20 ივნისის ქრონიკები - რას ვერ იყოფენ ოპოზიციონერები და რატომ ლანძღავენ ერთმანეთს

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ერთი ადგილი დააყენეთ!“ - დიდი „ბათქი“ ლიბერალებში

ავტორი: ნინო დოლიძე

 რამდენიმე დღეში, კერძოდ, 20 ივნისს, დედაქალაქის მთავარ გამზირზე ანუ ზუსტად იქ, სადაც 30 წელზე მეტია, საქართველოს ბედი თუ ავბედობა წყდება, დიდი ამბავი იქნება. კერძოდ, სამოქალაქო მოძრაობის - „სირცხვილია“ ინიციატივით, აქცია გაიმართება, რომლის მიზანიც იმის კიდევ ერთხელ დემონსტრირებაა, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს ჩრდილოეთი კი არა, დასავლეთი, ესე იგი, ევროპა გვინდა. ზოგადად, ქვეყანაში, სადაც წლების წინ, რეფერენდუმით გაირკვა, რომ მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა, მსგავსი აქციები აღარ უნდა ტარდებოდეს, მაგრამ ამ გადარეულ დროში გასაკვირი აღარაფერია.

 ზოგადად, დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება იმას ნიშნავს, რომ ვისაც რა უნდა, ის თქვას და გააკეთოს, მაგრამ საოცარია, რომ ამჯერად, ერთმანეთს სწორედ ისინი დაერივნენ, რომლებიც თავს დასავლური დემოკრატიის აპოლოგეტებად და ლიბერალიზმის მიმდევრებად წარმოგვიჩენენ.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მას შემდეგ, რაც „სირცხვილიამ“ ზემოხსენებული აქცია დააანონსა, ენმ-ს აქტიურმა მხარდამჭერმა, ფარნაოზ ჭკადუამ ამ სამოქალაქო ორგანიზაციის მისამართით, სოციალურ ქსელში, სიტყვა-სიტყვით დაწერა:

„#სირცხვილია“-მ მილიონზე მეტი დაფინანსება მიიღო ბევრი მხრიდან და სად წავიდა ეს ფული?!

მორჩით ყაყანს და დააყენეთ ერთი ადგილი!

წნორის გამგებლის თანაშემწის მოადგილეს ვერ გადააყენებთ, რო რამე და ვინ რუსები და რისი ღარიბაშვილის ან ვინმეს გადამყენებლები ხართ?!

მიკროფონი და ფული - ესაა ამათი ბრძოლა.

პირდაპირ ვამბობ და მაქვს ამის მტკიცებულება.

ამ ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი სპეცსამსახურებზე მუშაობს.

ამ პიჟონების გამო, უამრავი ჩემი თანამებრძოლი არ დადის აქციებზე, რომლებიც 2012-დან ქუჩაში დგანან.

კიდევ ერთხელ ვამბობ - ერთი ადგილი დააყენეთ მანდ და მოეშვით ამ პარლამენტისა და მიკროფონ/სცენის ტ@აკში თხრას!

P.S. რა თქმა უნდა, არის მანდ 4-5 წესიერი აქტივისტი და ვმეგობრობ კიდეც… თუმცა, ეგენი მანდ ვერაფერს ვერ ცვლიან“.

ჭკადუას ამ სტატუსს, იგივე სოციალურ ქსელში, ლამის, რევოლუცია მოჰყვა. ყოველ შემთხვევაში, „ონლაინ ომში“ იუმორისტი მიშა მშვილდაძეც ჩაერთო, რომელთან მიმოწერის სქრინებიც, თავად ფარნაოზმა გაასაჯაროვა და დაწერა:

„20 ივნისს, ეს ცენზორი იბღავლებს და ოცნება დაიქცევა და ევროპაში მიგვიღებენ?

ამ ძღნერის კასრმა #მიშამშვილდაძე-მ, განსხვავებული აზრის გამო მაგინა და ამას გადაეცით, მალე ვნახავ და პასუხს მოვთხოვ ადგილზე!

წარმოიდგინეთ, ეს რომ ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს, განსხვავებული აზრისთვის, ალბათ, ადგილზე დაგვხვრეტს ან გადაგვასახლებს!

სიმართლე მოხვდა და აეწვა!

ასეთი ფსევდო ინტელექტუალები, ფსევდო ლიბერალები, ფსევდო პატრიოტები, ყველა გასაშვებია „რუსკი ვაენნი კარაბლის“ მიმართულებით და მერე შეიძლება, გვეშველოს.

P.S. ეს კლავიატურის ლომი თბილისში მარტო ვერ დადის, მთელი თბილისი დედას აგინებს და ჩემთან დიდ გულზეა.

კიდევ ერთხელ ვამბობ - ერთი ადგილი დააყენეთ მანდ და მოეშვით ამ პარლამენტისა და მიკროფონ/სცენის ტ@აკში თხრას!

P.S. რა თქმა უნდა, არის მანდ 4-5 წესიერი აქტივისტი და ვმეგობრობ კიდეც… თუმცა, ეგენი მანდ ვერაფერს ვერ ცვლიან“.

ერთი სიტყვით, როგორც ჭკადუას განცხადებებიდან ირკვევა, სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც ევროპისკენ გვიკვალავს გზას, ფულის მითვისებაშია ეჭვმიტანილი. სიმართლე რომ ითქვას, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ოპოზიციასთან ასოცირებულ ადამიანთა გაერთიანებას ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში ამხელენ.

სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ, როცა მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობისა თუ პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, რამდენიმე აქცია სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, რუსთავის ციხესთანაც გაიმართა, ითქვა, რომ ორგანიზატორებმა სერიოზული „მაყუთი მოხსნეს“.

ბუნებრივია, ამ ინფორმაციას ოფიციალურად არავინ დაადასტურებს, მაგრამ წყაროები, იგივე, ოპოზიციიდან კერძო საუბრებში მიანიშნებენ, რომ აქციების ორგანიზატორებს შორის, თანხის გამო უკმაყოფილება მოხდა და მიშას სოლიდარობის აქციები ამიტომაც შეწყდა.

ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში ფულის „მოტეხვის“ ანუ პოლიტკორუფციის თემა ახალი არ არის, თუმცა ამ კუთხით საუბარს ამჯერად აღარ გავაგრძელებ და ხაზს მხოლოდ ერთ სიმბოლოს გავუსვამ, მით უმეტეს, რომ ოპოზიციას, უფრო სწორად, მიხეილ სააკაშვილს სიმბოლოები ზომაზე მეტად უყვარს.

20 ივნისი ქართული საზოგადოებისთვის ერთგვარად საკრალური რამდენიმე წლის წინ გახდა: ალბათ, გახსოვთ, 2019 წლის ივნისი იდგა, როცა საქართველოში რუსი დეპუტატი გავრილოვი ჩამოვიდა და ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათდა. ამ კადრის ნახვამ საზოგადოება აღაშფოთა და პარლამენტის წინ, ხალხი სპონტანურად შეიკრიბა. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ გავრილოვი თბილისიდან გაიქცა, აქცია კი ძალის გამოყენებით დაშალეს.

იმხანად ქვეყნის პრემიერი გიორგი გახარია იყო, რომელსაც საზოგადოებამ „თვალთხარია“ შეარქვა, თუმცა საინტერესოა, რომ ოპოზიციას „თვალთხარიასთან“ კოლაბორაცია დღეს უხერხულობას არ უქმნის. არადა, თავის დროზე, გახარიას, ლამის, ეშმაკის მოციქულს ეძახდა, თუმცა რა გასაკვირია - პოლიტიკაში ხომ მუდმივი მტრები და მეგობრები არ არსებობენ.

ისე, რა უცნაურ ვარსკვლავზე ვართ დაწერილები - ჯერ კიდევ საუკუნეების წინ, ქართველები ევროპისკენ მიისრაფოდნენ. ისტორია თუ არ ვიცით, მუხრან მაჭავარიანის ლექსი მაინც ხომ გვაქვს წაკითხული, აი, ის ლექსი, ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან რომ ალოდინეს და მეთხუთმეტე კაცად შევიდა. კედლიდან ახლაც იყურება ლუი მეცამეტე ანუ ბებერი ევროპა გამადიდებელი შუშით გვაკვირდება და სწორედ ამიტომაც გვმართებს ერთობა და ერთიანობა, თან ისე, როგროც არასოდეს, რამეთუ სულ რამდენიმე დღეში გადაწყდება, გავხდებით თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატები.

ახლა, პუტინელების აზრი გასათვალისწინებელი არ არის, რადგან მათაც გადასარევად იციან, რომ ევროკავშირის წევრობა გარანტირებულ კარგ ცხოვრებას და დაცულ უფლებებს ნიშნავს. ჰოდა, ვინმეს უნდა თუ არა, ევროპას ვერ ავცდებით. შესაბამისად, ამ თემაზე მანიპულაციები ისევ ჩვენ დაგვაზარალებს.

ამიტომაც, მოდით, თუნდაც, იგივე 20 ივნისს, მთელ პლანეტას დავანახოთ, რომ დიახ, ჩვენ ცივილიზებული, ევროპული ყაიდის ერი ვართ!

დიახ, ცხონებული ზურაბ ჟვანიას თქმისა არ იყოს, ჩვენ ვართ ქართველები და, მაშასადამე, ევროპელები!