პსჟ ლუის ენრიკეს ჩააბარეს... მბაპეს გარეშე

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც რასისტული გამონათქვამების გამო, „პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი, კრისტოფ გალტიე დააკავეს, პარიზელებმა ახალი თავკაცის ძიება დაიწყეს და მალევე იპოვეს. ყველაზე ტიტულოვანი ფრანგული გუნდი ლუის ენრიკემ ჩაიბარა და კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. რაღა თქმა უნდა, ესპანელ სპეციალისტს მთავარ მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგება დაუსახეს, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან გაუძნელდება. მოგეხსენებათ, კლუბი უკვე დატოვა ლიონელ მესიმ, ხოლო ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მთავარი მეგოლე, კილიან მბაპე ჩემოდნებზე ზის და სხვა გუნდში გადასვლის მოლოდინშია.

საქმე ის გახლავთ, რომ მბაპემ, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება, უკვე განაცხადა, რომ ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მას წელს არ გაყიდიან, გაისად უფასოდ წავა. მბაპეს შეძენის სურვილი მადრიდის „რეალს“ აქვს და მზად არის, 150 მილიონიც გაიღოს, ფრანგებს კი 200 მილიონის მიღების იმედი აქვთ. მოვლენები რომ დააჩქაროს, მბაპემ პარიზულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში შემდეგი თქვა:

„პსჟ? აქ ბედნიერი არავინაა, ეს არის ორად გაყოფილი, დაშლის პირას მყოფი კლუბი, სადაც თანაგუნდელები ერთმანეთს პატივს არ სცემენ“.

ამ განცხადების შემდეგ, პარიზული გუნდის ექვსმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მბაპეს გვერდით არ ითამაშებს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე