ბინების მასშტაბური ძარცვა თბილისში

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვინ აძლევდა ქურდებს „ნაკოლს“ - გამოძიების დეტალები

ნამდვილი „როგორც წესი, ბინის ქურდობა, თავის დროზე, ხელოვნების დონეზე იყო აყვანილი. მედვეჟატნიკები“ არასდროს შედიოდნენ ბინაში, რომელიც საგულდაგულოდ არ ჰქონდათ შესწავლილი და ზუსტად არ იცოდნენ, რა დახვდებოდათ კარს მიღმა. ისე, იყო შემთხვევები (და არცთუ იშვიათად), როცა კონკრეტული ადამიანები პროფესიონალ ბინის ქურდებს ქირაობდნენ მხოლოდ საკეტის გასაღებად და თანხას ამაში იხდიდნენ ანუ მივიდა „მედვეჟატნიკი“ ბინის კართან, გააღო და ისე, რომ შიგნით არც შეუხედავს, უკან დაბრუნდა. შემკვეთებს დახვდებოდათ თუ არა ბინაში რამე, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის თავის გასამრჯელოს იღებდა და მშვიდად აგრძელებდა ცხოვრებას. მერე და მერე, ბინის ქურდების უდიდესი ნაწილი, „სამუშაოდ“ რუსეთში გადავიდა. იქ სარბიელიც უფრო დიდი იყო და შემოსავალიც. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ ბინის ცნობილმა ქურდება, რუსეთში ნაშოვნი ფულით, საქართველოში ბინებიც იყიდეს პრესტიჟულ უბნებში და ბიზნესიც აიწყვეს. მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა, უკრაინის დედაქალაქში დუპლექსის ტიპის ბინა პრესტიჟულ უბანში შეიძინა, იქვე რესტორნისთვის ფართიც იყიდა, მაღაზიაც გახსნა და სწორედ მაშინ, როცა ეგონა, რომ ყველაფერს თავს დაანებებდა და ლეგალურად იცხოვრებდა, აქ, საქართველოში, ვიღაცამ „ჩაუშვა“, მე გამიშვით და ერთ ისეთ საქმეს გაგახსნევინებთო..

 

საქმე გაიხსნა, ეს კაცი დაიჭირეს, 7 წელიც ახეხინეს ნაციონალების ციხე და მერე... მერე ისევ უკრაინაში დაბრუნდა და ბიზნესმენობდა, თუმცა ომი, როგორც ყველა სხვას, ისე მასაც შეეხო.

ორი წლის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედაქალაქში ბინის ქურდების ბანდა დააკავა. ჰო, ბანდა და არა - ერთი კონკრეტული ქურდი. სქემა იმდენად საინტერესოდ იყო აწყობილი, ჩვენი ნება რომ იყოს, ამ საქმეს სახელმძღვანელოებშიც შევიტანდით, რათა მომავალ სამართალდამცავებს გაეგოთ, როგორ შეიძლება იქცეოდეს ნამდვილი პროფესიონალი კრიმინალი და როგორ შეიძლება ურევდეს თავ-გზას ძალოვნებს.

ყველაფერი ძალიან ბანალურად დაიწყო - ერთ-ერთ უბანში ბინა გაქურდეს, მაგრამ იმდენად პროფესიონალურად, რომ სანამ ბინის პატრონები ორი კვირის შემდეგ შინ არ დაბრუნდნენ, ვერავინ ვერაფერს მიხვდა. მეტიც, მეზობელს გასაღები ჰქონდა დატოვებული, რომ ყვავილებისთვის წყალი დაესხა და როგორც გაირკვა, ბინის გაქურდვის შემდეგ, ის სამჯერ იყო ბინაში შესული ყვავილების მოსარწყავად, მაგრამ ვერ მიხვდა, რომ ბინა პირწმინდად გასუფთავებული იყო. ჰო, ცარიელი იყო კარადები, სეიფი, ძვირფასი ჭურჭელიც კი წაღებული იყო და მის ნაცვლად, „სერვანდში“ სამზარეულოს იაფფასიანი ჭიქები ელაგა, თუმცა მეზობელს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, კარადებს ხომ არ გამოაღებდა? რაღა თქმა უნდა, ძალოვნებმა, პირველ რიგში, ეჭვი სწორედ მეზობელზე მიიტანეს და დააკავეს კიდეც, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ არაფერ შუაში იყო და გაათავისუფლეს. ცუდი ის გახლდათ, რომ დრო იყო გასული, ვერც ძაღლი აიღებდა კვალს და სქელ მტვერსაც უკვე არსებული კვალი წაეშალა.

