„ვეშაგი“ - ზეზვა არაბულის საოჯახო სასტუმრო ზღაპრულ ჯუთაში გელით!

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჯუთა ყაზბეგის ერთ–ერთი უნიკალური სოფელი და ტურისტულ რუკაზე გამორჩეული ლოკაციაა. სოფელი ნებისმიერ სეზონზე დიდებულია და არა მარტო უცხოელებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც  ერთ–ერთი საყვარელი ადგილია, სადაც ულამაზეს ხედებთან ერთად, გასაოცარი ჩანჩქერებითა და ჭაუხებით შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯუთა ტურისტულად აქტიურია, აქ სასტუმროების საკმაოდ მცირე არჩევანია და სოფელში ძირითადად თანამედროვე ტიპის საოჯახო სასტუმროებია თავმოყრილი. ამ უმშვენიერეს გარემოს კი ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი გამორჩეული საოჯახო სასტუმრო - „ვეშაგი“ შეემატა, რომელიც ჯუთაში მცხოვრებმა, 55 წლის ზეზვა არაბულმა თავად ააშენა და ოჯახთან ერთად მთელი გულით ხელმძღვანელობს. როგორც ბატონი ზეზვა „ვერსიასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რამდენიმე სტუმარი უკვე მიიღო და მათგან საკმაოდ კარგი შეფასებებიც დაიმსახურა.  მისი მთავარი მიზანი კი ქართული ტრადიციული გარემოს და მომსახურების შექმნაა.

_ჯუთაში ძალიან პატარა დასახლებაა, 6 ოჯახიღა დავრჩით, ვინც ზამთარ-ზაფხულ სულ აქ ვართ. ვისაც რა შეეძლო, ყველამ იმ საქმიანობას მიჰყო ხელი, მეც გადავწყვიტე ხევსურული/ქართული ტიპის კოშკი, სასტუმრო ამეშენებინა, ქვაშითა და ხეშით. არ მინდოდა თანამედროვე მასალების გამოყენება, მინდოდა ყველაფერი ბუნებასთან შეხამებული ყოფილიყო. სულ სამი სართული გვაქვს, თითო სართულზე თითო ოთახით და თავისი სველი წერტილებით.უკვე დაახლოებით 10 ადამიანი გავისტუმრეთ, ჯერ ერთი თვეც არ არის, რაც „ბუქინგზე“ დავდე, ჯავშნები მაქვს და იმედია კარგად წავა საქმე.

_ბატონო ზეზვა, რატომ „ვეშაგი“, რაიმე სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ სახელს?

_ვეშაგი ნიშნავს გუშაგს, ანუ მესაზღვრეს, ძველი ქართული სიტყვაა და არ მინდოდა დაკარგულიყო. სიმბოლურია, რადგან მესაზღვრედაც ვმუშაობ და ადგილობრივიც ვარ,  სულ აქ ვცხოვრობ. 2002 წელს დავიწყე მესაზღვარზედ მუშაობა, როგორც იცით, ინგუშეთს ვესაზღვრებით. ამჟამად იქ ტექნიკოსი ვარ.

_ვინ გეხმარებათ სასტუმროს ფუნქციონირებაში და რა პრობლემებს აწყდებოდით ეს პერიოდი?

_ოჯახის წევრები მეხმარებიან, ცოლ-შვილი. შევხედავთ, თუ შემოსავალი იქნება და გაზრდას გადავწყვეტთ, ალბათ, მერე დამხმარეს ავიყვანთ. სასტუმროს შენება 5-6 წლის წინ დავიწყე, დასრულება და ძალაში შესვლა წელს მოვახერხეთ. მშენებლობა მარტო ორი წელი იმიტომ გამეწელა, რომ გზა არ იყო და მძიმე მასალა ვერ ამოგვქონდა. კიდევ ერთი პრობლემა ფინანსები იყო, კარგი იქნება, რაიმე გრანტები ან შეღავათიანი კრედიტები რომ იყოს მთის მოსახლეობისთვის. ელემენტარული გვერდით დგომა გვჭირდება და გზა, სხვას არაფერს ვითხოვთ.

სოფელში ბევრი პრობლემაა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია გზა, დიდი თოვლი მოდის ზამთარში და იკეტება ყველაფერი, 6 თვე მოწყვეტილები ვართ გარესამყაროს. ახლა მგონი ზაფხულიც დაემატება, რადგან გზა ისევ არ გაკეთებულა. შარშან გაფუჭდა, ნახევარი გზა სულ მოწყდა.

როგორც გითხარით, უკვე მივიღე რამდენიმე სტუმარი. კმაყოფილები გავაცილე, ყველაფერი გარემოსთან შეხმატკბილებულია, მოსწონთ ქართველებსაც და უცხოელებსაც. ყველა სეზონზე ვიღებთ დამსვენებლებს, რადგან სულ აქ ვართ. უცხოელები ზამთარში ვერტმფრენით და თხილამურებითაც ამოდიან. გვაქვს წყალი, გაზი, ელექტროენერგია, ინტერნეტი, ყველა პირობაა იმისთვის, რომ ქართველმაც კარგად დაისვენოს და უცხოელმაც, მაგრამ ეს გზის პრობლემა ყველაფერს ბლოკავს.

გზა მარტო ტურისტის პრობლემა არაა, არამედ მთელი სოფლის მოსახლეობის. რაიმე რომ გვინდა, ვერაფერი ამოგვაქვს.  გვჭირდება მომარაგება პროდუქტის, მასალების და სხვა საჭირო ნივთების. ჩვენი რესურსით ვიმარაგებთ ყველაფერს, მაგრამ გზა თუ კარგი არ იქნება, რა როგორ იქნება, არ ვიცი. შეგვპირდნენ, ამ თვის შუა რიცხვებამდე დაიწყება გზის გაკეთებაო. ამჟამად მანქანები მოძრაობენ, მაგრამ მაინც ეშინიათ ამოსვლა. ზოგი ფეხითაც ამოდის. ეს სერიოზული პრობლემაა როგორც ჯუთაში მაცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის.

_მკითხველს ალბათ აინტერესებს, რა ფასიდან იწყება ნომრების ღირებულება ამ ზღაპრულ გარემოში...

_გვაქვს ოთხ კაციანი ნომრები, თითო სართულზე თითო ოთახი, პირველ და მეორე სართულებზე 120 ლარი, ხოლო მესამეზე 160 ლარი. ფასი განსხვავდება ხედის მიხედვით. ღირებულებაში არ შედის კვება. ამჯამად, მითითებული გვაქვს, რომ სასტუმრო კვების გარეშეა, თუმცა, ესეც სტუმარზე მორგებულია. რამდენჯერმე გვთხოვეს, მოგვემზადებინა ქართული კერძები და, რა თქმა უნდა, ვუმზადებთ. ჯუთაში არის კაფეები და რესტორნები, ძირითადად ტურისტები იქ მიირთმევენ, მაგრამ თუ ვინმეს სურვილი ექნება და შეგვიკვეთავს ქართულს კერძს, უარს არ ვეტყვით. ვცდილობ, ძველი ტრადიციული კერძები აღვადგინო და შევთავაზო, ფასიც საკმაოდ დაბალი გვაქვს, ქართველებს უფრო მეტ შეღავათს ვუკეთებთ.

ავტორი: ია გრიგალაშვილი