ვინ არიან კაზინო „აჭარას“ მფლობელები

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც თბილისის ცენტრში, კაზინო „აჭარაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიებას ატარებს. უწყებამ ჯერ კიდევ 5 ივნისს ამოიღო კაზინოდან კომპიუტერული ტექნიკა და სალარო აპარატი, რადგან გამოძიება მიმდინარეობს ხელმძღვანელი პირების მიერ, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შესაძლო ფაქტებზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 218-ე მუხლებით. ცხადია, „ვერსია“ დაინტერესდა, ვინ არიან კაზინო „აჭარას“ მფლობელები, თუმცა ვიდრე კომპანიის 2021 წლის ანგარიშს გაგაცნობთ, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ 2009 წლის შემდეგ, „აჭარას“ მფლობელები რამდენჯერმე შეიცვალნენ და რაც მთავარია, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სწორედ ფულის გათეთრების შესაძლო, ან სავარაუდო ფაქტის გამო, კაზინოში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.

დავიწყოთ ოფიციალური ინფორმაციით, კაზინოს მფლობელების შესახებ. კომპანიის 2021 წლის ანგარიშგებიდან ვიგებთ, რომ ეს კაზინო 2000 წელსაა რეგისტრირებული. რომელიც 2016 წლის 11 თებერვლამდე, საფირმო სახელწოდებით - შპს „კაზინო აჭარა“, ფუნქციონირებდა. 2016 წლის 11 თებერვლიდან, რეგისტრაციაში ცვლილება შედის და ეწოდება შპს „სანშაინ“. რაც შეეხება მფლობელებს, ისინი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები არიან. კერძოდ, კაზინოს 10%-იანი წილს ფლობს კვიპროსში რეგისტრირებული - Solna Leisure Honldings Limited, ხოლო 90%-იან წილს ფლობს ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Gannado Wordlwide S.A.

როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, ამ უკანასკნელის - Gannado Wordlwide S.A.-ის 100%-იან წილს ფლობს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი, ამიტომ „კაზინო აჭარას“ მფლობელიც თავად იაკობაშვილია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2013 წლის პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ დავით იაკობაშვილმა, Gannado Wordlwide S.A.-ის საშუალებით, 90%-იანი წილი „კაზინო აჭარაში“ 2011 წლის მაისში, 8.72 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.

ოფიციალურ დოკუმენტში მითითებული არ არის, მაგრამ „ვერსიის“ მკითხველებმა კარგად იციან, რომ საქართველოში დავით იაკობაშვილი 2011 წლიდან ჩნდება - იმ დროიდან, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე, მანამდე ჩრდილში მყოფი მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილი გამოდის ახლადდაარსებული პარტიით „ქართული ოცნება“. სწორედ ამ პერიოდში იწყებს თავდაცვის ექს-მინისტრი, დავით კეზერაშვილი საკუთარი წილების გაყიდვას, მის მფლობელობაში არსებულ კომპანიებში. დიახ, სწორედ 2011 წლიდან გადადის დავით იაკობაშვილის ხელში კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის, „გალფი“, კაზინო „აჭარა“...

დავუბრუნდეთ ოფიციალურ ინფორმაციას, რომლითაც ვარკვევთ, რომ 2021 წლის ბოლოს, კაზინო „აჭარას“ წმინდა მოგება 4 275 840 ლარი იყო. ეს იმ დროს, როდესაც 2020 წელი, დაბეგვრის შემდეგ, კაზინომ 19 009 063-ლარიანი ზარალით დაასრულა. როგორც ფინანსურ დოკუმენტაციაშია მითითებული, შპს „სანშაინი“ შემოსავალს იღებს სამი ტიპის საქმიანობით: სამორინე, სათამაშო აპარატების სალონი და ბარ-რესტორანი.

2021 წელს მიღებული შემოსავლების 76% მოდის კაზინოს მაგიდებიდან მიღებულ შემოსავალზე, 22% - სათამაშო აპარატებიდან მიღებული შემოსავალია, ხოლო 2% - ბარ-რესტორნიდან. რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს, 2021 წელს, კაზინო „აჭარამ“ სათამაშო მაგიდებიდან - 17 512 376 ლარის, სათამაშო აპარატებიდან - 5 072 109 ლარის, ბარ-რესტორნიდან კი - 355 555 ლარის შემოსავალი მიიღო.

როგორც სტატიის დასაწყისშიც აღვნიშნე, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კაზინო „აჭარას“ წინააღმდეგ, გადასახადების თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდებით, საგამოძიებო მოქმედებები იწყება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კაზინოს ირგვლივ, სკანდალი აგორდა. 2013 წლის დასაწყისში, პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა ივანე ჩიღვინაძემ კაზინოში საკუთარი წილი დაბრუნება მოითხოვა.

Google-ში იძებნება იმ პერიოდში, სწორედ ამ თემაზე გავრცელებული ინფორმაცია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ თავის დროზე, ივა ჩიღვინაძემ „აჭარაში“ მილიონი დოლარი ჩადო და მისი ერთ-ერთი მეწილე გახდა, მაგრამ 2009 წელს, როდესაც ბიზნესიდან პოლიტიკაში ჩაერთო, კერძოდ, გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა, „აჭარას“ ყოფილმა მეპატრონე თემურ უგულავამ მასთან კონტრაქტი შეწყვიტა. ჩიღვინაძის ჩადებული ფული გაურკვეველ ანგარიშზე ჩარიცხა, რომელიც ამ უკანასკნელს არ მიუღია.

შეგახსენებთ, ივა ჩიღვინაძე 2011 წლის 26 მაისის ღამეს დააკავეს და პოლიტპატიმრის სტატუსით, ციხიდან მხოლოდ 2013 წელს გამოვიდა. ჩიღვინაძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, კაზინოს მოძრავი ქონება დააყადაღეს.

„2009 წელს, კაზინო „აჭარასთან“ სესხის ხელშეკრულება გავაფორმე, რის საფუძველზეც კაზინოს მეწილე გავხდი. ამავე წელს, „გაერთიანებული ოპოზიციის“ რიგებში შევედი, რასაც ჩემზე და ჩემს გარემოცვაზე დარტყმები მოჰყვა. „აჭარის“ მაშინდელი მფლობელის, თემურ უგულავას განცხადებით, კეზერაშვილმა და კოდუამ აიძულეს, რომ ჩემთან კონტრაქტი დაერღვია და თიბისი ბანკში, არარსებულ, ვითომ ჩემს ანგარიშზე გადაერიცხა ჩემ მიერ, კაზინოში შეტანილი ფული. თემურ უგულავა იმასაც ამბობს, რომ აიძულეს, კაზინო დავით იაკობაშვილისთვის მიეყიდა და ახლა, ჩემი მოსარჩელე მხარე დავით იაკობაშვილი გამოდის“, - აცხადებდა ივა ჩიღვინაძე 2013 წელს.

მეორედ, კაზინო „აჭარას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 2015 წლის აგვისტოში „ესტუმრა“. მაშინაც, საგამოძიებო უწყება კაზინოში ანალოგიური მოტივით შევიდა, რადგან „აჭარა“ სისტემატურად არიდებდა თავს გადასახადების გადახდას. მოგვიანებით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, კაზინო „აჭარას“ 19 269 277 ლარის გადახდა დაეკისრა.

 

ავტორი: მაკა რუხაძე