სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა - არამიზნობრივად გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საცელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციებით დაინტერესდა. აუდიტის დასკვნა, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, აფხაზეთის ა/რ-ის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციების ფულადი სახსრების მიღება-ხარჯვისა და მატერიალური ფასეულობების გამოყენებას ეხება. შესაბამისობის აუდიტი 2020-2021 წლების პერიოდს მოიცავს და როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა. თუმცა, გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებლად, სახელმწიფო აუდიტორებმა გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავეს.

 

დარღვევები შრომის ანაზღაურებაში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ გამსახურდიას თეატრის, თეატრ „თეთრი ტალღის“, ანსამბლ „აფხაზეთისა“ და საგუნდო კაპელას თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, უმეტეს შემთხვევაში, განსაზღვრული იყო მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ და ბევრად ნაკლები იყო საქართველოში არსებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშაკთა საშუალო ხელფასზე.

„კულტურის სააგენტოში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულები იყვნენ მწვრთნელები, რომელთა ნაწილი ფედერაციებში, ხოლო ნაწილი - კლუბებში მოღვაწეობდა. ხელშეკრულებით დასაქმებული მწვრთნელების ანაზღაურებამ ჯამში შეადგინა 113000 ლარი. როგორც დადგინდა, იმ დროს, როდესაც არსებობდა სპორტსმენთა უფასოდ წვრთნა-მომზადების შესაძლებლობა, სააგენტომ ამ მომსახურებაში გადაიხადა საბიუჯეტო სახსრები. ასევე, სააგენტო შრომის ანაზღაურებას უხდიდა კომერციული მიზნით შექმნილი კონკრეტული კლუბების მწვრთნელებსაც, არადა, ამ კლუბების გარდა,არსებობს აფხაზეთის სახელით მოასპარეზე სხვა მრავალი სპორტული კლუბი“, - ვკუთხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ სპორტსმენთა საწვრთნელი მომსახურების ალტერნატივების განხილვა-შეფასების არარსებობის, დასაქმებულ მწვრთნელთა შერჩევის დაუსაბუთებლობისა და არასათანადო კონტროლის შედეგად, შეიქმნა საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურად ხარჯვის რისკები.

კულტურის სააგენტომ გამოსცა ჟურნალი „რიწა“ და საყმაწვილო-საბავშვო ჟურნალი „იალქანი“. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ამ ჟურნალების გამოცემა, შინაარსის მიხედვით, წარმოადგენდა სუბსიდირების პროგრამას, თუმცა ჟურნალების გამოცემის მიზნით, პროგრამული ბიუჯეტირების პრინციპით არ იყო შექმნილი შესაბამისი პროგრამა და მათი გამოცემაფინანსდებოდა სააგენტოს აპარატის პროგრამული კოდიდან.

არადა, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, შინაარსის მიხედვით, ეს უკანასკნელი მიეკუთვნება მართვისა და რეგულირების სახის პროგრამას. გარდა ამისა, ჟურნალებისათვის არ იყო დადგენილი სარედაქციო პოლიტიკა და არ იყო დანერგილი მიმდინარე პროცესების ქმედითი კონტროლის მექანიზმები, რამაც წარმოქმნა 147 065 ლარის საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვის რისკები.

 

ხარვეზები ადმინისტრაციულ ხარჯებში

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ სააგენტოს ბალანსზე რიცხული სამორიგეო ავტომანქანისთვის, ხელმძღვანელის ბრძანებით, განსაზღვრული იყო საწვავის მოხმარების წლიური ლიმიტი, თუმცა გამოვლინდა ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევები, რადგან მივლინების ფარგლებში, სამსახურებრივი ავტომობილის გამოყოფის შემთხვევაში, ბრძანებაში არ იყო მითითებული მივლინებისთვის დამატებითი რაოდენობით საწვავის გამოყოფა.

„2020–2021 წლებში დადგენილი წესით, გამსახურდიას თეატრში ინვენტარიზაციები არ ჩატარებულა. გარდა ამისა, ხელმძღვანელი პირის ბრძანებებით, საინვენტარიზაციო კომისიის წევრები იყვნენ თეატრის მატერიალურად პასუხისმგებელი პირები. გამსახურდიას თეატრის სარგებლობაში არსებული საკონცერტო დარბაზი გამოიყენებოდა ძალიან მცირე დატვირთვით და უმეტესი პერიოდი თავისუფალი იყო, ხოლო სალაროს მოსაწყობად გადმოცემული ფართი, სარგებლობის ოთხი წლის განმავლობაში,  თეატრმა დასახული მიზნის მისაღწევად ვერ გამოიყენა. შესაბამისად, უძრავი ქონების არარაციონალურად გამოყენებით, თეატრმა დაკარგა შემოსავლები“.

