რა ქონებას ფლობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ნაციონალური მოძრაობა უკვე შედგა. მაშინ, როდესაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე უცხოეთში შეხვედრებს მართავს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რეგიონებში ხვდებიან მოსახლეობას. მოკლედ, ყველაფერი ახალი რომ კარგად დავიწყებული ძველია, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ახლა, მთავარია, კოალიცია არჩევნებამდე, ან მთლად უარესი - პარლამენტში შესვლამდე არ დაიშალოს. ამის მომსწრენი არაერთხელ ვყოფილვართ და თან სწორედ, ამ პოლიტიკური აქტორების მონაწილეობით. მოკლედ, ვიდრე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე საზოგადოებას არწმუნებს, რომ ვაშაძე და ხაბეიშვილი „კოლექტიური ნაცმოძრაობაა“, გიორგი ვაშაძის ქონებრივ დეკლარაციას გადავხედოთ.  

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის კარიერი 2003 წლიდან დაიწყო, როდესაც გიორგი ვაშაძე ინტერპოლში, ინსპექტორად აიყვანეს. 2005 წელს, ვაშაძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჩუღურეთის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მომდევნო წელს კი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.

2006-2010 წლებში, ვაშაძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარეობდა. ერთი ფანჯრის პრინციპზე დაფუძნებული, თანამედროვე და ინოვაციური იუსტიციის სახლების ერთგვარი ავტორი და სულისჩამდგმელი, სწორედ გიორგი ვაშაძე გახლავთ.

2012-2016 წლებში, გიორგი ვაშაძე საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრია პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“. მოგვიანებით, ვაშაძე პარტიას ტოვებს და 2016 წლიდან, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ აფუძნებს.

როგორც პარლამენტის წევრმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2022 წელს შეავსო. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ჰყავს მეუღლე - ქეთევან სიჭინავა და სამი მცირეწლოვანი შვილი - მიხეილი, დავითი და ანასტასია.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ქეთევან სიჭინავას მფლობელობაშია თბილისში მდებარე 100 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც 2007 წელს, საჩუქრად მიუღია. გარდა ამისა, სიჭინავა ფლობს თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე 4 062 კვ.მ. კომერციული ფართის 70%-ს.

2014 წელს, გიორგი ვაშაძემ 5 000 აშშ დოლარად შეიძინა თბილისში, მცხეთის ქუჩაზე მდებარე 30 კვ.მ. ავტოფარეხი. გიორგი ვაშაძის მფლობელობაშია 103 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, მცხეთის ქუჩაზე, რომელიც 2014 წელს, პოლიტიკოსს 70 000 აშშ დოლარად უყიდია. ქეთევან სიჭინავა ფლობს მსუბუქ ავტომანქანა BMW X6-ს, რომელიც 2016 წელს, 100 000 აშშ დოლარად უყიდია.

გიორგი ვაშაძე კრიპტოვალუტით სერიოზულადაა დაინტერესებული. დეპუტატმა Bitcoin 18 000 აშშ დოლარად, 57 ნომინალი შეიძინა. გიორგი ვაშაძე ფლობს 315 Etherium-საც - კრიპტოვალუტა 5 000 დოლარად, 2016 წელს შეუძენია.

დეკლარაციის შევსების დროს, გიორგი ვაშაძეს თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 3 446.86 ლარი, საქართველოს ბანკის ანაბარზე - 9 202.05 დოლარი, საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე - 864 დოლარი, თიბისი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე - 5 079.62 ლარი, 77.62 დოლარი. თიბისი ბანკის შემნახველ ანგარიშზე - 62.71 დოლარი, ხოლო ანაბარზე - 32 783.56 ლარი.

ქეთევან სიჭინავას თიბისი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 43.42 დოლარი, ანაბარზე - 8 227 ლარი, 6 030 ევრო და 200 000 დოლარი. თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 122.18 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე - 1 402.76 ევრო, ანაბარზე - 5 628 ლარი. მასვე. თიბისი ბანკის შემნახველ ანგარიშზე - 50.85 ლარი, 2 202.61 დოლარი, 15 102.74 ევრო, საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე - 6 244.08 ლარი, ანაბარზე - 14 114.9 ლარი და 21 181.13 ევრო ჰქონდა.

დეკლარაციიდან ისიც ირკვევა, რომ დანაზოგის სახით, გიორგი ვაშაძეს აქვს 14 000 ლარი და 6 000 აშშ დოლარი, ხოლო ქეთევან სიჭინავას - 5 000 აშშ დოლარი. საქართველოს პარლამენტის აპარატისა და პარლამენტის წევრობის სარგო - 49 894.12 ლარი მიიღო, ინოვაციებისა და განვითარების ფონდში ექსპერტის თანამდებობაზე - 15 000 ლარი.

ქეთევან სიჭინავამ, რომელიც ინოვაციებისა და განვითარების ფონდის დირექტორია, ხელფასის სახით მიიღო 38 500 ლარი. ის ფონდის „ლიბერალური კვალი“ დირექტორია, სადაც ხელფასის სახით, ერთ კალენდარულ წელში 15 000 ლარი დაერიცხა. ქეთევან სიჭინავა ქართული უნივერსიტეტის ლექტორია, საიდანაც სარგოს სახით 12 500 ლარი მიიღო. გიორგი ვაშაძეს საარჩევნო ფონდში გასავალის სახით 30 000 ლარი აქვს დაფიქსირებული.

ავტორი: მაკა რუხაძე