ერდოანს ჰუსეინის ბედი შეახსენეს, ნეთანიაჰუს - ჰიტლერის

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ისრაელის მთავრობისგან მკაცრი რეაქცია მოჰყვა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებას პალესტინელების დასახმარებლად ისრაელში შესაძლო შეჭრის შესახებ.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, 28 ივლისს პრეზიდენტმა ერდოანმა ქალაქ რიზეში, მმართველი პარტიის შეკრებაზე გამოსვლისას, კიდევ ერთხელ დაგმო ისრაელის ომი პალესტინის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ თურქეთი ძალიან ძლიერი უნდა იყოს, რათა ისრაელს მსგავსი ქმედებების საშუალება არ ჰქონდეს. რეჯეპ ტაიპ ერდოანის თქმით, შეუძლიათ ისრაელშიც შევიდნენ, ისევე როგორც ყარაბაღსა და ლიბიაში.

2020 წელს თურქეთმა ლიბიაში სამხედროები გაგზავნა გაეროს მიერ აღიარებული ეროვნული თანხმობის მთავრობის მხარდასაჭერად. რაც შეეხება მთიან ყარაბაღს, ანკარა აზერბაიჯანის მხარდასაჭერად სამხედრო ოპერაციაში პირდაპირ მონაწილეობას უარყოფდა, თუმცა აცხადებდა, რომ ყველა საშუალებას იყენებს მოკავშირე აზერბაიჯანის დასახმარებლად.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა 28 ივლისს, ღამით, სოციალურ ქსელ Х-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერდოანმა, რომელიც სადამ ჰუსეინის კვალს მისდევს და ისრაელზე თავდასხმით იმუქრება, უნდა გაიხსენოს, რა მოხდა ერაყში და რით დასრულდა ყველაფერი.

აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის მიერ ერაყში 2003 წელს დაწყებულ სამხედრო ოპერაციას მოჰყვა სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა და შიიტების მასობრივი მკვლელობისთვის მისი გასამართლება და სიკვდილით დასჯა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცის პასუხად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა პრეზიდენტ ერდოანს უწოდა „კაცობრიობის სინდისის ხმა“ და განაცხადა, რომ ვინც ამ სამართლიანი ხმის ჩახშობას ცდილობს, მათ შორის ისრაელი, ღრმა პანიკაშია.

დღეს, 29 ივლისს, განცხადება გამოაქვეყნა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. ოფიციალური ტექსტის მიხედვით, „ნეთანიაჰუს გენოციდსაც" ჰიტლერის გენოციდის მსგავსი დასასრული ელის, რადგან ვინც პალესტინელების განადგურებას ცდილობს, ზუსტად ისევე აგებს პასუხს, როგორც გენოციდის ჩამდენმა ნაცისტებმა აგეს.

ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად გამწვავდა 2023 წლის ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ისრაელმა თავის ტერიტორიასა და მოქალაქეებზე პალესტინელთა ექსტრემისტული დაჯგუფება ჰამასის თავდასხმის გამო მას ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში დაიწყო უმწვავესი ჰუმანიტარული კრიზისის და დიდი მსხვერპლის გამომწვევი ოპერაცია.

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჰამასს „გამათავისუფლებელი" უწოდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ კი ჰიტლერს შეადარა.