორჩანაში. ამ აგენტურაზე გვესაუბრებიან, ამ დანაშაულებრივ, ანტიევროპულ ძალებზე, რომ თუ ანტიევროპული ხელისუფლება არ დაბრუნდება, არ გვეღირსება ევროპაო. ამ მასშტაბის ტყუილს ქართული საზოგადოება არ იყიდის”, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.