საიდუმლო, რომელსაც ეროვნულმა ნაკრებმა გვაზიარა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საიდუმლო, რომელსაც ეროვნულმა ნაკრებმა გვაზიარა

ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. მართალია, „ევრო 2024“-ს გამოვეთიშეთ, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს ის, რასაც თითქმის სამი ათეული წელია, ველოდით ანუ თავისუფალ საქართველოში დაბადებულმა თაობამ მთელ ერს გამარჯვების გემო აგრძნობინა. დიახ, ამ ბიჭებს გამარჯვების ფერი აქვთ, რაც ვინმეს მოსწონს თუ არა, მთელ ქვეყანას „გადაეცემა“.

 

საერთოდ, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ადამიანი ორგვარად  აზროვნებს - როგორც გამარჯვებული და როგორც დამარცხებული, თუმცა თუ ისე აზროვნებთ, როგორც გამარჯვებული, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გაიმარჯვებთ, მაგრამ თანაბარ სიტუაციაში, ყოველთვის გადამწყვეტი უპირატესობა გექნებათ.

სწორედ ეს დაამტკიცა საქართველოს ნაკრებმა - ბიჭები, მართლია, მეოთხედფინალში ვერ გავიდნენ, მაგრამ ისინი ისე აზროვნებენ, როგორც გამარჯვებულები და შესაბამისად, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშიც მოექცნენ.

აი, სწორედ ეს არის ის ალგორითმი, რომელიც ჩვენ, მთელმა ერმა მათგან უნდა ვისწავლოთ - დიახ, ჩვენ ისე უნდა ვიაზროვნოთ, როგორც გამარჯვებულებმა და გადამწყვეტ მომენტებში, უპირატესობაც აუცილებლად გვექნება.

სამწუხაროდ, მხოლოდ ბოლო 30 წელიწადში კი არა, ლამის, მთელი მე-20 საუკუნე ჩვენ ისე ვაზროვნებდით, როგორც დამარცხებულები ანუ რაღაცნაირად ბედს  ვიყავით შეგუებულები და ამიტომაც გვჭირდა ის, რაც გვჭირდა.

80-იანების ბოლოს, ესე იგი, მაშინ, როცა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით, ეროვნული მოძრაობა აზვირთდა, ერთხანობას, ისე დავიწყეთ ფიქრი, როგორც გამარჯვებულებმა.

ახლა, შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, ეს აზროვნება სისხლზე გადიოდაო, კი ბატონო, მაგრამ იგივე 1989 წლის 9 აპრილმა ჩვენ გვასწავლა, უფრო სწორად, გაგვიჩინა რწმენა, რომ მიზნის მიღწევა შეიძლებოდა. აკი, ასეც მოხდა - ამ ტრაგიკული ამბებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, საქართველოში კომუნისტური პარტიის 70-წლიანი დიქტატი დაემხო, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი გამარჯვებულივით აზროვნება ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა და სახელმწიფო გადატრიალების, თბილისის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების პარალელურად, ჩვენ ისევ ისე დავიწყეთ აზროვნება, როგორც დამარცხებულებმა.

დიახ, ჩვენ ვაზროვნებდით დამარცხებულებივით და შესაბამისად, შეგუებულები ვიყავით ყველაფერ იმას, რაც გვჭირდა - უშუქობას, უგაზობას, უწყლოობას, უპურობას...

დიახ, ჩვენ შეგუებულები ვიყავით, რომ მე-20 საუკუნის ბოლოს ისე ვცხოვრობდით, როგორც შუა ან ადრეული საუკუნეების ადამიანები.

ჩვენ ვაზროვნებდით წაგებულებივით და იმასაც ჩვეულებრივ ამბავდ ვთვლიდით, რომ ქვეყანაში კორუფცია ყვაოდა.

ასე გრძელდებოდა დიდხანს, ძალიან დიდხანს...

ამასობაში, დადგა 2003 წელი...

ახლა, იმის განსჯას არ დავიწყებ, „ვარდების რევოლუცია“ კარგი იყო თუ ცუდი.

არც იმის სიღრმეებში წავალ, მიხეილ სააკაშვილმა და იმხანად ახალგაზრდა რეფორმატორებად წოდებულებმა ის, რაც გააკეთეს, მისაღები იყო თუ არა.

ფაქტია: 2003 წლის ნოემბერში, ჩვენში ცოტა ხნით, ძალიან ცოტა ხნით ისევ გაიღვიძა გამარჯვებულის ეგომ და... ქვეყანაში ახალი რეალობა დადგა ანუ მოგვივიდა წყალი, დენი, გაზი...

სამწუხაროდ, ყველლაფერი ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა ანუ სანამ გამარჯვების ეიფორიაში ვიყავით, ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორებმა ხელისუფლება „ფეხქვეშ გაიფინეს“ და...

ჩვენც ისევ ბედს შევეგუეთ...

ჰო, ჩვენ ისევ ისე დავიწყეთ ფიქრი და აზროვნება, როგორც დამარცხებულებმა და...

ასე ვიყავით მთელი 9 წელიწადი...

2011 წელი...

პოლიტიკურ ავანსცენაზე „ოცნება“ ჩნდება და...

მოსახლეობის უმეტესობაც იჯერებს, რომ გამარჯვება შესაძლებელია...

ასეც ხდება და...

დღეს, მხოლოდ ათეულობით, ასეულობით ან ათასეულობით ადამიანი კი არა, მთელი ერი ისე აზროვნებს, როგორც გამარჯვებული.

ეს კი, რაღა თქმა უნდა, ჩვენი ახალგაზრდა ბიჭების დამსახურებაა!

დიახ, კვარა, მამარდა, ჩაკვე, ქოჩორა, ბუდუ, ჟორჟი, კაშია და, საერთოდ, მთელი ნაკრები საქართველოს უახლეს ისტორიაში მხოლოდ ისე კი არ შევა, როგორც საფეხბურთო გუნდი, რომელმაც მოეხერხა და „ევრო 2024“-ის მერვედფინალში გავიდა, არამედ, ეს ბიჭები ისე შევლენ ისტორიაში, როგორც ერისთვის გამარჯვების აზროვნების მასწავლებლები!

არა, ეს არც გადამეტებული შეფასებაა და არც - ქათინაური.

ეს რეალობაა, რეალობა, რომელმაც ერის მიძინებული ე.წ. გრძნობა - გამარჯვების აზროვნება გამოაღვიძა!

მარცხსა და გამარჯვებაში ნუ დაადანაშაულებთ თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, კონკურენტებს, ამინდს, ჰოროსკოპს, არასასურველ ეკონომიკურ სიტუაციას - ასე უკვე აკეთებს მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში, მაგრამ არცერთ მათგანს არ მიუღწევია წარმატებისთვის.

წარმატებას აღწევენ მხოლოდ ისინი, რომლებსაც არ ეშინია თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ საკუთარი გამარჯვებისთვის, არამედ, შეცდომისა და მარცხისთვის.

არასოდეს დაკმაყოფილდეთ მიღწეულით, თუ თვლით, რომ არ ამოგიწურავთ საკუთარი შესაძლებლობები და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ - ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს“, - ამბობენ ფსიქოლოგები.

სხვათა შორის, ამ თემაზე, ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში:

„ხედავთ ხომ, მთელი ჩვენი კარგი გრძნობების პროექცია ნაკრებზე რომ განვახორციელეთ, ნამდვილ გულშემატკივრებად რომ გადავიქეცით, მოგებულს კი არ ვხოტბავთ, წაგების დროსაც ვამხნევებთ გუნდს და არ ვწყვეტთ მათ სიყვარულს. რატომ არ ვაკეთებდით ამას ადრე? ჩვენში არ იყო და ახლა გაჩნდა ეს თვისება? თუ გადასარევი ფეხბურთელები არ გვყავდა აქამდე? ჩვენი თვისება გაააქტიურა იმან, რა სიყვარულის, იდეალური მეგობრობის და გუნდურობის მაგალითიც ამ ნაკრებმა გვაჩვენა და რას ნიშნავს ეს? - ჩვენს შიმშილს, ვხედავდეთ მეგობრობას, ზრუნვას, ერთობას და ერთობას არა უკუღმართობაში, ტყუილსა და მაქინაციაში, არამედ, ერთობას სიყვარულისთვის და მთელი ქვეყნის გამარჯვებისთვის“.

მოკლედ, მადლობა, ბიჭებო იმისთვის, რომ ჩვენ ისე დაგვაწყებინეთ აზროვნება, როგორც გამარჯვებულებს!

ავტორი: ნინო დოლიძე 

გაზეთ ვერსიის ახალი ნომერი იხილეთ აქ: