უკრაინაში ქართული ღვინის კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კორპორაცია „უკრვინპრომში“ გაერთიანებული უკრაინელი მეღვინეები მოითხოვენ, კიევმა სანქციები დაუწესოს ღვინისა და ბრენდის მწარმოებელ იმ ქართულ და სომხურ კომპანიებს, რომელთა პროდუქციაც რუსეთსა და უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე იყიდება. ამის შესახებ უკრაინული პორტალი „ეკონომიჩესკაია პრავდა“ წერს.

„უკრვინპრომმა“ სანქციების დაწესების მოთხოვნით უშიშროების და თავდაცვის ეროვნულ საბჭოს მიმართა.

სანქციების დაწესებას მოითხოვენ შემდეგი ქართული კომპანიების: „ასკანელი ძმების“, „ადამარის“, „ქართული ღვინის სახლის“, "კახეთის ტრადიციული მეღვინეობის“, „ტიფლისის ღვინის მარნისა“ და „სარაჯიშვილის“ მიმართ.

როგორც „უკრვინპრომის“ გენერალურმა დირექტორმა ვლადიმირ კუჩერენკომ უთხრა „ეკონომიჩესკაია პრავდას“, თუ სანქციების დაწესებას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტს, საბაჟო უკრაინაში არ შეუშვებს პროდუქციას, თუმცა საუბარი არაა ქართული და სომხური წარმოების ღვინისა და ბრენდის სრულ აკრძალვაზე.

„ჩვენ მოვუწოდებთ მხოლოდ მწარმოებლების ნაწილის პროდუქციის აკრძალვისკენ, ვინც „ორ სკამზე ჯდომას“ ცდილობს, პროდუქციის რუსეთისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაყიდვით უკრაინის ბაზარზე ყოფნის პირობებში. ეს, პირველ რიგში, ეხება მათ, ვისაც რუსი მფლობელი ჰყავს“, - დაამატა „უკრვინპრომის“ გენერალურმა დირექტორმა.

უკრაინის უშიშროების სამსახურისადმი ასოციაციის მიერ მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ ქართული ღვინის რამდენიმე ქარხნის მეწილეები საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და შემწირველები არიან. მათ შორის - ზურაბ ჩხაიძე, ვახტანგ კარიჭაშვილი, ზაალ დუგლაძე, ზაზა კიკაბიძე და ნანა მენაბდიშვილი.

„ყველა ამ კომპანიამ ფაქტობრივად ერთდროულად მიიღო გიგანტური შეკვეთები უმსხვილესი რუსული სავაჭრო ქსელებისგან“, - ნათქვამია წერილში.

„უკრვინპრომის“ გაანგარიშებით, სანქციების დაწესების შემდეგ ღვინით ვაჭრობის ბაზარზე დარჩება 15%-იანი თავისუფალი ნიშა, რომლით სარგებლობაც იმ უკრაინელ მეღვინეებს შეეძლებათ, რომლებმაც ომის გამო ვენახები და საწარმოო სიმძლავრეები დაკარგეს. იგივე შეეხება ბრენდის მწარმოებლებსაც.

მანამდე უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (НАПК ) უკრაინულმა პორტალმა „ომი და სანქციები“ ომის სპონსორების სიაში შეიყვანა კომპანია „Bolero & Company“, რომლის ბენეფიციარი მფლობელი ვახტანგ კარიჭაშვილია.

მას რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და არის, სულ ცოტა, 14 ქართული კომპანიის დამფუძნებელი და ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორი, ნათქვამია პორტალზე.