რა იცვლება კანონში „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 71 ხმით, მხარი დაუჭირა ცვლილებების პროექტს - „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“. ცვლილებების კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჟან წაქაძე და გოჩა ენუქიძე. პარლამენტში, ეს საკითხი ერთ-ერთმა ინიციატორმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.

 

ზოგადი ინფორმაცია

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა აღნიშნა, ცვლილებების მიზანია, მოაწესრიგოს სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები, რათა ხელი შეუწყოს სანებართვო პირობების დაზუსტებას, კერძოდ, ეფექტურ მონიტორინგს, გამჭვირვალობასა და აღრიცხვიანობას.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით,ცვლილებებით, ნებართვების მფლობელთათვის განისაზღვრა ინტერნეტ-დომენებისა და ვებ-გვერდის ოდენობა და მათი ოპერირების წესი. ამასთან, მათ დაემატათ საქართველოს ტერიტორიიდან თამაშების მართვა-ორგანიზების ვალდებულება და ასევე, სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსება.

გარდა ამისა, ცვლილებების პროექტით, განისაზღვრება ახალი დასაბეგრი ბაზა და იცვლება გადასახადის განაკვეთები სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორ პირთათვის და შესაბამის თამაშობებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირთათვის.

 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათი

უფრო მეტი კონკრეტიკისთვის, თუ რა იცვლება და რატომ გახდა აუცილებელი ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა პარლამენტში, განვიხილოთ კანონპროექტის განმარტებითი ბარათი:

„წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, მოაწესრიგოს სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები, იმ მიზნით რომ, ხელი შეეწყოს სანებართვო პირობების დაზუსტებას. კერძოდ, ეფექტური მონიტორინგის, გამჭვირვალობისა და აღრიცხვიანობის (კონტროლის ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის გენერირების გამარტივება) მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ბაზის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანისათვის“, - ვკითხულობთ ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათში.

ვინაიდან მნიშვნელოვანია შემოთავაზებული ცვლილებით გათვალისწინებული საკითხების საკანონმდებლო აქტით დარეგულირება, ბუნებრივია, რომ აუცილებელია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილების ასახვა, რათა დროულად მოხდეს ქმედითი მექანიზმების დანერგვა და პრაქტიკაში გამოყენება.

ეს იმიტომ, რომ კანონპროექტის მიღებით,ერთი მხრივ, გაიზრდება საქართველოში ნებართვის მაძიებელთა რიცხვი, ხოლო მეორე მხრივ - არსებული ნებართვის მფლობელების მიერ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისრაოდენობა.

„ნებართვის მფლობელებისთვის განისაზღვრა ინტერნეტ-დომენებისა და ვებ-გვერდების ოდენობა და მათი ოპერირების წესი. ამასთან, ნებართვის მფლობელებს დაემატათ ვალდებულებები საქართველოს ტერიტორიიდან თამაშების მართვა/ორგანიზებასთან მიმართებით და ასევე სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ნაწილში.

კერძოდ, კანონის პროექტის შესაბამისად: სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა დასისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა შესაძლებელია გაიცეს, როგორც შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე, ისე - მის გარეშე; ამასთან, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია არაუმეტეს ორი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებ-გვერდების ორგანიზება, საიდანაც ორი ინტერნეტ-დომენისა და ვებ-გვერდის არსებობის შემთხვევაში, ერთი ინტერნეტ-დომენი და ვებ-გვერდი გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე - უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის; მხოლოდ ერთი ინტერნეტ-დომენის სახელით არსებული ვებ-გვერდის ორგანიზების შემთხვევაში, აღნიშნული შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან როგორც საქართველოს, ასევე - უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის. გარდა ამისა, ზუსტდება შესაბამისი დოკუმენტების წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები“.

მიზეზი, რის გამოც აუცილებელია ცვლილებების ამ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა საკანონმდებლო ორგანოში, კანონპროექტის განმარტებით ბარათში დეტალურადაა გაწერილი:

„ვინაიდან კანონპროექტი შეეხება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორი პირების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორი პირებისა და ასევე, სისტემურ ელექტრონული ფორმით აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობებში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხების საკითხების მოწესრიგებას, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ოპერატიულად განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულების სამართლებრივი მექანიზმები და აგრეთვე, გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე დარჩენილია საკმაოდ მცირე პერიოდი, საჭიროა კანონპროექტის განხილვა და მიღება მოხდეს დაჩქარებულ ვადაში, შესაბამისად მოთხოვნილია კანონპროექტის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117 ე მუხლით დადგენილი დაჩქარებული წესით განხილვა“.

მეტიც, ცვლილებების კანონპროექტის განმარტებით ბარათში კონკეტულადაა გაწერილი კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ასევე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

„2024 წლისთვის, დღეს მოქმედი სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორებისგან მოსალოდნელია 2.2 მილიარდიანი GGR მაჩვენებელი, რაც მომდევნო წლებისთვის გაიზრდება, დაახლოებით, 30%-ით. ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებული ნებართვის მფლობელებს დამატებითი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოეშვებათ“.

 

 

 

მაკა-რუხაძე