სახელმწიფო მაკონტროლებლებმა ისიც გაარკვიეს, რომანსამბლ „აფხაზეთის“ სარგებლობაში არსებული ფართი წარმოადგენს სავარჯიშო დარბაზს და განკუთვნილია ანსამბლის მოცეკვავეთა სარეპეტიციოდ. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სათანადოდ არ ხორციელდებოდა დარბაზის გამოყენების კონტროლი. გარდა ამისა, ანსამბლ „აფხაზეთის“ სარეპეტიციო დარბაზში, ანსამბლის პედაგოგი ამეცადინებდა ბავშვებს და ამ მომსახურებისთვის არადევნილი ბავშვების მშობლებისაგან იღებდა შესაბამის ანაზღაურებას. ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა კანონმდებლობის დარღვევით, აღნიშნულ პედაგოგს დართო ნება, რომ ანსამბლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება პირადი სამეწარმეო მიზნებისათვის გამოეყენებინა.

„თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფართს, რომელიც სააგენტოს სარგებლობაშია, სარეპეტიციოდ, ინვენტარის შესანახად და საოფისედ იყენებდა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი“, რომელიც ფუნქციონირებდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამავდროულად, სააგენტო შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა შრომის ანაზღაურებას ამ ანსამბლის ხელმძღვანელსა და პედაგოგებზე, ხოლო კონტროლის მექანიზმი არ იყო დანერგილი.

გარდა ამისა, სააგენტოს სარგებლობაში არსებული კიდევ ერთი ფართი თბილისში, კერძოდ, უზნაძის ქუჩაზე, წარმოადგენდა ღონისძიებებისა და გამოფენების გასამართად მოწყობილ არტ-გალერეას, თუმცა აუდიტის პერიოდში,ამ ფართს მხოლოდ სააგენტო და აფხაზეთის ა/რ სამთავრობო სტრუქტურები იყენებდნენ. სააგენტოს არ განუხორციელებია შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები აღნიშნული ფართის იჯარით გასაცემად, რის გამოც ვერ მიიღო შემოსავლები“.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ სააგენტოს სარგებლობაში არსებულ 8.1 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, დონორების დაფინანსებით უნდა აშენებულიყო სპორტ-კომპლექსი, ამ მიზნის მისაღწევად, კულტურის სააგენტოს შესაბამისი პროექტი არ შეუმუშავებია და არც დაფინანსების გამცემი დონორი მოუძებნია.

 

დარღვევები საკუთარ შემოსავლებში

აუდიტის პერიოდში, განათლების სამინისტროს სსიპ-ები, გარდა საბიუჯეტო დაფინანსებისა, იღებდნენ საკუთარ შემოსავლებსაც კონცერტებისა და სპექტაკლების ბილეთებისა, თუ აბონემენტების რეალიზაციით, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების და უძრავი ქონების იჯარიდან მიღებული თანხებით.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, სსიპ-ების მიერ გასაწევი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, არ იყო შემუშავებული შესაბამისი წესი. ამასთან, სსიპ-ების სარგებლობაში იყო უძრავი ქონება, რომელიც არ იყო დატვირთული სრულად და შესაძლებელი იყო მოსარგებლის მიერ, მათი იჯარით, ან კანონით დაშვებული სხვა სფორმით გაცემა. მიუხედავად ამისა, შემოსავლების მიღების მიზნით, მათ აღნიშნული საბიუჯეტო რესურსი არ გამოუყენებიათ.

„კულტურის სააგენტოს მიერ, აუდირებულ პერიოდში, ხორციელდებოდა პროექტები, რომლებიც მტკიცდებოდა სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. მიუხედავად იმისა, რომ პროექტების სახით დაფინანსების განხორციელებას მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს და პროექტების მიზნების გათვალისწინებით აღნიშნული პროექტები წარმოადგენდა სუბსიდირების შინაარსის პროგრამებს/ქვეპროგრამებს, სააგენტოში 2021 წლის აპრილამდე, არ იყო შექმნილი შესაბამისი პროგრამები/ქვეპროგრამები და პროექტების ხარჯების დაფინანსება ხორციელდება სააგენტოს აპარატის პროგრამული კოდიდან, რომელიც შინაარსით წარმოადგენს მართვისა და რეგულირების სახის პროგრამას.კულტურის სააგენტოს 2021 წლის ქვეპროგრამების მოსალოდნელი შედეგები, ხშირ შემთხვევაში, ძალიან ზოგადი და არაგაზომვადი იყო; ასევე, სათანადოდ არ იყო გაწერილი მოსალოდნელი შედეგების მიღწევის შეფასების ინდიკატორები, მათ შორის, ხარისხობრივი ინდიკატორები“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ქვეპროგრამების დაგეგმვის პროცესში, პოტენციური ბენეფიციარებისა და მათი მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია შესწავლილი იყო არასათანადოდ. გარდა ამისა, ვერ გაითვალისწინეს ისეთი რისკები, რომლებიც ქვეპროგრამის დაგეგმვა-დამტკიცების ეტაპზეც ცნობილი უნდა ყოფილიყო პროგრამის განმახორციელებლებისთვის.

