ვინ არის ასლან ბჟანიას ახალი თანაშემწე და რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან - სკანდალური ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„რუსები ხვდებიან, რომ საჭიროა აფხაზების საბოლოო დაჩოქება, მორალური განადგურება და პრომოსკოვური „ხელისუფლების“ დანიშვნას გეგმავენ“

ავტორი: თათია გოჩაძე

აფხაზეთში დიდი სკანდალია - აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ახალი თანაშემწე, ალექსანდრე მირელი ეთნიკურად ქართველია და ეს უკვე თავად დეფაქტო პრეზიდენტმაც დაადასტურა.

ასლან ბჟანიას პრესსამსახური ახალ დანიშნულ პირს ახასიათებს, როგორც პატივცემულ პიროვნებას, რომელიც რუსეთში დაჯილდოებულია “მედლებით, საპატიო სიგელებით, მადლობისა და მისასალმებელი წერილებით”. ხაზგასმულია, რომ მან ჯილდო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისგან მიიღო.

აღმოჩნდა, რომ ალექსანდრე მირელი ადრე მირილაშვილი იყო. იგი სოხუმში დაიბადა და 1992 წელს, როდესაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი დაიწყო, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

მირელი იძებნება რუსეთში ქართული დიასპორის ვებგვერდზე kartvelebi.ru არსებულ ჩამონათვალშიც. იქ იგი წარმოდგენილია როგორც სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე.

ის, რომ ახლა აფხაზეთის ლიდერს თანაშემწის სტატუსით ეთნიკურად ქართველი დაეხმარება, სოციალური ქსელებიდან გახდა ცნობილი. ოფიციალურად, ალექსანდრე მირელის დეფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას ახალ თანაშემწედ დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აფხაზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურს ჯერ არ გაუკეთებია ინფორმაცია, კონკრეტულად რას გააკეთებს მირელი და რა იქნება მისი უფლებამოსილება.

მირელი იყო არხანგელსკის ოლქის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე (2009-2012), რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სტანისლავ გოვორუხინის თანაშემწე.მედიამ მას ყურადღება 2018 წლის ივნისში მიაქცია, როდესაც მისი ვაჟის, მორის მირელისა და სამშენებლო მაგნატის ალექსანდრე ჩიგირინსკის ქალიშვილის, ირინა ჩიგირინსკის ქორწილი შედგა.

მაშინ მედია წერდა, რომ პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნატალია ტიმაკოვამ ამ ქორწილში ლეზგინკა იცეკვა - წერს „ჯემნიუსი“.


აღნიშნულ საკითხზე მეტი დეტალის გასარკვევად, „ვერსია“ კონფლიქტოლოგსა და ანალიტიკოს მამუკა არეშიძეს ესაუბრა:

 _ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის არის ძმები მირელაშვილების ოჯახიდან. საკმაოდ მდიდარი ხალხია, მილიონერები არიან. მირელაშვილების ბოლო აქტივობა საქართველოში ლესელიძის ქუჩაზე სინაგოგის რემონტში მონაწილეობა იყო დაახლოებით 2007 წელს. ისინი წარმოშობით ქუთაისიდან არიან და ბავშვობიდან პეტერბურგში ცხოვრობენ. ასე რომ, ეს ქართველი-ებრაელების ჯგუფია, რომელიც, პრინციპში, ატარებს გარკვეულ სიმბოლოს საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ქართველები არ არიან. ასე რომ, ის პრეტენზიები, რომელიც ადგილობრივმა ოპოზიციამ ასლან ბჟანიას წაუყენა, არის ტყუილი.

რაც შეეხება თავად ალექსანდრე მირელს, ის ძალიან აქტიურია რუსულ პოლიტიკურ სივრცეში. საკმაოდ საინტერესო თანამდებობები ეკავა... ის გუბერნატორი იყო არხანგელსკის ოლქში, დუმის სხვადასხვა დეპუტატის თანაშემწეც იყო. ის რუსეთის სახელისუფლებო კორიდორებში ძალიან გარკვეული ადამიანია და დარწმუნებული ვარ, რომ სპეციალურადაა გამოგზავილი იმისთვის, რომ გარკვეული კომუნიკაციური ქსელი შეიქმნას უფრო უკეთესი, ვიდრე აქამდე იყო.

_ რას გულისხმობთ?

_ ვატყობთ, რომ აფხაზეთში მოსკოვში გაზრდილი ჩინოვნიკების რიცხვი იზრდება. ინალ არძინბას გარდა, რომელიც სურკოვის სკოლის გაზრდილია, სხვებიც არიან, მათშორის, ახალგაზრდები, რომლებიც მოსკოვის სხვადასხვა პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლობენ. ისინი მოსკოვის ხალხად აღიქმებიან და როგორც ჩანს, რუსეთში აპირებენ, რომ შეცვალონ აფხაზეთის დრევანდელი დეფაქტო  ხელისუფლება აბსოლუტურად პრომოსკოვური  „ხელისუფლებით“, რადგან მოსკოვში მობეზრდათ აფხაზების მუდმივი პოზაში დგომა და რუსული ინტერესების შეზღუდულად გატარება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამის გამო მოხვდა მირელი აფხაზეთში და მისი ქართველობა აბსოლუტურად გამორიცხულია, ქართული ორიენტაცია მითუმეტეს.

_ გასაგებია. 

