"ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არჩევნები ბოლომდე ჩატარდეს თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში" - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არჩევნები ბოლომდე ჩატარდეს თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, როგორც ეს უზრუნველყოფილი იყო დღემდე, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, საარჩევნო პროცესი წარიმართება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, რაც დადასტურდა ეუთო-ოდირის მიერ გამოქვეყნებული შუალედური დასკვნითაც.

 

„ეს განცხადებები არის დროებითი. გარკვეულ განცხადებებს აქვს მიზანი, რომ რაღაცნაირად გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე, თუმცა, აქაც ნულოვანია რესურსი. როგორც კი დასრულდება არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში, მაშინვე ეს განცხადებები შეიცვლება და გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან. რაც შეეხება არჩევნებს, საარჩევნო პროცესი წარიმართება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, რაც დადასტურდა ეუთო-ოდირის მიერ გამოქვეყნებული შუალედური დასკვნითაც და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იგივე სულისკვეთებით საარჩევნო პროცესების მართვაზე და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციაც, რაღაც დოზით იმავე სულისკვეთებით იმოქმედებს. არ იქნება პროვოკაციები და ისეთი მოვლენები, როგორიც არის მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალების, ბილბორდების განადგურება, „არა ომს“ წარწერების წაშლა ბილბორდებზე და ა.შ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არჩევნები ბოლომდე ჩატარდეს თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, როგორც ეს უზრუნველყოფილი იყო დღემდე, ასევე უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე“, - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი, დღეს, დაახლოებით არის 60 %.

 

„ყველამ იცის, როგორია რეიტინგები - „ქართული ოცნების“ რეიტინგი, დღეს, დაახლოებით არის 60 % და შესაბამისია რადიკალური ოპოზიციის მწირი რეიტინგი. ასეთ პირობებში, ისინი ხავსს ეჭიდებიან და მათ გათვლა აქვთ არა არჩევნების დღეზე, არამედ არჩევნების შემდგომ სიტუაციის არევაზე, თუმცა აქაც იმდენად მწირია მათი რესურსი, რომ ბუნებრივია, წარმატებულები ვერც აქ იქნებიან. ეს არის ერთადერთი ახსნა იმ ყალბი ბრალდებებისა, რაც ისმის, როგორც რადიკალური ოპოზიციის, ისე მასთან დაკავშირებული „ენჯეოების“ მხრიდან,“- განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, „ენჯეოების“ იმიჯი და რეპუტაცია ნულამდეა დასული, რადგან ისინი მუდმივად დგანან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გვერდით და ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას.

 

„2018 წელსაც იყო ყალბი ბრალდებები. „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ წარმოადგინა ყალბი ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდებოდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს იყო ტყუილი, თუმცა მას შემდეგ 6 წელი გავიდა და დღემდე, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ბოდიშიც კი არ მოუხდია ასეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის, ვინაიდან მათ ასეთი ყალბი ინფორმაცია მოგვიანებითაც ჰქონდათ გასავრცელებელი. დღესაც არიან დაკავებულები ერთადერთი რამით, ეს არის ყალბი ინფორმაციის გავრცელება. ეს არის იმ ტრადიციის გაგრძელება, რაც განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა ჩვენ „პივიტის“ გაყალბებიდან, ISFED-თან ერთად სხვა „ენჯეოებიც“ იყვნენ ჩართულნი „პივიტის“ გაყალბებაში, საბოლოო ჯამში, განცხადებას „პივიტის“ და ცესკო-ს მონაცემების აცდენასთან დაკავშირებით ხელს აწერდა ათეულობით „ენჯეო“. ამიტომ ISFED-თან ერთად პასუხისმგებლობა, თავის დროზე „პივიტის“ გაყალბებაზე ეკისრება იგივე „გამჭვირვალობას“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და ათეულობით სხვა „ენჯეოს“. ამ ტრადიციების მქონე „ენჯეობეისგან“ ახალი, ყალბი განცხადებები ჩვენ არ გვიკვირს, მთავარია, რომ საზოგადოება ხედავს ყველაფერს და სწორედ, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამ „ენჯეოებს“ აქვთ ძალიან დაბალი რეპუტაცია, ცესკო-ზე 4-ჯერ ნაკლები რეპუტაცია რომ ექნება „ენჯეოს“, იმას ბუნებრივია, არავითარი ფასი არ აქვს და მის განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს. საზოგადოება ხედავს ყველაფერს და სწორედ, იმის გამო, რომ მუდმივად დგანან ეს „ენჯეოები“ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გვერდით და მუდმივად ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, ნულამდეა დასული მათი იმიჯი და რეპუტაცია,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, “ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, რაც არის მშვიდობის და ეკონომიკური წინსვლის დამსახურება.

„არჩევნებამდე ერთი კვირაა დარჩენილი და ყველა ვხედავთ, რომ არჩევნები წარიმართება აბსოლუტურად თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში რამე შეიძლება შეიცვალოს. რაც შეეხება არჩევნების დღეს - არჩევნების დღეს გამოყენებული იქნება ელექტრონული აპარატურა, ხმების დათვლა, მანამდე ხმის მიცემა და ამომრჩეველთა რეგისტრაცია მოხდება ელექტრონული ფორმით. ანუ, არჩევნების დღესაც გამორიცხულია რაიმე მანიპულაცია. არათუ მანიპულაცია, ადამიანური შეცდომებიც კი გამოირიცხება, ისეთი აპარატურით ჩატარდება ეს არჩევნები. ასეთ ვითარებაში მსგავსი განცხადებების გაკეთების არავითარი საფუძველი არ აქვთ. როცა ამ ყველაფრის პირობებში მაინც მიდის ამაზე საუბარი, ეს შემაშფოთებელია. შეიძლება ვიღაც გაღიზიანდეს იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ აიღებს დაახლოებით 60%-ს ამ არჩევნებზე და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ წააგებს ამ არჩევნებს. შეიძლება ვიღაცას ეწყინოს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ვეღარ აწამებს ადამიანებს, ვეღარ დახოცავს ქუჩაში 150 ადამიანს, რასაც აკეთებდნენ თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. ვეღარ მიიტაცებს ტელევიზიებს, ვეღარ გაძარცვავს ბიზნესებს, ვეღარ დაიწყებს ომს და აღარ დაკარგავს დამატებით საქართველოს ტერიტორიებს. ეს ვიღაცისთვის შეიძლება იყოს საწყენი და გამაღიზიანებელი, მაგრამ ყველა უნდა შეეგუოს ქართველი ხალხის არჩევანს. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, რაც არის მშვიდობის, ეკონომიკური წინსვლის დამსახურება, მათ შორის, იმის დამსახურება, რომ ამ ოპოზიციას ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული. ასეთ პირობებში ვიღაცას კიდევ რომ აქვს ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მოგების იმედი, ის აშკარად არასწორი მიმართულებით აზროვნებს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.