როგორ ცდილობდა მეწილე ბიზნესმენი ფულოსნის გაკოტრებას და ვინ მოიპარა საიდუმლო სეიფიდან 10 ათასი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ადრეც იყო და ახლაც არის - თუ რომელიმე უწყებაში ახლობელი, ნათესავი მუშაობს, შეგიძლია, „ჯიგრულ, ქართულ პონტში“ რაღაც სთხოვო, რაღაც გააკეთებინო ისე, რომ ოფიციალური სახე არ ჰქონდეს და მხოლოდ შენთვის იცოდე.

 

გამოცდილ გამომძიებელთან მეგობარი ბიზნესმენი მივიდა და თავისი გასაჭირის შესახებ მოუყვა. რა თქმა უნდა, მეგობარს საქმე ოფიციალურად არ უნდა აღეძრა.

„კი იცი შენ, ცოლი წლების წინ დამეღუპა და ახლა ახალგაზრდა გოგო მყავს ცოლად, ცოტა შტერია, მაგრამ ერთგული და ისეთი, ტვინს რომ არ ბურღავს. ჩემი ბიჭი 24 წლისაა, ისიც მიეჩვია დედინაცვალს, არ აპროტესტებს, მალე ცოლს მოიყვანს და თავის ბინაში გადავა. კიდევ, ჩემთან ცხოვრობდა ბიძაშვილი, მამაჩემის ძმისშვილი, რომელიც ობოლი იყო და როცა სული მოვითქვი, ჩამოვიყვანე, ბიზნესი ვასწავლე და ფეხზე დავაყენე. ახლა მას ყველაფერი აქვს. ჰოდა, ორი დღის წინ, მაშინ, როცა სამსახურში წავედი, გზაში გამახსენდა, რომ სეიფის კარი ღია დამხვდა. მაშინვე უკან დავბრუნდი, უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები მიდევს იქ, ჩემს კონკურენტებს რომ ჩაუვარდეთ, მთელ სქემას გაშიფრავენ, მიხვდებიან, რის გამო ვარ წარმატებული და გამაკოტრებენ. ცოლი იყო სახლში, ლოგინში დავტოვე და რომ მოვედი, ისევ იქ იწვა, შვილიც სახლში იყო, სამზარეულოში საუზმობდა და რომ დავბრუნდი, უკვე აბაზანაში იყო, შხაპს იღებდა. სამაგიეროდ, სამზარეულოში დამხვდა ბიძაშვილი, ის, ჩემი გაზრდილი და დაფრთიანებული. ისიც საუზმობდა, ხშირად ხდებოდა ასე. მაშინვე სამუშაო კაბინეტს და სეიფს ვეცი, ყველაფერი ადგილზე დამხვდა, გამეხარდა, ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი ადამიანები მყავს გარშემო, თუმცა შემდეგ, ბიძაშვილმა გული დამწყვიტა. ჩვენ საერთო ბიზნესი გვაქვს და იმ ბიზნესიდან გასვლა სურს. ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ რა გავაკეთო? სხვა ბიზნესებიც აქვს დამოუკიდებლად და სულ დამოუკიდებელი მინდა ვიყოო. დავთანხმდი და დავიწყებთ პროცესს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არაა. მთავარი ის გახლავთ, რომ სეიფში ფულიც მედო და მე ანგარიში არასდროს მეშლება. საღამოს, როცა სეიფი გავაღე, 50-ლარიანების ორი ცალი შეკვრა აღარ დამხვდა ანუ სულ 10 ათასი ლარი. დარწმუნებული ვარ, ფული მაშინაც არ იყო, უკან რომ დავბრუნდი, მაგრამ დოკუმენტების დანახვამ ისე გამახარა, ყურადღება აღარ მივაქციე. სეიფის გასაღები მარტო მე მაქვს, კოდი მარტო მე ვიცი და გამოდის,  რომ იმ სამიდან, თანხა ერთ-ერთმა აიღო. ჩემი აზრი ასეთია - ცოლი არ აიღებდა, რომ ეთხოვა, არც ვკითხავდი, ისე მივცემდი და მან ეს იცის. უთხოვია, მიმიცია და ორი ან სამი თვის შემდეგ უთქვამს, ესა და ეს ვიყიდეო, ან არ უთქვამს. მოკლედ, მას ბრმად ვენდობი. ბიძაშვილი არ აიღებდა იმიტომ, რომ 10 ათასი ლარი მისთვის ფული არ არის, არ იკადრებდა, რომ ვთხოვო, 10 კი არა, 100 ათასი მომეცი-მეთქი, მომცემს და არასდროს მომთხოვს. არც შვილი აიღებდა, რადგან არასდროს ყოფილა ფულზე გადარეული, ის უფრო სწავლაზე ფიქრობს და მგონია, რომ მისგან კარგი მეცნიერი დდგება. მანქანაც კი არ ჰყავს, არასდროს ჰქონია ინტერესი და თანაც, მის ანგარიშზე, ახლაც 50 ათას ლარამდეა, მე ვუვსებ ხოლმე ყოველთვიურად და ბოლომდე არასდროს ხარჯავს. ეს 50 ათასიც მთელი წლის ნაშთია ანუ არ სჭირდება, არ იყენებს და როცა 50 ათასი გაქვს ანგარიშზე, რატომ უნდა მოიპარო 10 ათასი? ბუღალტერს გადავამოწმებინე ანგარიში, ყოველი შემთხვევისთვის, ვამოწმებინებ ხოლმე ორ კვირაში ერთხელ. ჰოდა, მიშველე, საჩივარს ვერ დავწერ, მაგრამ სამიდან რომელიღაცამ უკადრებელი იკადრა და მე უნდა ვიცოდე, ვინ“, - ამბობდა ბიზნესმენი.

საქმე საკმაოდ რთული ჩანდა, მაგრამ გამომძიებელი დაპირდა, რომ გაერკვეოდა და საამისოდ ხარჯების გაღება იქნებოდა საჭირო, რადგან სამივესთვის უნდა ეთვალთვალათ და სამივე ოპერს, არასამსახურეობრივი დავალების შესრულების გამო, გარკვეული კომპენსაცია დასჭირდებოდა. ბიზნესმენმა მაგიდაზე 10 ათასი ლარი დადო და დააყოლა, ორ ამდენს კიდევ გადავიხდი, ოღონდ სიმართლე გავიგოო. პროცესი და თვალთვალი მაშინვე დაიწყო. სამი დღის შემდეგ, ოპერებმა ხელმძღვანელს პირველი პატაკი ჩააბარეს.

„ბიძაშვილი თითქოს ჩვეულებრივად იქცევა, მაგრამ ის ორჯერ შეხვდა დაზარალებულის კონკურენტებს და მათთან გაცხარებული საუბარი ჰქონდა. რაზე საუბრობდნენ, ვერ გეტყვით, მაგრამ რომ ხვდება, ფაქტია. ცოლი ჩვეულებრივად იქცევა, ან სახლშია და სძინავს, ან საყიდლებზე დადის, ან ერთ დაქალს ხვდება მუდმივად ერთ კაფეში და ყავით იჭყიპებიან. ბიჭი კი, სასწავლებელშია მუდმივად, მაგრამ აშკარად რაღაც პრობლემა აქვს, რადგან სასწავლებლიდან გამოსულს, ახალგაზრდა ქალი ხვდება და კი არ ესაუბრება, პატარა ბავშვივით ტუქსავს და ესეც იძულებულია, თავდახრილმა მოითმინოს და აიტანოს ყველაფერი“, - წერდნენ ოპერები.

ბიზნესმენი ყველაზე მეტად ბიძაშვილის კონკურენტებთან შეხვედრის ამბავმა დააინტერესა. როგორც წესი, მის გარეშე არავის ხვდებოდა და მით უმეტეს, ხალხს, რომლებიც არა მხოლოდ კონკურენტები, არამედ, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მტრები იყვნენ. ამიტომ, ბიძაშვილის თვალთვალის გაგრძელება მოითხოვა, ცოლს და შვილს კი შეეშვითო, მაგრამ სამართალდამცავები ისევ სამივეს თვალთვალს აგრძელებდნენ. ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდა, როგორც წინა დღეებში, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ბიძაშვილი კონკურენტებს ამჯერად რაღაც ფურცლებით ეახლა და მათ აჩვენა, ხოლო შვილმა იმ გოგოს, რომელიც „ტუქსავდა“, 50-ლარიანების შეკვრა გადასცა, თუმცა ქალმა თითი დაუქნია, თითქოს ყველაფერ ამით უკმაყოფილო იყო. საჭირო გახლდათ მოქმედება და როცა ბიზნესმენს მორიგი შედეგების შესახებ მოახსენეს, მან თავში ხელი შემოირტყა.

