როგორ გახდა აფხაზეთიდან დევნილი ნიკა გვარამია გავლენიანი ფიგურა - ყველაფერი ის, რაც „მთავარის“ დაჭერილ დირექტორზე დღემდე არ ვიცოდით

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აქტუალური თემა

 ავტორი: ვანო პავლიაშილი

 მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, „რუსთავი 2“-ის ყოფილი და „მთავარის“ მოქმედი გენდირექტორი დაკავებულია. ის, რომ ნიკა გვარამიას დაიჭერდნენ, მოულოდნელი, ალბათ, არავისთვის ყოფილა, მაგრამ საზოგადოების ნაწილი დაპატიმრების დრომ ანუ კონტექსტმა გააკვირვა - გვარამიას სასამართლო დარბაზში ხელბორკილები მაშინ დაადეს, როცა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კითხვარს ავსებს. დამნაშავეა თუ არა ნიკა გვარამია, ან რამდენად სწორ დროს და რამდენად სამართლიანად მოხდა მისი ციხეში გაშვება? - ამ თემებზე კამათს არ ვაპირებთ და ამჯერად „ვერსია“ გვარამიას დოსიეს შემოგთავაზებთ. მაშ, ასე, დავიწყოთ:

 ***გვარამია არც მარტინ ლუთერ კინგია, არც - მაჰათმა განდი და არც - კაკო ყაჩაღი, მაგრამ მისი სახელი ბავშვმაც კი იცის. ცოტა ეპატაჟურია, ცოტა - ცინიკოსიც... ზოგჯერ შოუმენობაც ეხერხება, ზოგჯერ კი პილატე პონტოელივით მკაცრია... ერთი სიტყვით, მასში დემონებიც სახლობენ და ანგელოზებიც... მისი მთავარი ხიბლი, გნებავთ, შარმიც სწორედ ესაა და... ვინმეს მოსწონს თუ არა, ფაქტია: თანამედროვე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი აქტორია. მეტიც, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგსაც ადგენს, რაც გასაკვირიც არაა, რადგან 2012 წლის 14 ნოემბრიდან მოყოლებული, მძლავრი მედიამანქანის სული და გული ანუ მარტივად რომ ვთქვათ, „მოტორია“. სხვათა შორის, თანამშრომლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ გულისხმიერი და დემოკრატი ხელმძღვანელია.

მოკლედ, ამ პიროვნებაზე, თითქოს, ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ვერსიამ“ ნიკა გვარამიას ალგორითმის ამოხსნა დაიწყო, აღმოაჩინა, რომ ამ „ცოდნის“ ფუნდამენტი მითები და ლეგენდებია. ასე, მაგალითად, იმ ადამიანების უმეტესობა, ვისაც გვარამია გულზე არ ეხატება, ასპროცენტიანი სიზუსტით ამტკიცებს, რომ ყბადაღებული ფილმი - „ნოემბრიდან ნოემბრამდე“, სწორედ მისი გადაღებულია. არადა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ახლა, ისე არ გაიგოთ, რომ „ვერსია“ ნიკა გვარამიას ადვოკატობას ცდილობს, როგორ გეკადრებათ. ჩვენ, უბრალოდ, იმ ფაქტებით ვმსჯელობთ, რომელთა ნახვაც ინტერნეტში ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია. ჰოდა, თუკი იგივე Googl-ის საძიებო სისტემაში ჩაწერთ სიტყვათა კომბინაციას - „ნიკა გვარამია+ნოემბრიდან+ნოემბრამდე“, აუცილებლად „ამოვარდება“ გვარამიას ინტერვიუ, რომელიც 2016 წლის თებერვლით თარიღდება და რომელშიც ზემოხსენებულ ფილმთან დაკავშირებით, გვარამია საინტერესო განცხადებას აკეთებს:

ვფირობ, ნოემბრიდან ნოემბრამდე გადაჭარბებაა და მე არ მაქვს მასთან კავშირი, თმცა ცხადია, იმ გამოძიებასთან მაქვს. პრიველი, რაც უნდა ვთქვა, რომ ბადრი პატარკაციშვილის საქმე ნამდვილად არ იყო თითიდან გამოწოვილი. მეორე, მედიასთან დამოკიდებულების ის ფორმა და ფართო პოლიტიკურ სპექტრთნ დამოკიდებულების ის ფორმა, რაც მაშინ იყო, არა ჩემი გადაწყვეტილებით, მაგრამ ჩემი ჩართლობით, სწორი არ იყო. სამართლებრივად ყველაფერი რომ გამართული ყოფილიყო, პოლიტიკურად მიზანშეწონილი არ იყო. ვფირობ, პოლიტიკურად ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, რომელიც დამიშვია და რომლის გამოსწორებასც ახლა ვცდილობ იმით, რომ მედას ვუჭერ მხარს, მისი დამოუკიდებლობის ყველა გამოვლინებით...