 

ხარვეზები ორგანიზაციულ საქმიანობაში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ დებულებებით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად, ორგანიზაციების მიერ ფაქტობრივად განხორციელებული საქმიანობა მნიშვნელოვნად შეესაბამებოდა განსაზღვრულ მიზნებს, თუმცა რიგი მიზნების მისაღწევად, არ იყო ჩატარებული საკმარისი ღონისძიებები. სახელმწიფო მაკონტროლებლების მტკიცებით, გამსახურდიას თეატრისა და თეატრ „თეთრი ტალღის“ მიერ ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საშუალო მონაცემებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თეატრების ხელმძღვანელობამ, მათთვის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის ეფექტიანად შესრულების მიზნით, არასაკმარისი ღონისძიებები გაატარა. მეტიც, კულტურის სააგენტოსა და განათლების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მხრიდან, დუბლირების შემთხვევებიც დაფიქსირდა.

„სსიპ-ების გარემოს შესწავლით გამოვლინდა, რომ ორგანიზაციების კონტროლის გარემო გამოირჩეოდა ნაკლოვანებებით და მხოლოდ პრაქტიკაში დამკვიდრებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფდა შეცდომებისა და უზუსტობების ეფექტიანად თავიდან აცილებას/პრევენციას ან გამოვლენასა და გასწორებას. კონტროლის პროცედურების ფორმალური ინსტრუქციების (სახელმძღვანელო, კოდექსი, წესი) არარსებობა მიუთითებს ორგანიზაციების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ და საჯარო რესურსების არაეფექტიანად მართვის რისკებზე“, - დაასკვნეს სახელმწიფო აუდიტორებმა

 

რეკომენდაციები

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, გამოვლენილი დარღვებების გამოსწორების მიზნით, სახელმწიფო აუდიტორებმა კულტურის სააგენტოსა და ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავეს.

„ჟურნალებისთვის - „იალქანი“ და „რიწა“, დამტკიცდეს შესაბამისი სარედაქციო პოლიტიკა, სადაც გაიწერება თემატიკა, გამოსაქვეყნებელი ნაშრომების სახეობები, ნაშრომების/სტატიების შერჩევის წესი, ნაშრომებისთვის დადგენილი მოთხოვნები და კონკრეტული კრიტერიუმები; ასევე, ნათლად და მკაფიოდ განისაზღვროს სამიზნე ჯგუფები და ჟურნალების გამოცემით მისაღები, როგორც კომერციული, ასევე არაკომერციული მიზნები.

განხორციელდეს პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების პროგრამული ბიუჯეტის მეთოდოლოგიის მოთხოვნების დაცვით დაგეგმვა და მათი შინაარსი (მათ შორის, კრიტერიუმები) დამტკიცდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ბენეფიციარებისთვის გამჭვირვალე და სამართლიანი გარემო. პროგრამებისა და ქვეპროგრამებისათვის განისაზღვროს სასარგებლო, შედეგზე ორიენტირებული, ნათელი, გაზომვადი, მიღწევადი და შედარებითი შეფასების ინდიკატორები, ხოლო პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში შექმნილი კომისიისთვის, შესაბამისი საქმიანობის წესით, განისაზღვროს კონკრეტული კრიტერიუმები ან/და მიდგომები, რომელთა საფუძველზე კომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს; დადგენილი მექანიზმების ეფექტიანად მუშაობის უზრუნველსაყოფად დაინერგოს სათანადო კონტროლი“.

რაც შეეხება რეკომენდაციების ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის, სახელმწიფო აუდიტორები მიიჩნევენ, რომ უნდა დაიგეგმოს უძრავი ქონების განკარგვა იმგვარად, რომ საბიუჯეტო რესურსები სრულად, ეფექტიანად გამოიყენონ და პოტენციური შემოსავლებიც მიიღონ.

„უნდა შემუშავდეს და დაინერგოს კონცერტებისა და სპექტაკლების გასაყიდი ბილეთების, აბონემენტების, ასევე ღონისძიების ერთჯერადად ჩატარებისღირებულების განსაზღვრის წესი, სადაც გაიწერება, როგორც კონკურენტების მიერ ბაზრისთვის შეთავაზებული ფასების შესწავლის მეთოდი, ასევე, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფსა თუ ორგანიზაციაზე სავარაუდო ფასების დიაპაზონი.

განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საქმიანობის დაგეგმვა განხორციელდეს დამტკიცებული სტრატეგიული და წლიური გეგმით იმგვარად, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული, როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებით გამოწვეული საქმიანობის შემზღუდველი სავარაუდო რისკები. გაუთვალისწინებელი მოვლენების დადგომის შემთხვევაში, ორგანიზაციების მიერ განხორციელდეს წლიური გეგმის კორექტირება მიმდინარე გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვასა და საზოგადოებისათვის მაქსიმალური სარგებლის მოტანას“.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, აუცილებელია, რომ მიმდინარე პროცესებში არსებული რისკების შემცირების მიზნით, შემუშავდეს ისეთი კონტროლის პოლიტიკა, პროცედურები და მექანიზმები, რომლებიც სამეურნეო ოპერაციების განხორციელების ყველა ეტაპზე, უზრუნველყოფენ ეფექტიან კონტროლს და ხელს შეუწყობენ საჯარო რესურსების კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ, არამიზანშეწონილად ხარჯვისა და არაეფექტიანად მართვის დროულ გამოვლენასა და პრევენციას.

 

 ავტორი-მაკა რუხაძე