“გთხოვთ ეს წერილი ყველას აცნობოთ, რათა არავის ეგონოს, რომ საქართველოსთვის არაფერი გამიკეთებია!!” - ლიანა ისაკაძე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

78 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე. ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია.

1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი; 1974 წელს მის შესახებ გადაიღეს იაპონური დოკუმენტური ფილმი; 1975 წელს გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში „სიბელიუსი“; 1990 წელს მან გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობს; 1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია.

ლიანა ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა; იგი ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა, სამი წლის ასაკში გახდა მევიოლინე; მისი შესრულება გამოირჩევა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზულობით. მის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები; ქართველი კომპოზიტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია; არის კლასიკური მუსიკის ფესტივალის, ბათუმის „ღამის სერენადების“ ორგანიზატორი.

მუსიკოსს მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2016 წელი – ბათუმის საპატიო მოქალაქე; 2016 წელი – თბილისის საპატიო მოქალაქე; 1998 წელი – ღირსების ორდენი, მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის; 1979 წელი – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია; 1974 წელი – საქართველოს სახალხო არტისტი; 1970 წელი – სიბელიუსის სახელობის კონკურსი (ჰელსინკი), პირველი პრემია; 1970 – პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, მესამე პრემია (მოსკოვი); 1965 წელი – მარგარიტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის კონკურსი, პირველი პრემია (პარიზი); 1961 წელი – მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსი, მეორე პრემია; 1957 წელი – ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი; 1956 წელი – რესპუბლიკის ფესტივალი, პირველი პრემია, საპატიო ნიშნის ორდენი.

ლი­ა­ნა ისა­კა­ძე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა გა­მო­ცე­მა­შია შეყ­ვა­ნი­ლი, სა­დაც სა­უ­კუ­ნის სა­უ­კე­თე­სო მე­ვი­ო­ლი­ნე­ე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა.

26 აგვისტოს, ფესტივალ "ღამის სერენადების" ფარგლებში, ბათუმში მიმდინარე კონცერტის დროს, ლიანა ისაკაძის მეუღლე, ცნობილი პოეტი, ესეისტი და კრიტიკოსი  თამაზ ჩაჩავა შეუძლოდ გახდა. ის გულის შეტევის დიაგნოზით გადაიყვანეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

ლიანამ უარი თქვა მოღვაწეობის გაგრძელებაზე, თუმცა არასდროს მიუტოვებია ფესტივალი “ღამის სერენადები”.

მან ეს ფესტივალი 1982 წელს დააარსა. ყოველ წელს იგი აფხაზეთში, ბიჭვინთაში იმართებოდა და უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა. 1991 წელს ფესტივალმა შეწყვიტა არსებობა და მისი აღდგენა მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს გახდა შესაძლებელი. იმ დროიდან "ღამის სერენადები" ტრადიციულად ყოველ წელს აჭარაში ტარდება.

წლების წინ სწორედ ამ ფესტივალის გამო აგორდა სკანდალი, რაზეც ქალბატონმა ლიანამ განმარტება გააკეთა:

"საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე საქართველოს ხელისუფლებას ვრცელი წერილით მიმართავს. ლიანა ისაკაძე სინანულს გამოთქვამს, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ მისი საქველმოქმედო მოღვაწეობის შესახებ არაფერი იცის და წერს - თუ არსებული გაუგებრობები არ აღმოიფხვრება, ის საქართველოში არასდროს ჩამოვა.
"როგორც მე ვატო მაჭავარიანმა გადმომცა, თურმე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის უთქვამს მისთვის, რომ ლიანა ისაკაძემ თავისი ფესტივალით "გაგვძვარცვაო" და ერთი ვიოლინო მაინც ეყიდა ათწლედისთვისო!! ეს მე ძალიან მეწყინა და მივხვდი, რომ ახალმა მთავრობამ არაფერი იცის ჩემს საქველმოქმედო მოღვაწეობაზე! შესაძლოა, თქვენ არ კი იცით და მე მინდა გთხოვოთ, რომ გაავრცელოთ შემდეგი: 1. როცა მე 1990 წელს წავიყვანე ინგოლშტატში ორკესტრი, მთელი ორკესტრი განაგრძობდა საქართველოში ხელფასის მიღებას - ესე იგი იღებდა ხელფასს ორჯერ - ჩემგან გერმანიაში და საქართველოში, და მე ვუხდიდი მათ საპენსიო დაზღვევასაც, რის შედეგად ისინი იღებენ პენსიას, მე კი, ვინაიდან ჩემთვისაც რომ გადამეხადა ეს დაზღვევა, მაშინ ორკესტრს აღარ ეყოფოდა ხელფასი, ამიტომ მე ვერ ვიღებ პენსიას გერმანიაში!. შედეგად, მთელი ორკესტრი იღებს გერმანიაში პენსიას, მე კი არ ვიღებ!! 2.მე არასდროს არ მიმიღია საქართველოში ხელფასი გერმანიაში ყოფნის დროს, იმიტომ რომ, იმ ხელფასით ვასპონსორებდი გერმანიაში სწავლისთვის: 1- ახლანდელ კონსერვატორიის დირექტორს, რომელმაც ამასწინათ თვითონ გამახსენა - მე არც მახსოვდა!

