ფეხბურთის გადამკიდეებს, კალათბურთი დაგვავიწყდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანიაში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი გახურდა და რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრების ყურადღება იქეთკენ არის მიმართული. ეს ადვილი გასაგებია - ჩვენი ეროვნული ნაკრები ასეთი დონის ფორუმზე პირველად თამაშობს და მოსახლეობა მათგან სასწაულის მოხდენას ელოდება. ღმერთმა ქნას, ეს სასწაული მოხდეს, მით უმეტეს, ჩვენს ბიჭებს ამის ძალა ნამდვილად შესწევთ, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ფეხბურთის გადამკიდეებს, კალათბურთი დაგვავიწყდა. ჰო, კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელსაც ისტორიაში პირველად, ოლიმპიადაზე მოხვედრის არც თუ ურიგო შანსი აქვს.

ალექსანდრ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით, ჩვენი გუნდი იტალიაშია შეკრებილი და წვრთნას გადის. იტალიასთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, ნაკრები ლატვიაში, კონკრეტულად კი, ქალაქ იურმალაში გაემგზავრება და კამერუნთან და ეგვიპტესთან გამართავს ამხანაგურ შეხვედრებს, შემდეგ კი, ოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლაც იწყება.

ოლიმპიადის 4 საგზურისთვის 24 ნაკრები იბრძოლებს, რომელთა შორის, საქართველოც არის. ჩვენი ნაკრები A ჯგუფში მოხვდა და მეტოქედ ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ლატვია და ფილიპინები ჰყავს. ლატვიაშივე ითამაშებენ B ჯგუფის ბინადრები, რომელშიც კამერუნი, მონტენეგრო და ბრაზილია არიან გაერთიანებული. A ჯგუფის პირველადგილოსანი, B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება და პირიქით, B ჯგუფის გამარჯვებული, A ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება, წყვილში გამარჯვებულები კი, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ვინც მოიგებს, ოლიმპიადის საგზურსაც მიიღებს. რეალურად, ჩვენს ნაკრებს ჯგუფიდან გასასვლელად ერთი მოგებაც ეყოფა, მერე კი... მოკლედ, ოლიმპიადაზე მოხვედრის ძალიან რეალური შანსი გვაქვს.