ემზადება თუ არა ოპოზიცია არეულობისთვის

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არჩევნები, როგორც იტყვიან, კარსაა მომდგარი, თუმცა ქვეყანაში უჩვეულო სიმშვიდეა ანუ თუ თვალს უახლეს ისტორიას გადავავლებთ, მივხვდებით, რომ აქამდე, წინასაარჩევნო კამპანია დიდი წივილ-კივილით მიდიოდა ხოლმე. ახლა კი, მიუხედავად ოპოზიციის მტკიცებისა, 26 ოქტობერს არჩევნები კი არა, რეფერენდუმი ტარდებაო, პრაქტიკულად, არც იგრძნობა, რომ რამდენიმე დღეში არჩევნებია. რით აიხსნება ეს? ზოგი ეჭვობს, რომ სიტუაცია მომავალ კვირას დაიძაბება და ამ მოსაზრებას, სხვათა შორის, უმრავლესობის წარმომადგენლებიც არ უარყოფენ. ახლა, ხელაღებით ვერ ვიტყვით, რას აპირებს ოპოზიცია, მაგრამ აი, მაგალითად, ხალხის ძალის წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი, პირდაპირ თუ ირიბად, არეულობაზე მიანიშნებს.

 

„სააკაშვილი უცხოეთის ერთ-ერთ მთავარ აგენტს წარმოადგენს. სხვათა შორის, თავის დროზე, არც დამალა, როცა თავის პატრონებს შეუთვალა, ოქროს მოწმე ვარ და თუ არ მიშველით, ავლაპარაკდებიო...

აღიარებულია, რომ სააკაშვილის დავალებით, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება მოხდა, რაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმის, რომ ეს ხალხი გადასულია გეგმა ბე-ზე, რაც წინასაარჩევნოდ თუ არჩევნების შემდეგ, რადიკალურ პროცესებს და არეულობას ითვალისწინებს. ასეთი განცხადებები რაც მეტი იქნება, მით უფრო მძაფრი სურვილი იქნება, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირონ, როგორც ამ ქვეყანაში მშვიდობის გარანტს“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ, გურამ მაჭარაშვილმა.

ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციებზე მინიშნება 12 ოქტობერს გამართულ ბრიფინგზე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემაც გააკეთა. კერძოდ, მან განაცხადა:

„ბრალდებულ დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლის საეჭვო მცდელობისა და რადიკალური ოპოზიციის პარტიულ ოფისებში მიმდინარე საუბრების ფონზე, მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავ უწყებას, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ. ყველა ხედავთ, რომ საარჩევნო კამპანია წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რაც რადიკალიზაციაზე ორიენტირებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. საარჩევნო გარემო არის თავისუფალი და კონკურენტული, რაც ეუთო-ოდირის მიერ, გუშინ გამოქვეყნებულმა ანგარიშმაც დაადასტურა. ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რომ რადიკალური ოპოზიციის ფიქრი ახლა მთლიანად პროვოკაციებისკენ არიან მიმართული.

სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში გაგრძელდეს და ამომრჩეველმა 26 ოქტომბერს, მშვიდ ვითარებაში შეძლოს საკუთარი არჩევანის გაკეთება. მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციების დაგეგმვისგან. ნებისმიერ პროვოკაციას სახელმწიფოსგან უმკაცრესი პასუხი გაეცემა“.

რაც შეეხება დარჩო ხეჩუაშვილს, ეს არის ადამიანი, რომელიც გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებაშია ბრალდებული და რომელიც რამდენიმე წელი იძებნებოდა. მას შემდეგ, რაც ხეჩუაშვილი საქართველოში შემოსვლის მცდელობისას დააკავეს, პროკურატურამ მასზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, კერძოდ, ძალოვანი უწყების განცხადებიდან გაირკვა, რომ თარგამაძის აფეთქება მიხეილ სააკაშვილის ინტერესში შედიოდა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 19 სექტემბერს, დააკავეს 2016 წლის 4 ოქტომბერს, დამამძიმებელ გარემოებებში, გივი თარგამაძისა და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი, დარჩო ხეჩუაშვილი.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გამოიკითხა მსჯავრდებული დარჩო ხეჩუაშვილი, რომელმაც გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მსჯავრდებულის ჩვენებიდან ირკვევა, 2016 წლის აგვისტოს ბოლოს, დარჩო ხეჩუაშვილი შეხვდა მისთვის უცნობ პირს, ვინმე „დიმას“ (დიმიტრი), რომელმაც მას შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილის დანაბარები გადასცა, ჭიჭიაშვილთან შეხვედრის თაობაზე. მსჯავრდებულის თქმით, მას შოთა ჭიჭიაშვილთან წარსულში ნაცნობობა აკავშირებდა და შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრას დათანხმდა.

შოთა ჭიჭიაშვილმა, შეხვედრისას, მსჯავრდებულს განუცხადა, რომ იგი ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, გია ლორთქიფანიძის ერთად, უკრაინაში, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ჭიჭიაშვილის თქმით, სააკაშვილმა შეხვედრაზე საუბრისას თქვა, რომ არ ენდობოდა მისი პარტიის წევრს გივი თარგამაძეს, რადგან მისი ინფორმაციით, თარგამაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, იმჟამინდელ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა ჭიჭიაშვილს, გივი თარგამაძის კონტროლი და თვალთვალი დაავალა.

თავის მხრივ, შოთა ჭიჭიაშვილმა გივი თარგამაძის თვალთვალში და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, დარჩო ხეჩუაშვილს დახმარება სთხოვა ოდესაში, კარგ თანამდებობაზე დანიშვნის სანაცვლოდ, რაზეც მსჯავრდებული დათანხმდა და მათ საერთო ნაცნობ „დიმასთან“ ერთად, გივი თარგამაძის თვალთვალი და გადაადგილების კონტროლი დაიწყო.

დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენებით, ისინი გივი თარგამაძეს, თავდაპირველად, მისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით უთვალთვალებდნენ, ხოლო შემდეგ „დიმამ“ ხეჩუაშვილის კუთვნილი ავტომანქანის იდენტური, ტრანზიტული სანომრე ნიშნების მქონე სხვა ავტომანქანა მიიყვანა და ხეჩუაშვილს განუცხადა, რომ გივი თარგამაძის სათვალთვალოდ ეს კონკრეტული მანქანა გადასცეს, რომელსაც თვალთვალის დროს, ძირითადად, ხეჩუაშვილი მართავდა.

მსჯავრდებულის განცხადებით, ერთ-ერთი მორიგი თვალთვალის დღეს, კერძოდ, 2016 წლის 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე არსებულ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მყოფმა დარჩო ხეჩუაშვილმა, ტელეფონის საშუალებით აცნობა შოთა ჭიჭიაშვილს, რომ გივი თარგამაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შევიდა. მას შემდგომ, რაც გივი თარგამაძემ დატოვა პარტიის ოფისი და ჩაჯდა ავტომანქანაში, აღნიშნულის შესახებ მსჯავრდებულმა კვლავ მიაწოდა ინფორმაცია შოთა ჭიჭიაშვილს, რის შემდეგაც გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. ავტომანქანის აფეთქების შემდგომ, ხეჩუაშვილმა შოთა ჭიჭიაშვილს შეატყობინა გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების თაობაზე, რის შემდგომაც შოთა ჭიჭიაშვილის მითითებით, საქართველოს ტერიტორია დატოვა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გვერდის ავლით, თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადავიდა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დარჩო ხეჩუაშვილი, დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძისა და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზეა მსჯავრდებული და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების და გარემოებების დადგენის მიზნით“, - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ, 11 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ერთი სიტყვით, ისეთი პირი უჩანს, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, პოლიტიკურ ველზე უფრო „დაცხება“. ასე რომ, დაველოდოთ, რა მოხდება...

 

 

ავტორი: ნინო დოლიძე