2 - ნოდარ გაბუნიას შვილს, ნატო გაბუნიას, 3 - სულხან ცინცაძის შვილს, 4 - აგრეთვე თბილისში დებ დავითაშვილებს და კიდევ ერთ მევიოლინეს - დამავიწყდა გვარი, მგონი მარიამ მაღრაძეს! აგრეთვე, როცა ომი მოხდა აფხაზეთში, მე გერმანიიდან გადავუგზავნე დაჭრილ ქართველ მეომრებს 100 000 მარკის უნიკალური წამლები თვითმფრინავით! მაშინ ამაზე კი წერდნენ გაზეთები. მაგრამ ახლა ეს ყველაფერი რატომღაც ყველამ დაივიწყა ან საერთოდ ახალმა მთავრობამ არც კი იცის ამის შესახებ! ალბათ, თქვენც კი არ იცით! მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც მის მიერ გაკეთებულ სიკეთეზე ყვირის! მაგრამ როცა ასე უსამართლოდ ლაპარაკობენ ჩემზე, მაშინ მე ძალიან მწყინს და მაქვს უფლება, მოვყვე სიმართლე! ამიტომ გთხოვთ, ეს გადაუგზავნოთ არა მარტო ოდიშარიას და მის მოადგილეს, ბაგრატიონ-გრუზინსკის, არამედ თვით პრეზიდენტსაც და ბატონ ბიძინასაც, რომელთაც შესაძლოა, ჰგონიათ, რომ მე მარტო ვითხოვ ფულს და არაფერს ვაძლევ საქართველოს!! გთხოვთ ყველას მიაწვდინოთ, რომ თუ საქართველოს არ უნდა ჩემი ბათუმის ფესტივალი, მაშინ მე საერთოდ აღარასდროს თბილისში აღარ ჩამოვალ, ვინაიდან მე მაქვს უფრო საინტერესო გეგმები - მომავალ წელს მე მინდა ჩავატარო ნიუ -იორკის "კარნეგი ჰოლში" ახალი ფესტივალი სახელწოდებით "LOVE ანდ PEAჩE". ჩემს სპონსორს და მის ნიუ-იორკელ ორგანიზატორს ძალიან მოსწონთ ეს ფესტივალი და უნდათ აგრეთვე ვაშინგტონში ჩაატარონ და ამბობენ, რომ დაპატიჟებენ ჰილარი კლინტონს და სხვა დიდ პიროვნებებს. ჩვენ გვინდოდა, რომ ეს ფესტივალი ყოფილოყო ჩვენი პრეზიდენტის და პატრიარქის პატრონაჟით, აგრეთვე თბილისში და მოსკოვში, მაგრამ, თუ ასეთ სიძულვილს გამოხატავს ახალი მთავრობა და ალბათ, პრეზიდენტიც და ივანიშვილიც ჩემს მიმართ, მაშინ რა თქმა უნდა, თბილისში აღარ ჩავატარებ, მაგრამ იქნებ ვცდები და ამიტომ გთხოვთ, მიკარნახოთ, თუ როგორ შეიძლება მივწვდე პრეზიდენტს ამ თხოვნით? ეს მინდოდა მეთქვა და გთხოვთ ეს წერილი ყველას აცნობოთ, რომ არავის ეგონოს, რომ მე საქართველოსთვის არაფერი გამიკეთებია!! ჩემს მსოფლიო შემოქმედებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ!! მაპატიეთ, რომ გაწუხებთ! გკოცნით და გეხვევით ყველას! თქვენი ლიანა ისაკაძე. დამავიწყდა კიდევ ერთი რამ! არავინ იცის, რომ ლიზა ბათიაშვილს რომ ესწავლა გერმანიაში, ამის გულისთვის ჩემი ორკესტრის წევრებთან მომიხდა უთანხმოება მისი მამის გამო, რომელიც მარტო ვერ უშვებდა 13 წლის ლიზიკოს გერმანიაში, - მომიხდა მთელი კვარტეტის ჩამოყვანა, რის გამოც მთელი ორკესტრი ამიჯანყდა - რად გვინდა ეს კვარტეტიო. მაგრამ ვინაიდან ორკესტრის წევრის ცოლი და თვით ორკესტრანტი მაღაზიაში ქურდობისთვის გააძევა პოლიციამ თბილისში და ქმარიც სოლიდარობის გამო თან გაჰყვა, ამიტომ ადგილები თავისუფალი იყო და ჩამოვიყვანე მთელი კვარტეტი. ლიზა ბათიაშვილს კი არც ერთ თავის ინტერვიუში არასდროს არ უხსენებია, თუ ვისი მეშვეობით ჩამოვიდა გერმანიაში და გააკეთა ასეთი კარიერა!! ვფიქრობ, როცა ადამიანი სინდისისგან გარეცხილია, ის ვერასდროს ვერ იქნება ნამდვილი და კარგი მუსიკოსი!! კიდევ ერთხელ გკოცნით - ლიანა ისაკაძე",- ნათქვამია წერილში.