კარგად ვიცი, რა არის გაჭირვება და წარმატება, ყველაფერი გამოვლილი მაქვს - ყოველთვის დავეხმარებით უსახლკარო ადამიანებს, მაგრამ თაღლითობის შესაძლებლობას არავის მივცემთ -კახა კალაძე

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მე ძალიან კარგად ვიცი, რა არის გაჭირვება, რა არის წარმატება, ყველაფერი გამოვლილი და გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე. დღესაც რჩება ბევრი ოჯახი ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება და ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ყოველთვის დაეხმარება უსახლკარო ადამიანებს, მაგრამ თაღლითობის შესაძლებლობას არავის მივცემთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემდედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დღეის მდგომარეობით თბილისში 400-მდე უსახლკარო ოჯახია და ისინი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან. მისივე განმარტებით, მიმდინარე თვეში საცხოვრებელი ფართები 15-16 ოჯახს გადაეცემა.

"იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა გააჩნია, ვისაც აქვს უსახლკაროს სტატუსი და დღეის მდგომარეობით 400-მდე ასეთი ოჯახი გვყავს დედაქალაქში, მე მივეცი დაპირება, რომ უზრუნველყოფილი იქნებიან მუნიციპალური საცხოვრისით და მათ ექნებათ სახლი და ეს უსახლკაროების პრობლემა მათთვის იქნება მოგვარებული. მე წინასაარჩევნოდ ძალიან ბევრი ვისაუბრე ამ საკითხზე და გაცემულია დაპირება, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება, ყველა იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრისით და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იქნება მოგვარებული.

ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, დავიწყეთ საბინაო ფონდის შექმნა და მიმდინარე თვეს 15-16 ოჯახი იქნება საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებული. თუმცა, ცხადია არსებობს ისეთი ადამიანებიც, რომელთაც გაჭირვებასთან და უსახლკარობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და სახელმწიფო მიწების მიტაცებას მიზანმიმართულად ცდილობენ. შემდეგ გამოდიან ტელევიზიით და საუბრობენ თავიანთ გაჭირვებაზე.

ერთ-ერთი ასეთ ფაქტი გვქონდა ბოლო შემთხვევაში, როდესაც დემონტაჟს ვახორციელებდით. მიტაცებული იყო სახელმწიფო მიწები და ერთ-ერთი პიროვნება საუბრობდა თავის გაჭირვებაზე, მაშინ, როდესაც მას 2015 წელს მუნიციპალიტეტისგან მიღებული აქვს 356 000 ლარიანი დახმარება. დიახ, მეგობრებო არ მოგესმათ, 356 000 ლარიანი დახმარება. ამ ადამიანს აქვს ასევე, სამი საცხოვრებელი ბინა ვაკის რაიონში. არ იფიქრონ, რომ ვინმეს რამეს ვუთვლი, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ თაღლითობის საშუალებას არავის მივცემთ. ყოველთვის წინ აღვუდგებით უკანონობას, კანონი ყველასთვის არის ერთი.

ჩვენ გაჭირვებულ ადამიანებს, ვისაც თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება, მაქსიმალურად დავუდგებით გვერდით ყოველთვის. მე ძალიან კარგად ვიცი რა არის გაჭირვება, რა არის წარმატება, ყველაფერი გამოვლილი და გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე. შესაბამისად, ასეთ ოჯახებს, ასეთ ადამიანებს, ვისაც ჩვენი მხრიდან სჭირდება თანადგომა, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ყოველთვის გაუწვდის დახმარების ხელს, სანამ მათ არ მიეცემათ ნორმალური სოციალური პირობები და ნორმალური ცხოვრების საშუალება.

დღესაც რჩება ბევრი ოჯახი, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება და ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ყოველთვის გვერდით დაუდგება ასეთ ოჯახებს, ყოველთვის დაეხმარება ასეთ ადამიანებს, მაგრამ არავის მივცემთ თაღლითობის შესაძლებლობას.

კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ამ ადამიანებს, რომ არ მოგატყუოთ ვინმემ მეგობრებო და ის თანხები, რასაც ამ მშენებლობებზე ხარჯავთ, ჯობია შეინახოთ და ისევ და ისევ თქვენი შვილებისთვის, თქვენი მომავლისთვის გამოიყენოთ. თქვენ ძალიან მალე საცხოვრებელი ფართები გადმოგეცემათ და ნორმალურ პირობებში ცხოვრებას შეძლებთ", - განაცხადა კახა კალაძემ