ძაღლები ადამიანის სტრესის სუნს გრძნობენ, რაც მათზე ღრმად ზემოქმედებს — ახალი კვლევა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ძაღლებს ადამიანის სტრესის სუნის აღქმა შეუძლიათ და როგორც ახალი კვლევა ცხადყოფს, ამ სუნმა მათშიც ისეთივე ემოციური ეფექტი შეიძლება აღძრას, აიძულოს „პესიმისტური“ გადაწყვეტილებები.
ეს პირველი სამეცნიერო მტკიცებულებაა იმისა, რომ ადამიანის სტრესის სუნი გავლენას ახდენს ძაღლის ემოციებსა და სწავლაზე, რამაც შეიძლება, მნიშვნელოვანი სინათლე მოჰფინოს ძაღლებსა და ადამიანებს შორის არსებულ ორ უძველეს კავშირს.

მათთვის, ვინც სახლში ძაღლთან ერთად ცხოვრობს, შეიძლება არც ისე გასაკვირი აღმოჩნდეს იმის გაგეგა, რომ ძაღლებს ადამიანის განწყობის შეგრძნება შეუძლიათ, მაგრამ როგორც კვლევა მიუთითებს, ეს აღქმა იმაზე ძლიერია, ვიდრე შეიძლება გვეგონოს.

„პატრონებმა იციან, რამდენად შეჩვეული არიან ძაღლები მათ ემოციებს, მაგრამ ამ კვლევაში ვაჩვენეთ, მათთვის უცნობი, სტრესში მყოფი ადამიანის სუნიც კი ზემოქმედებს ძაღლის ემოციურ მდგომარეობაზე, ჯილდოს მოლოდინსა და სწავლის უნარზე“, — ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის ცხოველებისა და ადამიანების ურთიერთქმედებათა მკვლევარი ნიკოლა რუნი.

ადამიანებზე ჩატარებულმა წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ყნოსვით შეგვიძლია გარკვეული მინიშნებები დავიჭიროთ სხვა ადამიანთა ემოციების შესახებ, ქვეცნობიერად დავაფიქსიროთ ქიმიოსიგნალები მათ ოფლში და ამ მალულმა სიგნალებმა შეიძლება ოდნავ იმოქმედოს ჩვენს ემოციებსა და გადაწყვეტილებებზე.

როგორც ბოლდროინდელი კვლევები აჩვენებს, ამ სიგნალებს ჩვენგან ძაღლებიც აფიქსირებენ, მაგრამ რუნის და მის კოლეგებს სურდათ დაედგინათ, რა გავლენას ახდენს ჩვენი სტრესის სუნი მათზე.

ვინაიდან ძაღლები კარგად ფლობენ ადამიანთა ვერბალურ და არავერბალურ მინიშნებებს, მკვლევრებმა გადაწყვიტეს, ისინი პირდაპირ სტრესში მყოფ ადამიანთა წინაშე არ შეემოწმებინათ.

ამის ნაცვლად, ძაღლებს წარუდგინეს მათთვის უცნობ ადამიანთა ოფლისა და ამონასუნთქის ნიმუშები, რომლებიც მაშინ აიღეს, როდესაც ეს ადამიანები ან მოდუნებული იყვნენ, ან რაიმე სტრესულს აკეთებდნენ.

მოსადუნებელი აქტივობა მოიცავდა ბუნების ვიდეოს ყურებას, სტრესის ტესტი კი მათემატიკასა და საჯარო გამოსვლებთან დაკავშირებულ იმედგამაცრუებელ ინსტრუქციებს.

ადამიანის სუნის ნიმუშების ცდებში მონაწილეობისათვის, მკვლევრებმა 18 ადამიანი-ძაღლის წყვილი შეკრიბეს. ტრენინგ-სესიების დროს, ძაღლებმა ისწავლეს ერთ ადგილას მდგარ საჭმლის ჯამში ყოველთვის იდო ჯილდო, მეორე მხარეს მდგარი ჯამი კი ყოველთვის ცარიელი იყო.

ძაღლები, რომლებმაც ეს ისწავლეს, უფრო სწრაფად უახლოვდებოდნენ, თუ ჯამი დადებით ადგილას (P, ჯილდოსთან დაკავშირებული) იდგა, ვიდრე უარყოფითს (N, რომელშიც ჯილდო არ იდო).

ჯგუფის განმარტებით, ძაღლების მონდომებული სვლა მიუთითებს „ოპტიმიზმზე“, ანუ ცხოველის ემოციურ მდგომარეობაზე მიმანიშნებელ ქცევით სიგნალზე; ამის საფუძველს მათ წინა კვლევები აძლევს, რომლებშიც ადამიანთა დადებითი და უარყოფითი ემოციები „ოპტიმისტურ“ და „პესიმისტურ“ გადაწყვეტილებებთან დააკავშირეს.

საწყისი წვრთნის შემდეგ, მკვლევრებმა ჯამები ახალ ადგილებზე გადაიტანეს, საიდუმლოდ მოათავსეს პირველ ორს შორის, რათა ენახათ, რამდენად იოლად მიუახლოვდებოდნენ ძაღლები.

ისინი ახალ ადგილებს გაეცნენ, თითოეული მათგანი იდენტიფიცირებული იყო რომელიმე თავდაპირველი ორი ადგილიდან ერთ-ერთთან სიახლოვით: თითქმის დადებითი NP, საშუალო M და თითქმის უარყოფითი NN.

მკვლევრები ამ ექსპერიმენტებს ამეორებდნენ და თან, ძაღლებს აყნოსვინებდნენ სტრესში მყოფი ან მოდუნებული ადამიანის სუნს, ანდაც საერთოდ არანაირი სუნის ქვეშ არ ამყოფებდნენ.

აშკარა გახდა, რომ ძაღლები ნაკლებად უახლოვდებოდნენ თითქმის უარყოფით პოზიციაში მდგარ თასს, როდესაც დასტრესილი უცხო ადამიანის სუნს შეიყნოსავდნენ, ვიდრე მაშინ, როცა ისინი მოდუნებული ადამიანის სუნს გრძნობდნენ.

სტრესის სუნი ნაკლებად გულის ამაცრუებელი იყო, როდესაც ჯამი დადებით ან თითქმის დადებით ადგილას იდგა, მაგრამ უსაკვებო ზონასთან მოთავსებასთან ერთად, სუნი აშკარად საკმარისი იყო ძაღლების იმედების შესამცირებლად.

როგორც ჩანს, იგივე თითქმის უარყოფითი ადგილმდებარეობა ძაღლებს ისე არ აბრკოლებდა, როგორც ეს სტრესის სუნის დაყნოსვის შემთხვევაში იყო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ საკვების პოვნის ალბათობის შეფასებისას, ჯამის ადგილმდებარეობასთან ერთად, ძაღლები ითვალისწინებდნენ გარემოში არსებულ სუნებს.

ადამიანის სტრესის სუნის ქვეშ მყოფ ძაღლთა დაქვეითებული რეაქცია პესიმიზმად კვალიფიცირდება და უარყოფით ემოციურ მდგომარეობაზე მიუთითებს. ეს შეიძლება ადაპტური იყოს და ძაღლებს რესურსების დაზოგვაში ან იმედგაცრუების თავიდან აცილებაში ეხმარებოდეს.

ამ დინამიკის უმეტესი ნაწილი ცუდად არის შესწავლილი და მეტი კვლევაა საჭირო, რათა დადგინდეს, ზუსტად როგორ ზემოქმედებს ჩვენი სუნი ძაღლების გრძნობებსა და სწავლის უნარზე.

გამომდინარე იქიდან, რომ მთელ მსოფლიოში ძაღლებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ადამიანთათვის, გონივრული იქნება უკეთ შევისწავლოთ ის ნიშნები, რაც ჩვენს კავშირებს უფრო გააძლიერებს.

კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია bristol.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი