რატომ აშანტაჟებდა მოხუცი მამა გათხოვილ ქალიშვილს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

თუ იცით, საიდან მოდის გამოთქმა - „ცოლმა ქმარს რქები დაადგა?“ ამ გამონათქვამს დიდი ხნის ისტორია აქვს და ის ბიზანტიის იმპერატორების, კომნენოსების გვარს უკავშირდება. ანდრონიკე კომნენოსის დროს, სამეფო კარზე, სხვა წესებთან ერთად, ერთი ასეთი წესიც მოქმედებდა - იმპერატორის რჩეული ქალის ქმარს უფლება ჰქონდა, სამეფო ტყეებში ენადირა. როცა ქმარი სანადიროდ მიდიოდა, მის ჭიშკარზე ირმის რქებს ამაგრებდნენ, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ქმარი სამეფო ტყეში იყო წასული სანადიროდ (რაც პატივად ითვლებოდა), ხოლო იმპერატორი რჩეულ ქალთან ატარებდა დროს და ზუსტად იცოდა, რომ ქმარი არ მიუსწრებდა.

 

ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, როცა ერთ მშვენიერ დღეს, შინ დაბრუნებულ მამაკაცს, ბინის კარზე ირმის რქები დახვდა მიმაგრებული. მან ცოლს ალმაცერად გახედა და მეუღლემ უხერხულად გაიღიმა, ალბათ, ვიღაც ბოროტმა იხუმრაო, მაგრამ ღიმილი სახეზე შეახმა - ქმარმა მთელი ძალით მოუქნია ხელი და სახეში გაარტყა. ქალი ამას არ ელოდა და დარტყმის სიძლიერითა თუ მოულოდნელობით, იქვე, კარის წინ წაიქცა. ქმარი ბინაში არ შევიდა, უკან გაბრუნდა და ცოლს სიტყვა დაუგდო, დღეს სამსახურში ვრჩებიო.

„ჩემი ქმარი ფიზკულტურის მასწავლებელია. სპორტი მისი მოწოდებაა, მუდმივად საოცარ ფორმაშია, ცდილობს, ახალგაზრდებს სპორტი შეაყვაროს. რვა წელია, ერთად ვცხოვრობთ და არ ვიცი, როგორ დაგაჯეროთ ან თქვენ, ან ის, რომ არასდროს მიღალატია. მეტიც, ხომ არის ფიზიკური ღალატი და ღალატი გონებით - მე გონებაშიც კი არ გამივლია, რომ შესაძლებელი იყო, ჩემს გვერდით სხვა მამაკაცს ეცხოვრა. გემუდარებით, გაიგეთ, ვინ გვეხუმრა ისე, რომ ლამის ოჯახი დამენგრა“, - ქალი მილიციის განყოფილებაში იყო მისული და განცხადებას ცრემლების ღაპა-ღუპით წერდა.

რა თქმა უნდა, ძალოვნებს ბევრად მეტი და საინტერესო თუ რთული საქმეები ჰქონდათ გამოსაძიებელი, მაგრამ განცხადება მაინც დაიტოვეს, თუმცა თაროზე შემოდეს და... მესამე დღეს, იმავე ქალს უფრო მეტი ყურადღებით უსმენდნენ.

„იგივე განმეორდა და ქმარმა მითხრა, თუ გავიგე, ვისთან მღალატობ, ორივეს დაგკლავთო. ის ასეთი არასდროს მინახავს და რატომღაც მგონია, რომ მცირედი მიზეზიც კი საკმარისი იქნება, ყელი გამომჭრას. გემუდარებით, დამეხმარეთ, თანაც რქებთან ერთად, ახლა წერილიც იყო, სადაც ვითომ ჩემი საყვარლის სახელი და გვარი ეწერა. კიდევ კარგი, სიბრაზით დაბრმავებულმა ქმარმა წერილი ვერ ნახა. რაც შეეხება ამ პიროვნებას, სტუდენტობის დროს მეტრფოდა და მას შემდეგ, წარმოდგენა არ მაქვს, სად არის, რას საქმიანობს, ცოლ-შვილიანია თუ არა, ან საერთოდ, ცოცხალია თუ არა. ვის უნდა გახსენებოდა ის კაცი, მაგასაც ვერ ვხვდები, სახელი და გვარი რომ წავიკითხე, მერე ამოტივტივდა გონებაში, თორემ მანამდე არასდროს გამხსენებია“, -ამბობდა ქალი.