სამართალდამცავები მიხვდნენ, რომ ამ საქმის გახსნა ძალიან ძნელი იქნებოდა, თუ შეუძლებელი არა.

„ბინიდან წაღებულია ორი ნახატი, თითოს ღირებულება 15-20 ათასი დოლარის ფარგლებშია, 5 ათასი დოლარის ჭურჭელი, 10 ათასი დოლარის ტანსაცმელი და თეთრეული, 50 ათას დოლარამდე ოქროული და სხვა ძვირფასეულობა“, - ამბობდნენ დაზარალებულები, მაგრამ სხვას ვერაფერს ამატებდნენ. წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, ვის შეიძლებოდა გაექურდა მათი სახლი მაშინ, როცა მათი წასვლის შესახებ, კოლეგებმა თუ მეზობლებმა იცოდნენ და რომელიმეზე ეჭვის მიტანა თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავდა.

მომხდარიდან ორ კვირაში, ანალოგიური დანაშაული მოხდა. ისევ პრესტიჟული უბანი, ისევ შვებულბაში წასული ოჯახი და ისევ მეზობელი, რომელსაც გასაღები ამჯერად ყვავილებისთვის კი არა, კატის მოსავლელად დაუტოვეს. მას კატისთვის ორ დღეში ერთხელ საჭმელი უნდა დაეყარა, კვირაში ერთხელ ქვიშა გამოეცვალა და... ამის სანაცვლოდ, 500 ლარი მისცეს და ისიც მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებდა. ვერც ის მიხვდა, რომ ბინა გაქურდული იყო და როცა ქურდობის ფაქტი დადასტურდა, სამართალდამცავებმა მისი დაკავება არც კი სცადეს, რადგან იცოდნენ, ისევ ტყუილად იწვალებდნენ. ახლა, მთავარი ის იყო, ძალოვნებს გაეგოთ, საიდან იღებდნენ ქურდები „ნაკოლს“, მერე კი, მათზე გასვლაც არ იქნებოდა რთული. ამიტომ, ამ ბინების მეპატრონეებისა და მათი გარმეოცვის შესწავლა დაიწყეს, მაგრამ საერთო ვერაფერი იპოვეს, აბსოლუტურად ვერაფერი.

ამასობაში, მესამე და მეოთხე ბინაც გაქურდეს და ყველა შემთხვევაში, ერთნაირი ხელწერა იყო, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ერთი ბინა უბრალოდ იყო დაკეტილი და მეზობელს გასაღები არ ჰქონდა, მეორე ბინაში კი, მეზობელი ყვავილებს უვლიდა. გამორიცხული გახლდათ, ყველა მეზობელი არაკეთილსინდისიერი ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ ერთი ბინა ისე გატყდა, მეზობელს შეხება საერთოდ არ ჰქონია.

„შეუძლებელია, ამ ბინებს რაიმე საერთო არ ჰქონდეთ, ან მის მეპატრონეებს. საქმეში ჩართეთ ყველა, სხვა გამომძიებლებმაც წაიკითხონ საქმე, რადგან შესაძლოა, თქვენ მიეჩვიეთ და ერთ წრეზე ტრიალებთ, ხოლო მთავარი, უმთავრესი გეპარებათ, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამიტომ ნუ მოგერიდებათ და ნუ შეგრცხვებათ კოლეგების დახმარება“, - სამმართველოს უფროსი გამომძიებლებს თათბირს მშვიდი, მაგრამ მტკიცე ხმით უტარებდა და ისინიც მიხვდნენ, რომ უფროსი მართალი იყო.

მალე, აღნიშნული საქმის დეტალები, პრაქტიკულად, ყველა თანამშრომელს მაგიდაზე ედო და ყველა თავს იმტვრევდა, მაგრამ ბინებთან და მათ მეპატრონეებთან კავშირს ვერავინ პოულობდა.

ახლა ქალბატონების ზეიმი იქნება - ერთ-ერთმა ქალმა გამომძიებელმა, ბევრი წვალებისა თუ ფიქრის შემდეგ, საქმე მაგიდაზე დადო და თქვა - „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამ ბინებს და მათ მეპატრონეებს აერთიანებს ერთადერთი რამ - ინტერნეტ პროვაიდერი ანუ ყველა ბინის მეპატრონე, ერთი და იმავე ინტერნეტ-კომპანიის მომსახურებით სარგებლობს და მგონია, რომ საქმის გასაღებიც ამ კომპანიის თანამშრომელს, ან თანამშრომლებს შორის უნდა ვეძებოთ“. გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს და ორ საათში, ინტერნეტ-კომპანიის ხელმძღვანელი და ტექნიკური მენეჯერი განყოფილებაში ჩვენებას აძლევდნენ.

