"ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ანაკლიის პორტის მშენებლობა" - ირაკლი კობახიძე

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ანაკლიის საქმე თავისი შინაარსით იყო ძალიან მარტივი, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმს იმისთვის, რომ მოეზიდათ ინვესტორები და განეხორციელებინათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონსორციუმისთვის ინვესტორების მოზიდვის გასამარტივებლად, ანაკლიის პროექტზე ჩანაწერი კონსტიტუციაშიც კი შევიდა, ხაზარაძე-ჯაფარიძეს კი ვალდებულებების შესრულების ვადები არაერთხელ გადაუვადდათ.

„შეგახსენებთ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი ანაკლიასთან დაკავშირებით სწორედ იმის გამო, რომ კონსორციუმს გაადვილებოდა ინვესტორების მოზიდვა. სახელმწიფომ რამდენჯერმე, არაერთგზის გადაუვადა ვალდებულების შესრულება. სიმართლე დაადგინა საერთაშორისო არბიტრაჟმა, სადაც თავიდან ბოლომდე გამტყუნდა რა თქმა უნდა ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ ჩააგდეს პროექტი, ვერ მოახერხეს ინვესტორების მოზიდვა. შეგახსენებთ, ინვესტორებს ეძებდნენ ყველგან, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, ასევე ჩრდილოეთში, თუმცა ვერსად მოახერხეს ინვესტორის მოზიდვა. აქედან გამომდინარე, რეალურად მათი ბრალია ამ საქმის წაგება და სახელმწიფო ამ საქმეში აბსოლუტურად პირნათელია. რაც მთავარია, ჩვენ ვიყურებით წინ და ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ანაკლიის პორტის მშენებლობა. ამისთვის უკვე შეჯერებულია შეთანხმება ჩინურ კომპანიასთან. უკვე შერჩეულია შესაბამისი კომპანია და ძალიან მალე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ ჩაგდებული პროექტი რეალურად განხორციელდეს. გარდა ამისა, სახელმწიფოს ინტერესები იქნება მაქსიმალურად დაცული ანაკლიის პორტის მშენებლობის დროს. მათ შორის ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სახელმწიფო იტოვებს წილის 51%-ს. ეს ნიშნავს იმას, რომ სტრატეგიული კუთხით ჩვენი ინტერესები ბოლომდე იქნება გათვალისწინებული, რაც ვერ გააკეთეს ხაზარაძე-ჯაფარიძემ, იმას აუცილებლად გააკეთებს ქართული სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.