მისივე თქმით, ის მამასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც მთელი ცხოვრება ძველებური ნივთების შეგროვებით იყო დაკავებული და სახლი პატარა მუზეუმს ჰგავდა. დედა მშობიარობას გადაჰყვა და მამას მეორე ცოლი არ მოუყვანია, მარტომ გაზარდა ერთადერთი ქალიშვილი და მზე და მთვარე სწორედ მასზე ამოსდიოდა. სამართალდამცავებმაც სწორედ მისი დაკითხვა გადაწყვიტეს, რადგან ის სახლიდან თითქმის არ გადიოდა და წესით, რამე ხმაური მაინც უნდა გაეგო. პარალელურად, ორი ოპერმუშაკი იმ კაცის მოსაძებნად წავიდა, რომელიც წერილში იყო ნახსენები.

„დავბერდი, ძალიან დავბერდი და დავუძლურდი. ჩემთვის მთავარი სიამოვნება ამ ძველი ნივთების თვალიერებაა, ვზივარ, ვათვალიერებ და თითოეული მათგანის შეძენის ისტორიას ვიხსენებ, ყველაფერი კარგად მახსოვს. სამწუხაროდ, არც ჩემს შვილს და არც სიძეს არ აინტერესებთ ძველებური ნივთები და მგონია, რომ მოვკვდები, მაშინვე ყველაფერს გაყიდიან. რაც შეეხება თქვენს კითხვას, სახლში კი ვარ, მაგრამ კარზე ვინმემ რომც დააკაკუნოს, არ ვაღებ. ჩემთან სტუმრად არავინ დადის, სიძე-ქალიშვილს კი  საკუთარი გასაღები აქვთ და რატომ უნდა შევწუხდე? შეიძლება, გავიგე კიდეც ხმაური, მაგრამ ყურადღება არც მიმიქცევია. კარგი ბედოვლათია ჩემი სიძე, ასეთი ჯანმრთელი ადამიანი და მთელ დროს სკოლაში ატარებს, მათხოვრულ ხელფასზე“, - თავი გადააქნია მოხუცმა და იქვე დააყოლა, ჩემი ქალიშვილის პატიოსნებაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ისე მყავს გაზრდილი, გამორიცხულია, ქმრისთვის ეღალატაო.

„ვინ? ჰო, როგორ არ მახსოვს, მთელი სტუდენტობა მარტო ეგ ქალი მიყვარდა... კარზე რქები დაუმაგრეს, წერილი მიუგდეს და მე მახსენეს? საოცარია... მე ცოლ-შვილი მყავს, სერიოზული სამსახური მაქვს, პრაქტიკულად, სამი საათის ჩამოსული ვარ რომიდან, სადაც კონფერენციაზე ვიყავი. ძალიან გული მწყდება, რომ ასეთ დღეში ჩავარდნილა, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებით. მთელმა კურსმა იცოდა, რომ მიყვარდა, მაგრამ ვის შეიძლებოდა, ახლა გახსენებოდა ყველაფერი ეს, ნამდვილად ვერ გეტყვით. არ ვარ ისეთ ასაკში, ასეთი სისულელეებით დავკავდე, ამის არც დრო მაქვს, არც - სურვილი და რაც მთავარია, ცოლ-შვილი მყავს, რომელიც ყველას და ყველაფერს მირჩევნია“, - ეს უკვე იმ კაცის მონათხრობი იყო, რომელიც წერილში ეწერა.

ძალოვნებს, პრაქტიკულად, ყველა გზა მოეჭრათ, აღარ იცოდნენ, რა უნდა ექნათ, საიდან დაეწყოთ. ირმის რქებს რაც შეეხება, ჩვეულებრივი რქები იყო, ასეთები ბევრს ჰქონდა სოფლად თუ ქალაქად კედელზე მიჭედებული და ბევრი მას ქუდის თუ ლაბადის საკიდადაც კი იყენებდა. გაჩნდა ეჭვი, რომ საყვარელი შეიძლებოდა თავად მამაკაცს ჰყოლოდა და ამ გზით ცდილობდა ცოლისგან თავის დახსნას. ამიტომ, მას სამსახურში მიაკითხეს და კოლეგებს გაესაუბრნენ. პრაქტიკულად, ყველამ ერთ ახალგაზრდა მასწავლებელზე მიანიშნა, თუ სიმართლის გაგება გსურთ, მას ჰკითხეთო.