მოკლედ, ნიკა გვარამია ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ სკანდალური ფილმის - „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ ავტორი არაა, თუმცა როგორც მაშინდელი გენერალური პროკურორის მოადგილე, ამ ფილმის მომზადებაში მონაწილეობდა ანუ საგამოძიებო უწყების სახელით, საზოგადოებას სწორედ ის ელაპარაკებოდა და არწმუნებდა, რომ ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი და მაშინდელი სხვა ოპოზიციონერები (აქედან ნაწილი 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა), სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება-ამბოხს აწყობდნენ. ყველაფერ ამის გამო გვარამიამ, ზემოხსენებული ინტერვიუს გარდა, ბოდიში სხვა დროსაც მოიხადა.

შტრიხები ოფიციალური ბიოგრაფიისთვის

მართალია, წეღან ვთქვით, ხანდახან კარგი შოუმენიაო, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ნიკა გვარამია სხვა „სელებრითებივით“ პირად თემებზე ღიად ლაპარაკობს. ეს კი არადა, ინტერვიუებსაც იშვიათად იძლევა, რაც გასაკვირიც არაა - მედიის ძალა კარგად იცის და, ალბათ, არ უნდა, რომელიმე, გიორგი გაბუნიას მსგავსმა ჟურნალისტმა ისეთი რამ „წამოაცდევინოს“, რასაც შემდეგ, ოპონენტები მისსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. ინტერვიუს ვინ ჩივის და, ინტერნეტში გვარამიაზე ოფიციალური ინფორმაციაც მწირია.

ქართული „ვიკიპედიის“ თანახმად, ნიკოლოზ (ნიკა) გვარამია 1976 წლის 29 ივნისს, სოხუმში დაიბადა, ესე იგი, დევნილია. სხვათა შორის, ერთხელ, ამ თემაზე „ნანუკას შოუში“ არცთუ ვრცლად ილაპარაკა... ერთხელ კი, სოციალურ ქსელში დაწერა:

„სოხუმელი ვარ (და ვიღაცის გაგებით, სოფლელი) და რასაც მივაღწიე, ყველაფერს ჩემით მივაღწიე. არასდროს, არავინ, არაფერში არ დამხმარებია. იოტისოდენითაც კი...

სტუდენტობაში, გაჭირვებული და ღატაკი ლტოლვილი რომ ვიყავი, ოფიციანტად მუშაობა ჩემი ოცნება იყო, აუხდენელი. თავი რომ გამომეკვება და დედისთვის მომევლო (მამაჩემი ზვიადისტობის მოტივით გადახვეწეს ამ ქვეყნიდან), სწავლის პარალელურად, ყველაფრის კეთება მიწევდა  აბიტურიენტების მომზადებიდან დაწყებული (სუფთა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო), მშენებლობებზე აგურების თრევით და ვაგზალზე სხვისი ბარგის გადატანით დასრულებული. უწესიერესი მშობლები მყავდა, რომლებმაც, რაც მთელი ცხოვრება აგროვეს აფხაზეთში, ერთიანად დაკარგეს ყველაფერი და რა ვქნათ, შარლატანი მშობლების ფულებით თუ ვერ წავედი უცხოეთში, იქ რომ მესწავლა, ძლივს დამემთავრებინა, მერე რუსეთში გაუგებარი მანქანებით ფული მეშოვნა და ისევ ჩემი გზაზე დამყენებელი ამერიკა მეგინებინა.

მოკლედ, თქვენ თავზეც გავიარეთ ჩვენ, სოფლელებმა და ოფიციანტებმა, თქვე დროს აცდენილო, შეუმდგარო, უმომავლო ქაჯებო.