„უნდა ვნახო, ვინ შეიყვანა იმ ბინებში ინტერნეტი. გიდასტურებთ, რომ ყველა ბინა, რომელიც თქვენ დაასახელეთ, ჩვენ გათიშული გვქონდა, რადგან მეპატრონეებმა დარეკეს და გვითხრეს, რომ შვებულებაში მიდიოდნენ და ამის გამო, ინტერნეტს აპაუზებდნენ“, - უხერხულად საუბრობდა ტექნიკური მენეჯერი და მართლაც, ერთ საათში, მან დაასახელა კომპანიის თანამშრომელი, რომელმაც ბინებში ინტერნეტი დაამონტაჟა ანუ მან კარგად იცოდა, მეპატრონეთა ქონებრივი შესაძლებლობაც და ისიც, თუ როდის და რამდენ ხანს არ იქნებოდნენ სახლში. ეს კი, საქმის გახსნას უდრიდა. ამიტომ, სამართალდამცავებმა მაშინვე გამოითხოვეს სია, რომელშიც კონკრეტულად იქნებოდა აღწერილი ის ბინები, სადაც ეჭვმიტანილს ინტერნეტი ჰქონდა დამონტაჟებული და რაც მთავარია, ამ ბინებიდან ერთ-ერთის მეპატრონე მაინც, შვებულებაში უნდა გასულიყო და ინტერნეტი დაეპაუზებინა, რათა კომპანიის თანამშრომელს თანამზრახველებისთვის შეეტყობინებინა.

„თქვენ რა, სულ გაგიჟდით? ვის და რას ელოდებით? დააწერინეთ ნებისმიერს განცხადება ინტერნეტის შეჩერებაზე შვებულების მოტივით, გადაიყვანეთ სადმე სასტუმროში და ჩასაფრება მოაწყვეთ“, - უფროსმა ლამის თმები დაიგლიჯა, ასეთ მარტივ რამეს რატომ ვერ ხვდებითო? გამომძიებლებმა „მსუყე“ ბინა შეარჩიეს, მის მეპატრონეს დაელაპარაკნენ, მარტივად დაითანხმეს და ბინაში ოთხი ოპერმუშაკი ჩასახლდა, გარეთ კიდევ ორი ბრიგადა მორიგეობდა, ოღონდ ისე, რომ არავის შეემჩნია. ოპერებს თან სამი დღის საკვები ჰქონდათ, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ქურდები ამდენს არ გაჭიმავდნენ, მაგრამ სამი დღეც გავიდა, ოთხიც და ხუთიც, მაგრამ არავინ ჩანდა. ოპერებს საკვები საიდუმლოდ მიაწოდეს და საქმეში ისევ სამმართველოს უფროსი ჩაერია.

„თქვენ მართლა დაკარგეთ აზროვნების უნარი? ვის და რას ელოდებით? დაარეკინეთ კომპანიაში ბინის მეპატრონეს და ათქმევინეთ, რომ შვებულებას სამსახურის გამო წყვეტს, რომ მეორე დღეს ქალაქში იქნება, რომ ინტერნეტი უსიკვდილოდ სჭირდება და ჩართონ. ქურდებს 24 საათიც კი არ ექნებათ ბინაში შეასასვლელად და იმოქმედებენ“, - უფროსი ბოლო ხმაზე ყვიროდა.

ოპერები ასეც მოიქცნენ და დაგებულმა ხაფანგმა იმუშავა. იმავე ღამეს, ბინის ქურდებმა ისე უხმაუროდ გახსნეს საკეტი, ჩასაფრებულმა სამართალდამცავებმა ლამის ტაში დაუკრეს. მათი დაკავებაც უხმაუროდ მოხდა და სასამართლომ ოთხივეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კომპანიის თანამშრომელს კი, „ნაკოლის“ მიცემისთვის - 6 წელი ერგო, აქაოდა, ის მხოლოდ მისამართებს ამბობდა, თორემ დანაშაულის ჩადენაში არ მონაწილეობდაო.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე 

გაზეთ ვერსიის ახალი ნომერი იხილეთ აქ: