ინფლაციის მიუხედავად, საქართველოში მედიკამენტები არ გაძვირდება!

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჯანდაცვის რეფორმაში არსებული რა ხარვეზების გამო გაიხსნა თურქული ფარმაცევტული ბაზარი

პანდემიასა და პოსტპანდემიას ახლა უკვე რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაემატა. ცხადია, ამას ინფლაციის მაღალი დონე მოჰყვა და ეს არცაა გასაკვირი, რადგან რუსეთიცა და უკრაინაც საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ამ პრობლემას გააზრებით ეკიდება და შესაბამის ნაბიჯებსაც დგამს, რათა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს. სხვა ნაბიჯებთან ერთად, რომლებსაც „ვერსიაში“ ეტაპობრივად შემოგთავაზებთ, მნიშვნელოვანია მედიკამენტების გაიაფება. უფრო ზუსტად, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა. თითქმის ერთი თვეა, საქართველოს აფთიაქებში 31 დასახელების მედიკამენტს, 80%-ით იაფად შეიძენთ. პირველი ორი კვირა, თურქულ მედიკამენტებს მხოლოდ „ფარმადეპოში“ შეიძენდით, მაგრამ მოგვიანებით, იაფი წამლები PSP-შიც გამოჩნდა.

„ვერსია“ ამ მედიკამენტების სრულ ჩამონათვალს გთავაზობთ. იმისთვის, რომ განსხვავება უფრო თვალშისაცემი იყოს, ექიმებისა და ფარმაცევტების დახმარებით, ამავე მედიკამენტების ძველ ფასებსაც შეგახსენებთ. თუმცა მანამდე, თვალი გადავავლოთ ჯანდაცვის რეფორმასა და განსაკუთრებით საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში არსებულ ხარვეზებს, რის გამოც მთავრობა მედიკამენტების გაიაფებაზე დაფიქრდა.

 

***

თურქული მედიკამენტების საქართველოში შემოსვლას წინ თითქმის ერთწლიანი მუშაობა უძღვოდა. ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობამ კანონპროექტზე  დაიწყო მუშაობა, რათა ქვეყანაში ხარისხიანი მედიკამენტები ხელმისაწვდომ ფასად შემოეტანა. ფაქტია, საქართველოში წამლები ძალიან ძვირია, იმდენად ძვირი, რომ სახელმწიფოს მიერ ამა თუ იმ ოპერაციის დასაფინანსებლად გამოყოფილი საკმაოდ სოლიდური თანხაც კი წყალში გადაყრილად ითვლება. ის, რომ სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ეხმარება და საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ოპერაციებს უფინანსებს, საკმაოდ დიდი შეღავათია, ოღონდ ცოტა ხნით. როგორც კი პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერება და ექიმის დანიშნულებით ხელში ამა თუ იმ აფთიაქში შევა, მიხვდება, რომ გაცილებით დიდ პრობლემას გადააწყდა, ოღონდ ამ ეტაპზე, მას უკვე აღარავინ ეხმარება. საკმაოდ ძვირადღირებული, მაგრამ აუცილებლად საჭირო მედიკამენტების შეძენა თავად უწევს, ეს იმდენად მძიმე ტვირთია, რომ უკვე ვეღარც ხვდება, სინამდვილეში, რა დახმარება გაუწია სახელმწიფომ, როდესაც მისი ოპერაცია დააფინანსა. სწორედ ეს პრობლემაა ძირითადი მიზეზი, რის გამოც საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახი, თუნდაც ერთი წევრის მძიმე ავადმყოფობის გამო, უკიდურესად ღარიბდება.

ჯანდაცვის რეფორმის უმთავრესი პრობლემა, სწორედ პოსტოპერაციის პერიოდია, როდესაც პაციენტი ექიმის დანიშნულების შესრულებას იწყებს. დამეთანხმებით, რომ ამას გვერდს ვერცერთი პაციენტი აუვლის, მნიშვნელობა არ აქვს, რა სირთულის ოპერაცია გაიკეთა, რადგან ექიმის დანიშნულება აუცილებლად უნდა შეასრულოს ანუ ის მედიკამენტები უნდა იყიდოს, რომელიც საავადმყოფოდან გაწერის დროს, ექიმმა დაუნიშნა. პირდაპირ ვთქვათ, ერთი მხრივ, სახელმწიფო ეხმარება ოჯახს, როდესაც ოპერაციას აფინანსებს, რაც ძალიან დიდი დახმარებაა, მეორე მხრივ კი, ფარმაცევტული კომპანიები ატყავებენ იგივე პაციენტს, რადგან მედიკამენტები ძალიან ძვირია.

პოსტოპერაციული პერიოდის მართვა საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია. რეალურად, ასეთ სურათს ვიღებთ: ოპერაცია, რომელიც სახელმწიფოს დახმარებით გაკეთდა, თითქოს აღარაფერს ნიშნავს, რადგან პაციენტსა და მისი ოჯახს აღარ შესწევს უნარი, ეს პროცესი მართოს - ამ ეტაპზე, უკვე აღარავინ ეხმარება, არადა, საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება.

