ექსკლუზიური ვერსია: რა ულტიმატუმი წაუყენა ენმ-ს ერთმა ჯგუფმა სააკაშვილს - ამზადებენ თუ არა ნიკა გვარამიას ოპოზიციის ლიდერად

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პოლიტიკური თამაშები

ავტორი: ნინო დოლიძე

 მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეპოპეა გრძელდება ანუ ოპოზიციისთვის ისევ დღის წესრიგშია მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა. იმის ალბათობა, რომ სააკაშვილს მკურნალობა რეალურად სჭირდება, ცხადია, არსებობს, მაგრამ თუ ყველაფერ ამას გარედან, დამკვირვებლის თვალით შევხედავთ, შესაძლოა, სხვა ეჭვიც გაჩნდეს. კერძოდ, არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას ვიღაცები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ. რას ნიშნავს „პოლიტიკური მიზნები“? იმის ილუზია, რომ ოპოზიცია რევოლუციას მოაწყობს, რასაკვირველია, თავად „ანტიოცნებელებსაც“ არ აქვთ. მაშ, რა ხდება? - ამ კითხვას პასუხი მეტ-ნაკლებად არგუმენტირებულად რომ გავცეთ, მოდით, მესამე პრეზიდენტის დაჭერის პრეისტორია გავიხსენოთ. ზოგადად, პოლიტიკაში ჭეშმარიტება არ არსებობს, თუმცა ობიექტურობასთან ახლოს მყოფი დასკვნის გასაკეთებლად, მარტო წარსულის გახსენება კი არა, პარალელებიც საჭიროა ხოლმე.

 ერთი სიტყვით, თავდაპირველად გავიხსენოთ, რომ 2013 წლის ანუ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა და საქართველო დატოვა, მიხეილ სააკაშვილმა მრავალჯერ განაცხადა, აი, სამშობლოში ვბრუნდებიო, მაგრამ წელი წელს ისე მისდევდა, რომ ეს განცხადება განცხადებად რჩებოდა. გასული წლის შემოდგომაზე, როცა მიშამ კიდევ ერთხელ თქვა, ადგილობრივი არჩევნების დღეს საქართველოში ჩამოვალო, თვით „ნაცების“ ნაწილსაც კი სახეზე ღიმილმა გადაურბინა, მაგრამ სააკაშვილმა ის გააკეთა, რასაც არავინ ელოდა - საქართველოში ჩამოვიდა, ოღონდ თვითმფრინავით, ან გემით კი არა, ტრაილერით ჩამოვიდა.

რატომ აირჩია ეს გზა? - ამის შესახებ დანამდვილებით, მიშას გარდა, არავინ იცის, მაგრამ მოარული ხმით, ექსპრეზიდენტი საკუთარ გარემოცვას არ ენდობოდა და  კონსპირაცია ამიტომაც გადაწყვიტა.

„საკუთარი გარემოცვა“, საერთოდ, ფართო ცნებაა, ამიტომ ენმ-სთან დაახლოებულნი ამბობენ, რომ სააკაშვილი ეჭვის თვალით მელიას „კამანდას“ უყურებდა და უყურებს.

ვინ იყო ის, ვინც მიშა დაარწმუნა, თუ საქართველოში ჩახვალ, დაგიჭერენ, მაგრამ პატიმრობაში დიდხანს არ იქნები, ხალხი ქუჩაში გამოვა და „ოცნება“ იძულებული გახდება, გაგიშვასო?

„დამარწმუნებლის“ ვინაობა უცნობია, თუმცა ზოგს ეჭვი მერაბიშვილზე აქვს, ზოგსაც - ადეიშვილზე.

ასეა თუ ისე, ფაქტი ისაა, რაც არის - სააკაშვილის დასაცავად, ქუჩაში ზღვა ხალხი არ გამოსულა. უფრო მეტიც, ისე ჩანს, რომ მიშა საკუთარმა გუნდმაც კი გაწირა.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ და ოპოზიციის პრეზიდენტობის ექსკანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საჯაროდ თქვა, მიშა ნანობსო.

მართალია, ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია, ყოფილი პრეზიდენტი რას ნანობს, მაგრამ დიდი ალბათობით, საუბარი საქართველოში ჩამოსვლაზეა.

თუ ასეა, მაშინ იმის თქმაც შეიძლება, რომ სააკაშვილის ემოციური მდგომარეობა ფიზიკურზე არანაკლებ მძიმე უნდა იყოს. დიახ, თითოეულმა თქვენი თავი წარმოიდგინეთ - გგონიათ, რომ მეგობრებისა და გულშემატკივრების არმია გყავთ, მაგრამ განსაცდელში მყოფი, უცებ აღმოაჩენთ, რომ გვერდით არავინ გიდგათ.

ახლა, შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, მიშას გულისთვის, აქცია აქციაზე იმართებოდა და ამაზე მეტი მხარდაჭერა რაღა უნდა იყოსო. კი ბატონო, აქციები მართლაც, იმართებოდა, მაგრამ აბა, გაიხსენეთ - ჯერ ერთი, ამ აქციებს პერმანენტული სახე არ ჰქონია. მეორეც, აქციები არცთუ ხალხმრავალი იყო. უფრო მეტიც, ბოროტ ენებს თუ დავუჯერებთ, ენმ-სთან დაახლოებული ადამიანები რეგიონებში, თურმე, ხალხს ეუბნებოდნენ, არ წახვიდეთ აქციაზე, მიშას მაინც არავინ გამოუშვებსო.

ზოგადად, სააკაშვილის გამოშვება-არგამოშვება მაინცდამაინც აქტუალური თემა აღარ არის. ზოგ „მიშისტს“ ისიც კი ჰგონია, რომ იგივე ენმ-ს სააკაშვილი დაავიწყდა. თუ კარგად დავაკვირდებით, ამ მოსაზრებას უსაფუძვლო არ ეთქმის, რადგან მესამე პრეზიდენტის თემის ლოკომოტივობას, ბოლო დროს, ოჯახი ცდილობს ანუ შესაძლოა, გაჩნდეს ვერსია, რომ ოჯახმა სააკაშვილის მთავარი ოპოზიციური პარტიისგან გამიჯვნის პროცესი დაიწყო.

პოლიტიკაში, როგორც ცნობილია, ყველაფერი „მოსულა“. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ენმ-სა და მიშას გზები გაიყოს, თუმცა თუ ასე მოხდება, მაშინ გაჩნდება კითხვა - ენმ გაემიჯნა სააკაშვილს, თუ პირიქით?

„ვერსიის“ წყაროების მონაცემებით, ენმ ყველაფერს აკეთებს, რომ სააკაშვილი „კადრს მიღმა“ დარჩეს ანუ როგორც წყაროები გვეუბნებიან, პარტიის ერთმა ჯგუფმა მიშას ულტიმატუმივით წაუყენა, რომ მისი გათავისუფლებისთვის ყველაფერს გააკეთებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საჯაროდ განაცხადებს, პოლიტიკიდან მივდივარო.

ამასთან, წყაროები იმასაც გვიყვებიან, რომ მიშას პოლიტიკიდან გასვლას ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ცდილობენ. უფრო მეტიც, უცხოელები მოითხოვენ, რომ სააკაშვილმა მხოლოდ ქართულ კი არა, იგივე უკრაინულ პოლიტიკაზეც თქვას უარი ანუ გასაგებად რომ ვთქვათ, დასავლეთელები ექსპრეზიდენტისგან გარანტიებს ითხოვენ, მაგრამ მიშა პოლიტიკის გარეშე, ვინმეს წარმოგიდგენიათ?

რა თქმა უნდა, ვერ ვამტკიცებთ, რომ წყაროების მიერ მოწოდებული ცნობები უტყუარია, მაგრამ როგორც წესი, კვამლი უცეცხლოდ არასოდეს ჩნდება.

შესაბამისად, იმ ხმაშიც უნდა იყოს სიმართლის მარცვალი, კულუარებში რომ ამბობენ, ოპოზიცია ახალ ლიდერად ნიკა გვარამიას ამზადებსო.

გვარამიას ქარიზმა კი აქვს, მაგრამ რამდენად მისაღები იქნება ის ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატისთვის? - ამას დრო აჩვენებს, თუმცა ფაქტია, რომ პატიმრობას, ისეთი ტიპი, როგორიც გვარამიაა, აუცილებლად აქტივისთვის გამოიყენებს.