მისია შესრულებულია - „რიყის დოქები“ მეშვიდე აუქციონზე 10 მილიონ ლარად გაიყიდა!

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინვესტორი, რომელმაც თბილისის ისტორიულ უბანში ღვინის მუზეუმი უნდა მოაწყოს, „დავით გარეჯის“ საქმის მთავარი ფიგურანტია

ორი წლის მანძილზე, ექვსი უშედეგო მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, „რიყის დოქების“ აუქციონი დასრულდა. ობიექტი, რომელიც 2020 წელს, მთავრობამ 96 მილიონ ლარად გაიტანა აუქციონზე, ზუსტად ორი წლის შემდეგ, თითქმის ათჯერ ნაკლებ ფასად - 10 მილიონ ლარად გაიყიდა. ცნობილია, რომ „რიყის დოქები“ შეიძინა ლუქსემბურგში რეგისტრირებულმა კომპანია Global Victory Trust-მა, რომლის მენეჯმენტშია ბიზნესმენი დავით ხიდაშელი - „კარტოგრაფების საქმის“ მთავარი მოწმე. 2016 წელს, „რიყის დოქები“ მსოფლიოს კულტურის ათ საუკეთესო ცენტრს შორის მოხვდა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ ოფიციალური ინფორმაციით, 14 591 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები შეიძინა ლუქსემბურგში რეგისტრირებულმა კომპანია Global Victory Trust-მა, 10 020 000 ლარად შეიძინა.

„საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი „რიყის დოქები“, ელექტრონულ აუქციონზე 10 020 000 ლარად, Global Victory Trust-მა იყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით, ობიექტის მომავალი მფლობელი ვალდებულია, რომ 36 თვის ვადაში, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს. ამ მიზნით, დაახლოებით, 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ობიექტის სამომავლო განვითარება ხელს შეუწყობს რიყის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის გაჩენას, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ტურისტულ პოტენციალს და გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას“.

თბილისის ისტორიული უბნის რეაბილიტაციის მიზნით, რიყის პარკის განაშენიანება და კეთილმოწყობა 2009 წლიდან დაიწყო. პროექტი „თბილისის განვითარების ფონდის“ დაკვეთით ხორციელდებოდა, რომლის ფარგლებში, ე.წ. „დოქების“ მშენებლობა დაიგეგმა. „რიყის დოქები“ მილის ფორმის ორი შენობა უნდა ყოფილიყო. პროექტი იტალიელმა არქიტექტორმა, მასიმილიანო ფუქსასმა განახორციელა. მასვე ეკუთვნის მოგვიანებით თბილისში, ასევე, გორსა და მარნეულში აშენებული იუსტიციის სახლის პროექტები. რიყის პარკის პროექტის დაწყებისას ცნობილი იყო, რომ ე.წ. „დოქებში“ მუსიკალური თეატრი და საგამოფენო ცენტრი უნდა განთავსებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ 2011-2012 წლებში, „რიყის დოქების“ პროექტზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯა, ეს შენობები დღემდე უფუნქციოდ იყო.

2019 წლის თებერვალში, თბილისის მერმა ჟურნალისტებს „რიყის დოქებით“ რამდენიმე ინვესტორის დაინტერესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მოგვიანებით, უკვე 2020 წლის დასაწყისში, კახი კალაძე ამბობდა, რომ შენობა, სიმბოლურ ფასად - 1 ლარადაც ლარადაც კი არ სურდათ ინვესტორებს, რადგან შენობის დასამთავრებლად სულ მცირე 20 მილიონი ლარი მაინც იყო საჭირო.

„რიყის დოქები“ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა. 14 591 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა - „რიყის დოქები“, გარკვეული საინვესტიციო პირობით გაიყიდა. კერძოდ, ინვესტორმა, ობიექტის შეძენის შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვეში, მრავალფუნქციური კომპლექსი (საგამოფენო სივრცეები, სასტუმრო) უნდა შექმნას და შენობები აამოქმედოს. ამისთვის კი ის პირი, ვინც „დოქებს“ შეიძენს, ვალდებულია, 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

როგორც აღვნიშნეთ, „რიყის დოქების“ აუქციონზე ექვსეჯერ გაიტანეს და ამ ობიექტის გაყიდვის ექვსივე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. სულ პირველად, ეს უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს, 95 მილიონ ლარად გაიტანეს აუქციონზე, მაგრამ ვაჭრობა არ შედგა; მეორე და მესამე აუქციონებიც წარუმატებელი აღმოჩნდა; „რიყის დოქები“ მეოთხედ, 47 500 000 ლარად გაიტანეს გასაყიდად, თუმცა ელექტრონული აუქციონი არ შედგა; მეხუთე უშედეგო აუქციონზე, ობიექტის გასაყიდი ფასი 30 მილიონი ლარი იყო; მეექვსე აუქციონზე - 10 მილიონ ლარამდე შემცირდა და მხოლოდ მეშვიდე აუქციონზე გაიყიდა.

კომპანია, რომელმაც „რიყის დოქები“ შეიძინა, ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის 8 ივლისს, ლუქსემბურგის საჰერცოგოშია რეგისტრირებული. Global Victory Trust-ის მენეჯერად მითითებულია ორი პირი - რუსეთის მოქალაქე, იგორ დიადჩენკო და ავსტრიის მოქალაქე, მარკ მაილო ლუბი. პარალელურად, დიადჩენკო ამავე მისამართზე რეგისტრირებული კიდევ ერთი კომპანია GVT Development-ის მენეჯერია. Global Victory Trust-ს ხელმძღვანელობს ნეიროეკონომისტი და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, დოქტორ კრისტოფერ ჰილლი. კომპანიის აქციონერია Global Victory Investment, რომელიც რეგისტრირებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ამ კომპანიის მფლობელი და დირექტორია მარიამ ხიდაშელი, დირექტორატის წევრია ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი - „დავით გარეჯის“ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი. სწორედ ხიდაშელმა ჩამოიტანა მოსკოვიდან რუკები და ამ რუკების გამოუყენებლობას ედავებიან ილიჩოვასა და მელაშვილს, საზღვრის დემარკაციის პროცესში. დავით ხიდაშელმა რუსეთში მოძიებული რუკები საქართველოს პროკურატურას გადასცა.