„დასამალი არაფერი მაქვს, როცა ეს კაცი ჩვენს სკოლაში მოვიდა, მაშინვე მოვიხიბლე. მერე გავიგე, რომ ცოლი ჰყავდა, მაგრამ შვილი - არა და ამიტომ, ჩავთვალე, რომ ადვილად მოვხიბლავდი, რადგან უშვილობა დიდი პრობლემაა. ჰოდა, როგორ არ ვეცადე, ერთხელ, გაკვეთილების შემდეგ დავრჩი და ვთხოვე, მავარჯიშე-მეთქი, ლამის გავშიშვლდი და როცა ჩემს განზრახვას მიხვდა, პირდაპირ მითხრა, ცოლისთვის არასოდეს მიღალატია, არც ვაპირებ, ძალიან მიყვარსო. ჰოდა, მას შემდეგ შევეშვი და დარწმუნებული ვარ, რომ ცოლს არასდროს უღალატებს“, - განაცხადა ქალმა.

სამართალდამცავებს ეჭვი ჰქონდათ, რომ მოხუცმა მამამ რაღაც გაიგო, ან ვინმე დაინახა და ამ თემაზე საუბარი არ სურდა. ამიტომ, ისევ მასთან მივიდნენ და სტუმრად მისივე ასაკის კაცი დახვდათ. ჩემი მეგობარიაო, გააცნო მასპინძელმა და სტუმარიც უკვე წასასვლელად ემზადებოდა. გამომძიებელმა თანაშემწეს თვალით ანიშნა და ისიც სტუმარს უკან გაჰყვა, კიბეზე ჩაგაცილებთო.

„უცნაური კაცია, ძალიან უცნაური. ვმეგობრობთ, მაგრამ მისი არ მესმის. ინტერესიც საერთო გვაქვს, მაგრამ მგონი, ამ სიბერეში რაღაც მოუვიდა. ამას წინათ, ირმის რქები მთხოვა, მიშოვეო და მეც ვუშოვე. რად გინდა-მეთქი და საჩუქრადო. აბა, ვინ ჩუქნის ჩვენს დროში, ირმის რქებს, ვინმეს“, - თავისთვის ბუტბუტებდა მოხუცი და კიბეზე აუჩქარებლად ჩადიოდა. რა თქმა უნდა, ის მაშინვე განყოფილებაში წაიყვანეს და რქები აჩვენეს, რომელიც ნივთმტმკიცებად იყო ამოღებული. მოხუცმაც თავი დაიქნია, კი, ეს რქებია, მაგრამ თქვენ რატომ გაქვთ, ვერ ვხვდებიო. ყველაფერი ცხადი იყო და გამომძიებელმაც გადაწყვიტა ოჯახის წევრები ერთად შეეკრიბა და მოხუცს თავად აეხსნა ჩადენილი საქციელი.

„არაფერს სჭირდება ახსნა. ჩემი სიძე უნაყოფოა, რვა წელია, შვილიშვილი ვერ მაჩუქეს. ამ ქონებას კი პატრონი სჭირდება. ამ გზით მინდოდა, ის გამეგდო და ჩემი შვილი სხვას გაჰყოლოდა. მერე, ყველაფერს შვილიშვილის სახელზე დავწერდი და დავწერდი იმასაც, რომ მის სრულწლოვანობამდე არავის ექნებოდა უფლება, ამ ნივთებისთვის ხელი ეხლო. ახლა ხომ გაიგეთ, რა მინდოდა“, - გაცხარებით საუბრობდა მოხუცი.

ცოლ-ქმარმა შვებით ამოისუნთქეს, კაცი ქალს ჩაეხუტა, მაგრამ ცოლს კიდევ ერთი კითხვა ჰქონდა - ვინ გითხრა, რომ ჩემი ქმარია უნაყოფოო და როცა მოხუცმა თქვა, თავად აღიარაო, ქალი ატირდა.

„სინამდვილეში, პრობლემა თქვენს შვილს აქვს, მაგრამ რომ არ გენერვიულათ, იმიტომ გითხარით, რომ მე მჭირდა რაღაც. არა უშავს, ახლა ყველაფერი რიგზეა, მკურნალობა შედეგს მოიტანს, ბოლო ეტაპს გავდივართ და შვილიშვილსაც აუცილებლად გაჩუქებთ“, - გაეღიმა სიძეს.

წყვილს შვილი მართლა შეეძინა, ოღონდ ორი წლის შემდეგ, თუმცა ბაბუა ამ ამბავს ვერ მოესწრო, მანამდე გულმა უმტყუნა.

 

 ავტორი- ბათო ჯაფარიძე