რჩეული სტატიები

Grid List

ინგლისის ქალაქ ბეროუ-ინ-ფერნესის საქალაქო საბჭომ კუნძულ პილ აილენდის მეფის (ან დედოფლის) ვაკანსია გამოაცხადა. ამ კუნძულზე მეფედ კურთხევას განსაკუთრებული წესი აქვს - მომავალი მონარქი ხის სამეფო ტახტზე ჯდება, ხელში იღებს ძველ ხმალს და იხურავს მუზარადს, რის შემდეგაც, მას თავზე ალკოჰოლს ასხამენ. პილ აილენდის ბოლო მეფე სტუვ ჩეტეუეი იყო, რომელიც 2007 წელს აკურთხეს. კუნძული ქალაქ ბეროუ-ინ-ფერნესიდან 800 მეტრში მდებარეობს. მეფის მოვალეობაში ბარისა და სასტუმროს მართვა და მე-14 საუკუნის სასახლის მოვლა-პატრონობა შედის. ტურისტები აქ მხოლოდ აპრილიდან სექტემბრამდე ჩადიან, როცა ქალაქსა და კუნძულს შორის ბორანი დაცურავს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის სწავლულებმა დაადგინეს: განმეორებადი 10-წამიანი რიტმი, რომელიც ისეთ კლასიკურ მუსიკალურ ნაწარმოებშია, როგორიცაა ჯუზეპე ვერდის „Va Pensiero“, ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია და ჯაკომო პუჩინის „Nessun Dorma“, არტერიული წნევის დარეგულირებას უწყობს ხელს და თავიდან აგაცილებთ გულსისხლარღვთა დაავადებებს. პაციენტისთვის საკმარისია, დღის განმავლობაში, მხოლოდ 10 წუთით მოისმინოს ამგვარი მუსიკა.

20-წლიანი გამოკვლევების შედეგები უნივერსიტეტის ცნობილმა კარდიოლოგმა, პიტერ სპეიტმა წარადგინა. მეცნიერის თქმით, კვლევებისას, პოზიტიური ეფექტი მხოლოდ ამ ნაწარმოებებს ჰქონდა. როკ-პოპ და სხვა კლასიკური მუსიკა კი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენდა პაციენტების მდგომარეობაზე და პირიქით, მათ გულის კუმშვის სიხშირესაც უმატებდა.

ამერიკელებმა ზამთრის ყინვიანი დღეების გამხიარულების ახალი მეთოდი გამონახეს. მინესოტას შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, გაყინული შარვლების „ქანდაკებებს“ დგამენ. როცა ქუჩაში ისე ცივა, რომ ვერც იგუნდავებ, ვერც თოვლის კაცს გააკეთებ, ან უბრალოდ, ვერ გაისეირნებ დათოვლილ ქუჩებში, ისღა დაგრჩენია, გასართობად სხვა რამ მოიფიქრო. ასე მოიქცა ტომ გროტინგიც - გაყინული ქანდაკებების ავტორი.

„ამას, ძირითადად, ჩემი მეზობლის გასართობად ვაკეთებ, რომელსაც დიდად არ უყვარს ზამთარი, არადა, წლის ეს დრო ჩვენთან საკმაოდ გრძელია“, - ამბობს ტომი. ქანდაკების დასადგმელად, ის ჯერ ასველებს შარვლებს, მერე კი საჭირო პოზაში დგამს. ამ პროცესში, ყველაზე საინტერესოა შარვლების განთავსების ადგილის შერჩევა. ახალგაზრდა მამაკაცის ჩანაფიქრი ბევრ მინესოტელს მოეწონა და ახლა ქვეყნის ამ ჩრდილოეთ შტატში, სულ უფრო მეტი გაყინული „ქანდაკება“ ჩნდება.

გაციების დროს, ისეთი გავრცელებული დაავადება, როგორიცაა ლარინგიტი, ხშირად ხმის დაკარგვით ხასიათდება, თუმცა მალე გაივლის ხოლმე. აშშ-ს მცხოვრები კი ამის გამო, მთელი 30 წლით დამუნჯდა და მხოლოდ ახლა შეძლეს მედიკოსებმა მისთვის ხმის დაბრუნება. შორეული 1991 წლის დასაწყისში, ბეტი ტრუფანტი, რომელიც მაშინ 34 წლის იყო, ძლიერ გაცივდა და თანდათან, ლარინგიტი ლარინგოტრაქეიტში გადაუვიდა - ჯერ ხმა ჩაეხლიჩა, მერე კი საერთოდ დაკარგა. ექიმმა დაამშვიდა, ორ-სამ კვირაში, ხმა ისევ დაგიბრუნდებაო, მაგრამ ბეტიმ სხვებთან ურთიერთობის მთავარი საშუალება სამუდამოდ დაკარგა.

„პრაქტიკულად, სამი ათეული წელი იზოლირებული ვიყავი და პატარა ქალიშვილსაც ჟესტებით ველაპარაკებოდი“, - ამბობს ქალბატონი ტრუფანტი. მედიკოსებმა განუცხადეს, რომ უძლურები იყვნენ და ხმას ვერ დაუბრუნებდნენ. მხოლოდ ახლა, რამდენიმე თვის წინ, ბეტიმ შემთხვევით, ტელევიზიით ნახა სიუჟეტი მის მსგავსად დაზარალებულ ქალზე, რომელსაც კლივლენდის სპეციალურ კლინიკაში უშველეს. აქ ბეტისაც დაეხმარნენ და სპეციალური ოპერაციის შემდეგ, 30 წლის წინ დაკარგული ხმა კვლავ დაუბრუნეს.

აშშ-ს ფლორიდის შტატში, ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს ცოლის პაემანზე მიპატიჟება დაავალეს. იმის ნაცვლად, რომ დამნაშავესთვის ჯარიმა ან შესაბამისი ვადით პატიმრობა დაეკისრებინა, მოსამართლე ჯონ ჰერლიმ, 47 წლის ბრალდებულ ჯოზეფ ბრეის განუცხადა, რომ ვალდებულია, დაბადების დღეზე, მეუღლეს ყვავილები აჩუქოს, მისალოცი ბარათი მიართვას და რესტორანშიც დაპატიჟოს. მართალია, სასჯელი უცნაურია, მაგრამ არც ისეთი, როგორც, მაგალითად, 100 ღორი - ეს სასჯელი სამოას რაგბის ნაკრების მწვრთნელს ლოთობისთვის დააკისრეს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ბრეის დაავიწყდა, ცოლისთვის დაბადების დღე მიელოცა. თავიდან მათ ჯერ იჩხუბეს, მერე კამათი ცემა-ტყეპაში გადაიზარდა. ამ დროს კაცმა ცოლს ხელი ჰკრა, დივანზე დააგდო და ახრჩობდა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ინციდენტი უმნიშვნელო იყო და ქალსაც არ მიუღია არანაირი დაზიანება, ამიტომ ქმარს მკაცრი სასჯელი არ დააკისრეს.

ჩინელმა სწავლულებმა მსოფლიოში პირველი რობოტი შექმნეს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ადამიანების დადანაშაულება და ბრალმდებლის პოზიციის დაკავება შეუძლია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ „პროკურორს“, საქმის სიტყვიერი აღწერის შემდეგ, ბრალის წაყენება კანონთან შესაბამისობაში 97%-იანი სიზუსტით შეუძლია. მკვლევარებმა ეს „პროკურორი“ რობოტი შანხაის ერთ-ერთ პროკურატურაში გამოსცადეს. „ჭკვიანი“ მანქანის ავტორები ამბობენ, რომ ეს ტექნოლოგია ხელს შეუწყობს პროკურორების ყოველდღიური დატვირთვის შემცირებას, რაც მათ საშუალებას მისცემს, სამსახურში უფრო რთულ საქმეებზე გაამახვილონ ყურადღება.