რუსეთის რიგ სამინისტროებში, 17 ივლისიდან, „ეფლის“ მოწყობილობების გამოყენება აიკრძალა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსული სადაზვერვო სამსახურების ცნობით, ამერიკული ბრენდის ტელეფონები, უკრაინის ომის ფონზე, სახელმწიფო მოხელეების შპიონაჟისთვის გამოიყენებოდა.

ამერიკული ფირმა „ეფლის“ ტელეფონები (ფოტოილუსტრაცია)
JAKUB PORZYCKI / NURPHOTO / AFP
ათასობით რუსი სახელმწიფო მოხელე იძულებულია, „აიფონი“ ან „აიპადი“ დათმოს. ორშაბათიდან, 17 ივლისიდან, ზოგიერთი სამინისტროსა და სახელმწიფო კომპანიის თანამშრომლებს „ეფლის“ მოწყობილობების პროფესიული მიზნებისთვის გამოყენება ეკრძალებათ. რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის სადაზვერვო უწყების (უსაფრთხოების ფედერალური სამსახური - ФСБ) მიერ 13 ივლისს გავრცელებული გაფრთხილების საპასუხოდ იქნა მიღებული. როგორც უწყება ამტკიცებს, აღმოჩენილია „აშშ-ის ჯაშუშური კამპანია“, რომელშიც „ათასობით მოწყობილობა“ იყო ჩართული.

ორშაბათს, აკრძალვა ძალაში შევიდა რუსეთის ვაჭრობის სამინისტროში, ასევე რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტროში და „როსტექში“ - სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიაში, რომელიც სამოქალაქო და სამხედრო მაღალ ტექნოლოგიებზეა პასუხისმგებელი. „ფაინენშელ ტაიმსის“ ცნობით, ეს ღონისძიება ეხება „ეფლის“ ყველა მოწყობილობას - სმარტფონებიდან დაწყებული და საათებით დამთავრებული.

„ეფლი“ - ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) თანამონაწილე?

როგორც რუსული „ეფ-ეს-ბე“ ირწმუნება, აღმოჩენილია ვირუსები ათასობით მოწყობილობაზე, რომელთაგან ზოგიერთი საელჩოებში იყო განთავსებული. რუსეთის სადაზვერვო სამსახურმა „ეფლი“ ასევე დაადანაშაულა „მჭიდრო“ თანამშრომლობაში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან (NSA), რომელიც დაზვერვასა და ციფრულ უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, „კრიტიკული დარგების“ კომპანიებს კრემლი მოუწოდებს, გამოიყენენონ რუსეთში შემუშავებული ტექნოლოგიები და უარი თქვან ამერიკულ და ევროპულ სისტემებზე.

 

წყარო:“ფრანსინფო”