ბატონო მამუკა, „ჯემნიუსის“ ინფორმაციით, სამჯერ გაიზარდა ტრანზიტული ტვირთის ოდენობა რუსეთიდან აფხაზეთის გავლით თურქეთის მიმართულებით... ამ საკითხზე ინფორმაციას ფლობთ?

_ ტვირთების რაოდენობა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ამაზე ლაპარაკი არც ღირს, რადგან აფხაზეთის საპორტო ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს სერიოზული ტვირთების გატარებას. რასაკვირველია, ეს მაინც საინტერესო და ყურადღებამისაქცევია, მაგრამ ის, რომ თურქეთმა ჩაანაცვლოს საქართველოს ინფრასტრუქტურა აფხაზეთით, ეს სისულელეა. არ აქვს ამის საშუალება არც ოჩამჩირეს და არც სოხუმს.

_ ბატონო მამუკა, თქვენი აზრით, აფხაზი მოსახლეობა შეეგუება იმას, რომ რუსეთი პრომოსკოვური დეფაქტო მთავრობის დანიშვნას აპირებს?

_ მოაზროვნე მოსახლეობა ამას ძალიან განიცდის, შემგუებლებისთვის კი სულერთია, ხელისუფლებაში ვინ იქნება. ინტელიგენცია ძალიან განიცდის და არის ერთი აჟიოტაჟი სოციალურ ქსელში, ანტაგონიზმი რუსების მიმართ იგრძნობა, მაგრამ ეს „სამზარეულოს ანტაგონიზმია“ და ექსტრემალურ სიტუაციაში მაინც იქით იხრებიან, თან იმ ფონზე, რომ საქართველოს მხარე არაფერს აკეთებს საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად.

მიაქციეთ ყურადღება, როგორ ცდილობენ, მდგომარეობა შეცვალონ აფხაზეთში. ერთი ამბავი ატეხეს რუსეთის დუმის დეპუტატებმა იმის თაობაზე, რომ ვითომ აფხაზეთში იჩაგრება რუსული ენა. მოითხოვეს, რუსულ ენას სტატუსი გაეზარდოს აფხაზეთში. ეს ყველაფერი „ჭიქაში ქარიშხალია“, რადგან რუსულ ენას კი არა, აფხაზურ ენას აკლია სტატუსი აფხაზეთში და ამის თაობაზეა სოციალურ ქსელში გაუთავებელი მსჯელობა მიდის.

_ შესაძლოა, ეს მორიგი მუქარაა რუსეთიდან აფხაზების მიმართ, რომ ნაბიჯის გადადგმა არ გაბედონ საქართველოსთან ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით...

_ რასაკვირველია, ინალ არძინბას განცხადება, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საქართველოსთან ურთიერთობა და ეს აუკრძალეს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს;  სასაზღვრო გამშვები პუნქტები მოხსენს, რათა რუსეთთან „ინტეგრაციის პროცესი“ უფრო გაღრმავდეს და ა.შ. რუსულ ენაზე ლაპარაკიც ამ კონტექსტშია... მოკლედ, რუსები ხვდებიან, რომ საჭიროა აფხაზების საბოლოო დაჩოქება, მორალური განადგურება იმისთვის, რომ მათი პოლიტიკური მიზნები უფრო მარტივად იქნას მიღწეულია. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ რუსეთს აღარ აქვს საშუალება, ფინანსური „ინექციები“განახორციელოს აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, დღეს ამის თავი არ აქვთ.

_ როგორ ფიქრობთ, ეს ადვილად მოსახერხებელია?

_ კი, ჩვენი პასიურობის ფონზე ამის გაკეთება ძალიან რთული არაა, მაგრამ ისეთი ხერხებით, რასაც ადრე რუსეთი იყენებდა, ძალისმიერი შეძახილებითა და მუქარით, რასაკვირველია, არ გამოვა. თუმცა, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ და როგორც ახლა ამას აკეთებენ მცოცავი ანექსიის ფორმით,  აუცილებლად გამოუვათ.

_  მითუმეტეს აფხაზეთში არსებული რეპრესიების ფონზე... აფხაზ ტიკტოკერ დაურ ბუავას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება, რადგან მას „აფხაზეთის საქართველოში შესვლის პროპაგანდაში“ ადანაშაულებენ.

_ ბუავამ, პრაქტიკულად, გაილაშქრა წლების განმავლობაში რუსებისა და სეპარატისტი აფხაზების მიერ აშენებული პოლიტიკის წინააღმდეგ და რასაკვირველია, ისინი შესაბამის ნაბიჯს გადადგამდნენ. კი არ ვამართლებ, მინდა, რომ საღი თვალით შევხედოთ. ამ კაცმა გადაწყვეტილება მიიღო და გადადგა ეს ნაბიჯი და ყოჩაღ, ბუავა! მაგრამ ერთი არაა საკმარისი, 100-200  ბუავა უნდა იყოს და ეს ქართულმა მხარემ უნდა შექმნას, მაგრამ არ ქმნის.

_ თქვენი აზრით, რატომ?

_ არ ვიცი. ეს კითხვა უნდა დასვათ იმ ცნობილ სამინისტროსთან, სადაც ვითომ ეს მიმართულება მიჰყავთ. ცოტა ხნის წინ ჰქონია გამოსვლა პარლამენტში და ისე მაინტერესებს, რაზე ილაპარაკა ახვლედიანმა. რაზე შეეძლო, ელაპარაკა იმიტომ, რომ ამ მიმართულებით, პრაქტიკულად, არანაირ საქმეს არ აკეთებს ეს სამინისტრო.