13 წლის მოზარდის ინტიმური ფოტოების გავრცელების ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 28 წლის კაცი, რომელმაც 13 წლის მოზარდს ინტიმური შინაარსის ფოტოები გაუვრცელა. დაზარალებულსა და ბრალდებულს კომუნიკაცია სოციალური ქსელის, Facebook-ის, საშუალებით ჰქონდათ, მანამდე კი ერთმანეთი Tiktok-ზე გაიცნეს.

„[ვიდეოზარით საუბრის დროს] ბრალდებული მუქარით არასრულწლოვანის შიშველ მდგომარეობაში ყოფნას მოითხოვდა. ვიდეოზარით კომუნიკაციისას არასრულწლოვანმა შენიშნა, რომ ბრალდებული ე.წ. სქრინების გადაღებას ახდენდა. მან ბრალდებულს ინტიმური შინაარსის ფოტოების წაშლა მოსთხოვა“, - აღნიშნავენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიების ცნობით, მალევე 13 წლის მოზარდის ფოტოები შიშველ მდგომარეობაში სოციალურ ქსელში გავრცელდა. მოზარდს უცნობი ადამიანები უკავშირდებოდნენ და ფოტოების დედისთვის გაგზავნით ემუქრებოდნენ.

„ბრალდებულის მობილურ ტელეფონში, ასევე, აღმოჩენილი იქნა სხვა არასრულწლოვანი გოგოების ინტიმური შინაარსის ფოტოებიც“, - აღნიშნავენ საგამოძიებო უწყებაში.

დაკავებულს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება - გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის კვალიფიკაციით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასრულწლოვანის ინტიმური ფოტოების გავრცელებისთვის აკავებს ვინმეს. ასე მოხდა რამდენიმე კვირის წინაც.