„მგონი, ვიღუპები. სახლში ქსეროქსი მაქვს და ხომ შეიძლებოდა, ჩემს ბიძაშვილს ის დოკუმენტები, უბრალოდ, დაექსეროქსებინა და ასლები წაეღო? ამ ასლებშიც კი, არანორმალურად დიდ თანხას გადაიხდიან და ახლა ვხვდები, რატომ მოითხოვა სასწრაფო წესით ბიზნესიდან გასვლა. მას ამ ბიზნესის აღარ სჯერა, რადგან იცის, რომ გამაკოტრებენ და პარალელურად, ჩემგან წილის ფულს მიიღებს, შემდეგ კი, დოკუმენტებსაც გაყიდის და იმაზე მეტს მათი გაყიდვით იშოვის. აი, შვილმა რატომ გადასცა ფული იმ ვიღაც გოგოს, არ ვიცი, მით უმეტეს, ბუღალტერმა გადაამოწმა და ანგარიშიდან ერთი თეთრიც არ მოუხსნია“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

მან გადაწყვიტა, პირველ რიგში, შვილს დალაპარაკებოდა და სიმართლეც გაიგო.

„ზუსტად ვიცი, რომ ჩემს თანხებს შენი ბუღალტერი ამოწმებდა და ამაზე პრობლემა არასდროს მქონია, არ ვხარჯავდი ისე და იმდენს, კითხვები რომ გაგჩენოდა. ცოტა ხნის წინ, კურსელები წვეულებაზე წავედით, რატომღაც ბევრი დავლიე და რომ გავიღვიძე, ვიღაც გოგოს გვერდით მეძინა. ორ კვირაში მომადგა ეს გოგო, შენგან ორსულად ვარო და მითხრა, თუ 10 ათასს არ მომცემ, ამ ამბავს გავახმაურებ და მომავალი ქორწილი ჩაგეშლებაო. ვიწუწუნე ფულზე, მაგრამ რა უნდა მექნა? ანგარიშიდან 10 ათასი ლარის მოხსნა კითხვებს გამოიწვევდა, ამიტომ ვიფიქრე, ვიფიქრე და... იმ დღეს, შენი სეიფის კარი დავინახე ღია და ფული ავიღე. შენი ბიძაშვილიც სახლში იყო, მაგრამ ის გვერდით ოთახში რაღაცას აქსეროქსებდა და ჩემთვის არ ეცალა. მერე აბაზანააში შევედი“, - თქვა შვილმა და მამამაც შვებით ამოისუნთქა. მეტიც, მან ის გოგონა მოძებნა და უთხრა, თუ აბორტს არ გაიკეთებდა და ბავშვს გააჩენდა, 100 ათას დოლარს მიიღებდა და ბიზნესმენი შვილიშვილს წამოიყვანდა, თუმცა... როგორც გაირკვა, გოგონა ორსულად არ იყო და უბრალოდ, ბიჭს „ფულს ახევდა“.

რაც შეეხება ბიძაშვილს. უკვე ცხადი იყო, რომ მან დოკუმენტაცია დააქსეროქსა და მის გაყიდვას ცდილობდა. რატომ? ეს იყო ყველაზე საინტერესო კითხვა.

„სანამ მამაჩემი დაიღუპებოდა, როცა სოფელში ჩამოდიოდი, არაფრით მჯობდი. მჯობდი კი არა, კუდში დამყვებოდი, ცდილობდი, ჩემნაირი ყოფილიყავი, ჩემნაირად გეცურა მდინარეში, ჩემნაირად გეთევზავა, ხეებზე გეძრომიალა. მერე, მამაჩემი დაიღუპა და ჩემზე ისე დაიწყე ზრუნვა, თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი, სინამდვილეში კი, რომ გამმართლებოდა, მე უნდა მეზრუნა შენზე. რა გგონია, მსიამოვნებდა ის, რომ შენ დამაწყებინე ყველაფერი? ეს სულ მახსოვდა და მაწუხებდა. ჰო, მინდოდა გაკოტრებულიყავი და მერე მე გამემართა შენთვის ხელი, მე წამომექაჩე და დანაშაულის თუ მადლიერების გრძნობა შენ გქონოდა“, - უთხრა მან ბიზნესმენს.

 

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე