"კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მალე დასრულდეს ომი უკრაინაში" - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. ასეთ შემთხვევაში, რეგიონშიც გაუმჯობესდება მთლიანი სურათი და გაადვილდება ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, კანდიდატის სტატუსი გამოყენებული იქნა, როგორც ეფექტიანი ინსტრუმენტი, ქვეყანაში ვითარების ასარევად, თუმცა მოლაპარაკებების გახსნას ვერ ექნება იგივე ეფექტი.

 

„უკრაინაში ომი თუ გაგრძელდა ერთ წელიწადზე მეტხანს, ეს იქნება ძალიან დიდი უბედურება რეგიონისთვის. საუბარიც არ არის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე, ასეთ დეტალებზე და ტექნიკურ საკითხებზე. ეს იმხელა უბედურება იქნება მთლიანად რეგიონისთვის, არა მარტო უკრაინისთვის, კონკრეტულად იმ ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ომის მდგომარეობაშია, იმდენად დიდი უბედურება იქნება მთელი რეგიონისთვის, რომ მოლაპარაკებების გახსნა საერთოდ აღარ იქნება აქტუალური ტემა, ამიტომ, ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და დაკავშირებული. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. ასეთ შემთხვევაში, რეგიონშიც გაუმჯობესდება მთლიანი სურათი და აქედან გამომდინარე, გაადვილდება ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ოპტიმისტები, პრაგმატული ოპტიმისტები და უნდა დავიტოვოთ იმედი, რომ ომი დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება.

 

კანდიდატის სტატუსი გამოყენებული იქნა, როგორც ეფექტიანი ინსტრუმენტი, ქვეყანაში ვითარების ასარევად. სცადეს ქვეყანაში ვითარების არევა და საკმაოდ ეფექტიანი იყო ამ თვალსაზრისით კანდიდატის სტატუსი, როგორც ინსტრუმენტი. ამ კუთხით, მოლაპარაკებების გახსნას ვერ ექნება იგივე ეფექტი, ქვეყანაში არევის კუთხით, რაც ჰქონდა კანდიდატის სტატუსს. ცემი ვარაუდია, რომ შესაბამისი სუბიექტები კიდევ უფრო პრაგმატულად მიუდგებიან ამ ტემას. არ გამოვრიცხავ არც წელს მოლაპარაკებების გახსნას. ომი გრძელდება, ალბათობა უფრო ნაკლებია, ამ პირობებშიც შესაძლებელია, ყველაფერი მოხდეს წელს, მითუმეტეს, რომ ნათქვამი აქვს მილიონ სუბიექტს, მათ შორის, საქართველოში ოპოზიციას, რომ კანდიდატის სტატუსი ენიჭება არა ხელისუფლებას, არამედ, ხალხს, ანალოგიურად, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მოლაპარაკებები უნდა გაუხსნან ხალხს და არა ხელისუფლებას. რატომ უნდა უთხრან ქართველ ხალხს უარი მოლაპარაკებების გახსნაზე, მით უმეტეს, რომ ეს არის მთლიანად ტექნიკური საკითხი. ჩვენს ქვეყანას აქვს კანდიდატის სტატუსი და ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად სწრაფად ვიაროთ წინ, თუმცა, ყველაფერში უნდა ვიყოთ პრაგმატულები, - განაცხადა პრემიერმა.