ამოთქვეს - დე ლაურენტისმა, კვარაცხელიას სანაცვლოდ, 150 მილიონი მოითხოვა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიური „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი კი ამტკიცებდა, ხვიჩა კვარაცხელია ხელშეუხებელია და მას არავითარ შემთხვევაში არ გავყიდიო, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა და მზად იყო, ქართველ შემტევს შელეოდა. ამის შესახებ ესპანურმა მედიამ დაწერა და რაც მთავარია, დამადასტურებელი ფაქტებიც მოიყვანა. თურმე, ქართველის გადაბირება მადრიდის „რეალს“ სურდა და კარლო ანჩელოტიმაც აღიარა, რომ მისი შეძენით დაინტერესებული იყო, მაგრამ...

„კვარაცხელიას სანაცვლოდ, დე ლაურენტისმა 150 მილიონი ევრო მოითხოვა, რაც მადრიდელებს ეძვირათ. ვინ იცის, მომავალი სეზონის ბოლოს ქართველი ამაზე მეტი ღირდეს, მაგრამ მხოლოდ ერთი წარმატებული სეზონი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი, 150 მილიონად გაიყიდოს. სწორედ, დე ლაურენტისთან წარმოებული წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გადაერთო „რეალი“ ჯუდ ბელინგემზე და ის შეიძინა“, - წერენ ესპანელები.

ბელინგემის სანაცვლოდ, მადრიდელებმა 103 მილიონი ევრო გადაიხადეს ანუ ამდენივეს გადახდას კვარაცხელიაში აპირებდნენ, მაგრამ დე ლაურენტისმა უარი თქვა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ინგლისური „ნიუკასლი“ მზად არის, ქართველის სანაცვლოდ, 100 მილიონი გადაიხადოს და თავად ფეხბურთელს წლიურ ჯამაგირად 10 მილიონი დაუნიშნოს, რაც მის ამჟამინდელ ანაზღაურებაზე ოთხჯერ მეტია, თუმცა დე ლაურენტისი ისევ ჯიუტობს და 150 მილიონს ითხოვს. იმის გათვალისწინებით, რომ „ნიუკასლის“ მფლობელი არაბი შეიხია, არ არის გამორიცხული, სურვილის დასაკმაყოფილებლად, მან 150 მილიონიც გადაიხადოს და კვარაცხელია პრემიერლიგის გზას გაუყენოს.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე