ზღაპარი იყო, სასწაულიც, ახლა უტოპიის ჯერია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, მხოლოდ ქართველებს გვჯეროდა, რომ ჩვენი ნაკრები კონტინენტის პირველობაზე ღირსეულად ითამაშებდა. ექსპერტების დიდი ნაწილი კი ერთადერთ დებიუტანტს სკეპტიკურად უყურებდა და აკი, ღიად ამბობდა კიდეც, გოლის გატანა ზღაპარი იქნება, ქულის აღება - სასწაული, ხოლო ჯგუფიდან გასვლა - უტოპიაო. ჰოდა, ზღაპარი ვნახეთ, სასწაულიც მოვახდინეთ და უტოპიის ჯერია.

ახლა, თურქეთთან და ჩეხეთთან შეხვედრების მიმოხილვას არ ვაპირებთ, რადგან ვინც ამ თამაშებს არ უყურა, ის არც ამ სტატიას წაიკითხავს, ვინც უყურა კი... ჰო, ქართველებმა ორი რამ ვიცით კარგად - ფეხბურთი და პოლიტიკა და შეგვიძლია, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიმართულებით ვიდაოთ. არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო პოლიტიკაც დავალაგოთ (გურული გლეხის ნათქვამიც უნდა გავიხსენოთ - მე ჩემს თავს არ ვიცი რაფრა ვუშველო, თორემ მსოფლიო პოლიტიკას კი გაგიშლი და დაგილაგებო). ჰოდა, ბევრის აზრით, თურქეთთან არ გაგვიმართლა, არც ჩეხეთთან, თორემ ორივე თამაში უნდა მოგვეგო და ალბათ, ცოტა იღბალი და მართლა უნდა მოგვეგო, მაგრამ... იღბალი გვქონდა ბერძნებთან, როცა საფეხბურთო ლატარეაში ვიმარჯვეთ, იღბალი გვქონდა მაშინ, როცა წარმოუდგენელი ჩანდა ევროპაზე ჩვენი მოხვედრა და მოვხვდით. ჰოდა, ალოგიკური არაფერი ხდება და ვაღიაროთ, ქართული ხასიათი გვაიძულებდა გვეფიქრა, რომ ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად იყო წასული, თორემ ის, რასაც ბიჭები აკეთებენ, მხოლოდ ქების ღირსია. არცერთი შეხვედრა არ ყოფილა ისეთი, რომ ჩვენი ნაკრების შეგვრცხვენოდა. არცერთი შეხვედრა არ ყოფილა ისეთი, რომ გვეთქვა, ესა თუ ის ფეხბურთელი თავს ზოგავსო ანუ ისინი იბრძვიან, აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ. თუმცა, როცა ევროპის ჩემპიონატზე, ზედიზედ მერვედ მოთამაშე ჩეხეთს ეთამაშები, როცა ხვდები თურქეთს, რომელიც როგორც ევროპაზე, ისე მსოფლიოზე რეგულარულად ასპარეზობს და შენთვის ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი ახალი და სადებიუტოა, ძნელია. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი გუნდის უდიდეს ნაწილს, 22-23 წლის ბიჭები შეადგენენ ანუ ისინი, რომლებმაც მომავალი შვიდი-ათი წლის განმავლობაში უნდა დაიცვან საქართველოს ღირსება და გვჯერა, ეს არ არის მათი ბოლო დიდი საფეხბურთო ფორუმი. მათ ამ ტურნირის გემო გაიგეს, მათ „სისხლის სუნი“ იგრძნეს და შემდგომში უფრო მოინდომებენ, უფრო მეტად გაიზრდებიან, უფრო მეტად დაბრძენდებიან.

და კიდევ - ევროპის ამ ჩემპიონატმა აჩვენა, რომ გიორგი მამარდაშვილი დღეს მსოფლიოს (და არა ევროპის) მეკარეების ტოპ-სამეულში შედის და აგერ, ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე, გრანდში თუ არ გადავიდეს და მასში ყველაზე ცოტა, 45 მილიონი თუ არ გადაიხადონ, თავად ნახავთ.

დასასრულ - პორტუგალიასთან მოგება წარმოუდგენლად ჩანს, მაგრამ... არავის სჯერა, რომ ვერ მოვიგებთ! ჰო, უნდა მოვიგოთ, უნდა შევძლოთ, ჩვენ ხომ ქართველები ვართ და სასწაული არაერთხელ და არაერთ სფეროში მოგვიხდენია!

ავტორი: ბათო ჯაფარიძე