Forbes-ი: სამმა გემმა, მათ შორის თურქულ-ქართულმა, შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადა გაარღვია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამმა სამოქალაქო სატვირთო გემმა შავ ზღვაში გაარღვია რუსეთის ბლოკადა და შევიდა მდინარე დუნაის დელტაში მდებარე უკრაინულ პორტში, საიდანაც ხორბლის ტრანსპორტირება ხდება. ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი წერს. მისი წყაროების ინფორმაციით, უკრაინის იზმაილის პორტში შევიდნენ ისრაელის, საბერძნეთის და თურქეთსა და საქართველოში დარეგისტრირებული გემები.

ისრაელის და საბერძნეთის გემები უკრაინისკენ ბოსფორის სრუტის გავლით გაემართნენ, თურქულ-ქართული რეგისტრაციის მქონე გემი კი - თურქეთის ჩრდილოეთიდან. გამოცემა წერს, რომ გემების გადაადგილებას აკვირდებოდა ნატოს 4 თვითმფრინავი.

საჯარო წყაროების თანახმად, Forbes-ის მიერ თურქეთის და საქართველოს რეგისტრაციის მქონე გემად მოხსენიებული Yilmaz Kaptan(Kudret Gezer), რომელიც ვანუატუს დროშით დაცურავს, 21 ივლისს იმყოფებოდა ფოთის პორტში, საიდანაც უკრაინის მიმართულებით გაემგზავრა.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, ცნობები, რომ სამმა სამოქალაქო გემმა უკრაინამდე შეუფერხებლად მიაღწია, იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთს ამჟამად არ სურს ან არ შეუძლია გემების ჩხრეკა.„მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლის შემდეგ, რუსეთმა „სამხედრო დანიშნულების ტვირთების პოტენციურ გადამტანებად“ გამოაცხადა შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი „კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულად“ ჩათვლის ქვეყნებს, რომელთა დროშებითაც ეს გემები დაცურავენ.

„მარცვლეულის შეთანხმებაზე“ უარის შემდეგ, რუსეთმა ბოსფორის სრუტესა და ოდესას შორის პატრულირებისთვის შავი ზღვის სამხრეთ ნაწილში გაგზავნა კორვეტი „სერგეი კოტოვი“. ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა არ გამორიცხავდა, რომ ეს საბრძოლო გემი შევა შემადგენლობაში იმ ოპერატიული ჯგუფის, რომელსაც კომერციული გემების დაკავება დაევალება.

უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა თავისუფალი ნაოსნობის უფლების და სასურსათო უსაფრთხოების ხელყოფასა და შავი ზღვის სახიფათო ზონად გადაქცევაში და ნებისმიერ რისკზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო დანიშნულების ტვირთის გადამტანად გამოაცხადა შავ ზღვაში რუსეთის ან მის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინული პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი.

რუსეთმა 18 ივლისიდან დატოვა გაეროს და თურქეთის შუამავლობით 2022 წლის ივლისში მიღწეული „მარცვლეულის შეთანხმება", რომლის საფუძველზე, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, მათ შორის აფრიკის და აზიის ღარიბ ქვეყნებში.