ნიკა გვარამიას, ქართული „ვიკიპედიის“ მიხედვით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულეტი აქვს დამთავრებული (1998 წელი). 2000 წელს, X-ფაილის დღევანდელი გმირი მუშაობას საადვოკატო კომპანია შპს „სანდოში“ იწყებს, სადაც 2003 წლამდე საქმიანობს. ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა მომავალი რევოლუციონერები ანუ როგორც მაშინ ამბობდნენ, მოქკავშირის რეფორმატორული ფრთა აქტიურდება. უცნობია, გვარამიამ, იგივე, მიხეილ სააკაშვილი სად და რა ვითარებაში გაიცნო, მაგრამ ცნობილია, რომ მას ჯერ კიდევ სტუდენტობიდან, კარგი ურთიერთობა ჰქონდა კახა კუკავასთან. მოგეხსენებათ, „ვარდების რევოლუციის“ დროს, კუკავა ზვიად ძიძიგურის პარტიაში იყო. ისიც ცნობილია, რომ ზვიად ძიძიგური, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერი, შევარდნაძის ხელისუფლებამ მძიმე ბრალდებით დაიჭირა და სიკვდილის დასჯა რომ არ გაუქმებულიყო, უმაღლეს სასჯელსაც ვერ გადაურჩებოდა.

ასევე, ცნობილია, რომ ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი და მეგობარი იყო ნიკა გვარამიას მამა, ანზორ გვარამია.

მას შემდეგ, რაც შევარდნაძეს გაემიჯნა, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი დასაყრდენი, სწორედ ზვიადისტური მოძრაობის გარკვეული ფრთა გახდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნიკა გვარამია სააკაშვილთან ძიძიგურის ხელშეწყობით მოხვდა... ამასთან, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ გვარამიასა და სააკაშვილის დაახლოებას ხელი ირაკლი ოქრუაშვილმა შეუწყო. ამის თქმის საფუძველს კი შემდეგი გარემოება იძლევა: „ვარდების რევოლუციამდე“ ოქრუაშვილს, როგორც ადვოკატს, „თელსთან“ ჰქონდა ურთიერთობა. 2003 წელს, გვარამიაც „თელასში“ მუშაობდა. იმდროინდელი მითოსით, „თელასი“ „ვარდოსნების“ ერთგვარი ბასტიონი იყო. ჰოდა, გონივრული ეჭვის საფუძველზე შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ 2004 წელს, ნაცმოძრაობის საპარლამენტო სიაში „რუსთავი 2“-ის დღევანდელი გენერალური დირექტორი სწორედ ასე აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ 2004 წლის ვადამდელი არჩევნების შემდეგ, რევოლუციურ ლექს პარლამენტში ბევრი „შემთხვევითი ადამიანი“ შეჰყვა, თუმცა ნიკა გვარამია იმთავითვე გამორჩეული პერსონა გახდა. ყოველ შემთხვევაში, მან ნაცმოძრაობის მმართველ ელიტაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება მოახერხა, რაც გასაკვირი არცაა, რადგან ვინმეს მოსწონს თუ არა, ფაქტია: ეს ადამიანი ნიჭიერიც არის, განათლებულიც და ორატორობის ხელოვნებასაც ფლობს. სხვათა შორის, ჯერ კიდევ სიყმაწვილეში, ნიკა გვარამია კლუბის - „რა? სად? როდის?“ წევრი იყო და ამ ინტელექტუალურ თამაშს კარგა ხანს თამაშობდა.

2007 წელს, გვარამია საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა, სადაც ლამის ერთი წელი დაჰყო. 2008 წლის 24 იანვარს კი, იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინეს. შვიდი დღის შემდეგ ანუ 31 იანვარს, ეს თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა. ცხრა თვის შემდეგ, მთავრობაში მორიგი კარუსელი დატრიალდა და 2008 წლის 27 ოქტომბერს, ნიკა გვარამია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად მოგვევლინა. მის ამ გარდასახვას დიდი ხმაური და აჟიოტაჟი მოჰყვა - ოპოზიციამ გააპროტესტა, როგორ შეიძლება, განათლებას სათავეში ის ადამიანი ჩაუდგეს, რომელსაც ძალოვან უწყებაში აქვს ნამუშევარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაციონალები სკოლების, უმაღლესი სასწავლებლებისა და მეცნიერების მართვას ძალოვანი მეთოდებით აპირებენო.

განათლების მინისტრად ნიკა გვარამიამ ზუსტად ერთი წელი იმუშავა და 2009 წლის 27 ოქტომბერს, თანამდებობა, როგორც მაშინ ითქვა, საკუთარი ნებით დატოვა. მოგეხსენებათ, ქართულ პოლიტიკაში გონივრული ეჭვი ერთობ ფესვგამდგარია. ჰოდა, გვარამიას ამ გადაწყვეტილებას ზოგმა საფუძვლად ის დაუდო, რომ მას ნაცელიტასთან, კერძოდ, სააკაშვილთან თითქოს ურთიერთობა დაეძაბა. ამ მოსაზრების სასარგებლოდ ისიც მუშაობდა, რომ პოლიტიკაში, ჯერ კიდევ სტალინიდან მოყოლებული, აპრობირებული მეთოდია: არასასურველ ადამიანებს სასწავლებლად უშვებენ ხოლმე. ჰოდა, განათლების ექსმინიტრი გვარამიაც განათლების მისაღებად ოკეანის გაღმა გაემგზავრა.

როგორც ცხოვრობდა ან რა განათლება მიიღო აშშ-ში, ამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია არ არსებობს. მეტიც, ლამის ხუთი წლის განმავლობაში, გვარამია მხოლოდ მაშინდელმა ოპოზიციამ კი არა, მმართველმა ელიტამაც დაივიწყა. 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კი, ყოფილი ჩინოვნიკი არენაზე ისევ გამოჩნდა, ოღონდ სხვა ამპლუაში - სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად მოგვევლინა და ამ პოსტზე გოგი გეგეშიძე ჩაანაცვლა.

 

სკანდალები

ნიკა გვარამიას, ყოველივე ზემოთქმულიდანაც ჩანს, რომ სკანდალები არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკლდა. ოპონენტები დღესაც ყველაზე ხშირად ჩინოვნიკობას, კერძოდ, გენერალური პროკურორის მოადგილეობას უხსენებენ ხოლმე, მაგრამ მის თავზე შავი ღრუბლები ყველაზე მძლავრად 2012 წლის 19 დეკემბერს შეიკრა - ამ დღეს, ნიკა გვარამია პირველად დაიჭირეს. ფინანსთა სამინისტრო ბრალს კორუფციაში სდებდა... მაშინ გვარამიამ გისოსებს მიღმა დიდი დრო არ გაატარა და საბოლოოდ, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ გვარამია და მასთან ერთად სხვა დაკავებულებიც, სასამართლომ გაამართლა.

„ყველა გავმართლდით ყველა ბრალდებაში“, - დაწერა ნიკა გვარამიამ 2013 წლის 14 ნოემბერს, სოციალურ ქსელში, თუმცა მისი და სამართალდამცავების ურთერთობა ამით არ დამთავრებულა ანუ გამართლების შემდეგ, გვარამიას საგამოძიებო უწყებაში მისვლა არაერთხელ მოუწია, ხან - მოწმის და ხანაც დაზარალებულის სტატუსით.

გვარამიას მოწმედ, როგორც წესი, იმ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით იბარებდნენ ხოლმე, რომელი ჩანაწერებითაც „უკრაინული ვიკილიქსი“ ქართულ საზოგადოებას ხშირად ანებივრებდა. ასე რომ, მხოლოდ გვარამიასა და სააკაშვილის კი არა, გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის, ასევე, გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის ფარული ჩანაწერებიც გვაქვს მოსმენილი. ისე, ახვლედიანის ეპიზოდი ფრიად საინტერესოა ანუ გვარამიას თქმით, ეს ჩანაწერი თავად მან გააკეთა და მისსავე კომპიუტერში ინახებოდა, მაგრამ რაღაც მანქანების საშულებით, ინტერნეტში აღმოჩნდა.

საერთოდ, ფარული ჩანაწერები გვარამისთვის ერთგვარი ბედისწერაა. ასე, მაგალითად, 2015 წლის ნოემბერში, „რუსთავი 2“-ის მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნებით დაემუქრნენ. მანამდე კი, ანუ 2014 წლის მაისის დასაწყიში, ნიკა გვარამიასა და „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის მაშინდელი უფროსის, ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერები აღმოაჩინეს. ამის შესახებ საზოგადოებას თავად გვარამიამ ამცნო.

ნინოს შემთხვევაში ადგილი აქვს, როგორც საქმიან, ისე პირადი ხასიათის ჩანაწერებს და მასალა, დაახლოებით, ერთსაათიანია; ჩემს შემთხვევაში კი ფარული ჩანაწერი 15-წუთიან მასალას მოიცავს, - აღნიშნა მაშინ გვარამიამ და დასძინა, რომ ფარული ჩანაწერები შსს-დან ინკოგნიტო წყარომ მიაწოდა და ოფისის შემოწმებაც სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, როგორც დაზარალებულის საგამოძიებო უწყებაში მისვლას, ეს ამბავი 2017 წლის 7 იანვარს მოხდა: იმ დღეს, ნიკამ მამა დაასაფლავა და სტრესისგან განმუხტვის მიზნით, მეგობრებთან ერთად, თბილისის ერთ-ერთ რესტორანს მიაშურა, სადაც თავს უცნობი დაესხა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს უცნობი - არც მეტი, არც ნაკლები - ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი იყო...

იმის შესახებ, თუ რატომ დაესხა თავს რატი გაჩეჩილაძე ნიკა გვარამიას, ბევრი ითქვა და დაიწერა, ამიტომ „ვერსია“ ამ თემის დეტალურ ანალიზს აღარ შეუდგება, თუმცა რაკიღა სიტყვა ნიკა გვარამიას მამაზე, აწ განსვემებულ ანზორ გვარამიაზე ჩამოვარდა, პატარა ამონარიდს შემოგთავაზებთ წერილიდან, რომელიც „ოდიშინიუსმა“ სწორედ ზემოხსენებული თავდასხმის შემდეგ გამოაქვყენა:

... „ადამიანი, რომელიც იმ დღეს გააცილა ამ ქვეყნიდან ნიკა გვარამიამ, იყო მრავალი ღირსებით შემკული კაცი, რომლის მხრებზე გადაიარა ჯერ 70-80-იანი წლების ქართული დისიდენტური მოძრაობის, ხოლო შემდეგ, ეროვნული დამოუკიდებლობის აღმასვლისა და ეროვნული ხელისუფლების დამამხობელთა მიმართ დაუმორჩილებლობის მოძრაობის პერიპეტიებმა ჯერ სოხუმში, ხოლო შემდეგ - ზუგდიდში.

ანზორ გვარამიამ, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლმა და პირადმა მეგობარმა, რომელიც თავისი ნატურიდან გამომდინარე, უანგაროდ იყო ჩართული ამ ბრძოლებში  (მან მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სილაღითა და შინაგანი თავისუფლებით განაცხადა უარი ზვიად გამსახურდიას წინადადებაზე, საქართველოს პარლამენტში ეყარა კენჭი იმ მოტივით, რომ სხვებისთვის დაეთმო გარანტირებული ადგილი საკანონმდებლო ორგანოშიც და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც), ჩუმად შეუდგა მხარი ე.წ. ბექმენეჯერის ტვირთს სახიფათო და უთანასწორო ბრძოლაში პუტჩის მომწყობ ხილულ და უხილავ ძალებთან. მას  გვერდზე ჰქონდა გადადებული ის, რაც თავისი ცხოვრების მთავარ საქმედ მიაჩნდა (28 წლის ასაკში ჰქონდა გამოცემული მოთხრობების პირველი კრებული ,,პირველი თოვლი’’, რაც საბჭოთა ნომენკლატურული მწერლობის ბატონობის პირობებში, ამ ასაკში, მხოლოდ გამორჩეული ნიჭის ახალგაზრდებს შეიძლებოდა ხვდომოდათ წილად, იშვიათი გამონაკლისის სახით). იგი იყო აფხაზეთში ფართოდ ცნობილი ჟურნალისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ამასთან, ერთ-ერთი გამომცემელი პუტჩისტების ძალმოსილების  პირობებში, 92-93 წლებში, ნახევრად არალეგალურ პირობებში გამომავალი წინააღმდეგობის მოძრაობის გაზეთისა ,,აღდგომა, რომელიც ჯერ სოხუმში, ხოლო აფხაზეთზე პრეზიდენტისადმი მიცემული ერთგულების ფიცის გამტეხი ეროვნული გვარდიის პირველი გამოლაშქრებისა და რედაქციის დარბევის შემდეგ, ზუგდიდში გამოდიოდა და ქართველ ხალხს შეუნარჩუნა გროზნოში მყოფი დევნილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართვების ხელმისაწვდომობა“.

ერთი სიტყვით, ასეთია ნიკა გვარამიას ოფიციალური თუ არაოფიციალური დოსიე, დოსიე, რომელსაც 16 მაისიდან, დაპატიმრების ეპიზოდიც „შეემატება“. 3 წელი და 6 თვე - მოსამართლის გადაწყვეტილებით, სწორედ ამდენი ხანი უნდა გაატაროს საპყრობილეში გვარამიამ, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება. ისე, 21-ე საუკუნეა და კომპანიის მანქანით „კატაობის“ გამო პატიმრობა, მაინცდამაინც, რელევანტური არ უნდა იყოს...