 

***

დედაჩემი პენსიონერია, 79 წლის, მაღალი არტერიული წნევითა და მეორე ჯგუფის დიაბეტით. წლებია, კარდიოლოგის, ნეფროლოგისა და ენდოკრინოლოგის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, მაგრამ შარშან, იშემიური დიაბეტური ტერფი მაინც განუვითარდა. პრობლემა მარჯვენა ფეხის ცერა თითიდან დაიწყო და საბოლოოდ, განგრენა განუვითარდა, რის გამოც ორი, საკმაოდ მძიმე ოპერაცია დასჭირდა... ამიტომ, კარგად ვიცი ეს თემა, რადგან ჯანდაცვის სისტემაში არსებული სიკეთე, მთელი რიგი ხარვეზებითა და ხშირ შემთხვევაში, დარღვევებითაც კი, პირადად შემეხო.

პირველივე ოპერაციის შემდეგ, საავადმყოფოდან გამოწერისთანავე გავები ფარმაცევტული კომპანიების ლაბირინთებში. იქიდან გამომდინარე, რომ დედას ქრონიკული დაავადებები აქვს და წლების მანძილზე, ექიმების რეკომენდაციებით, ამ დაავადებებს ვმართავთ, კარგად ვიცოდი, რომ წამლები ძვირია, მაგრამ ისეთი კატასტროფული მდგომარეობაც არ მეგონა, როგორშიც აღმოვჩნდი.

დავიწყოთ მარტივით, ოპერაციის შემდეგ (ძირითადად, ნარკოზის გამო), პაციენტს თრომბოემბოლია რომ არ დაემართოს, კლექსანის ან კლექსიპარინის ინექციები ენიშნება და ჩვეულებრივ, მინიმუმ, ათი ამპულა გჭირდებათ. იცით, ერთი ამპულა რა ღირს? გეტყვით - 25 ლარი ანუ მინიმუმ, 250 ლარი მხოლოდ აუცილებელ ნემსებში უნდა გადაიხადოთ! ამას დაუმატეთ ძვირადღირებული ანტიბიოტიკები, სხვადასხვა აუცილებელი მედიკამენტები - პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით და ყველაზე მთავარი - ნაოპერაციევის დასამუშავებლად საჭირო ხსნარები, სახვევები და საფენები.  

ახლა, შედარებით რთულ ნაწილზე გადავიდეთ. ოპერაციის შემდეგ, დედას საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტი „ქსარელტო“, ექვსი თვით დაუნიშნეს. ესაა სისხლის გამათხელებელი, რაც ფაქტობრივად, თრომბოემბოლიას გამორიცხავს. „ქსარელტო“ აბსოლუტურად ყველა აფთიაქში იყიდებოდა, ოღონდ 200 ლარი ღირდა და ახლაც ასე ღირს. იმის გამო, რომ ექვსი თვით სჭირდებოდა, მკურნალმა ექიმმა ფორმა #100 მოგვცა. ეს ფორმა #100 მივიტანე „ფარმადეპოში“, სადაც შემეძლო, „ქსარელტო“ იაფად, 75.00 ლარად შემეძინა. „ფარმადეპოს“ მფლობელმა შპს „გეფამ“ ჯერ კიდევ შარშან, თურქეთის ერთ-ერთ ფარმაცევტულ ქარხანაში შეუკვეთა „ქსარელტოს“ ის რაოდენობა, რაც ექვსი თვის მანძილზე გვჭირდებოდა ანუ 7 კოლოფი, რადგან ერთ კოლოფში 28 ცალი აბია. ასე დეტალურად იმიტომ გიამბობთ, რომ 75.00 ლარად „ქსარელტოს“ ვერ შეიძენდით, თუ მხოლოდ ერთი ან ორი თვით გჭირდებოდათ, რადგან ასეთ მცირე დოზაზე, არცერთი ექიმი არ მოგცემდათ ფორმა #100-ს. დედაჩემს „გაუმართლა“, ექვსი თვით სჭირდებოდა, მაგრამ ვისაც ერთი ან ორი თვით ჰქონდა დანიშნული, 200 ლარი უნდა გადაეხადა.

ეს ამბავი ასე ვრცლად იმიტომ გავიხსენე, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს, „ქსარელტოს“ 75.00 ლარად კი არა, უკვე 55.00 ლარად შეიძენთ.

 

***

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მალე, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, ახლა არსებული 31 დასახელების ნაცვლად, თურქეთიდან შემოსული 200-მდე დასახელების მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი. მინისტრის თქმით, საერთაშორისო - GMP სტანდარტის, მაღალი ხარისხის მედიკამენტების იმპორტი საქართველოში ყველა წესისა და კანონმდებლობის სრული დაცვით ხორციელდება.

ახლა, თურქეთიდან იმპორტირებული იმ 31 მედიკამენტის ჩამონათვალს გთავაზობთ, რომელსაც აფთიაქებში ბევრად იაფად შეიძენთ:

„აკლასტა“ ხსნარი საინფუზიო, ძვალ სახსროვანი დაავადებების სამკურნალო საშუალება - ღირდა 867 ლარი, ახლა 223 ლარია მისი ფასი;

„არიმედექსი“, ჰორმონალური წამალი - ღირდა 80.00 ლარი, ახლა - 13.00 ლარი;

„ატაკანდი“, წნევის მარეგულირებელი საშუალება - ღირდა 80.00 ლარი, ახლა - 12.00 ლარი;

„ბეტასერკი“, ვესტიბულარული აპარატის პათოლოგიის დროს გამოსაყენებელი პრეპარატი  - ღირდა 36.00 ლარი, ახლა - 8.90 ლარი;

„ბრილინტა“, ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები - ღირდა 221 ლარი, ახლა - 48.00 ლარი;

„გალვუს მეტი“, დიაბეტის შემთხვევაში გამოსაყენებული მედიკამენტი, შაქრის დამწევი - ღირდა 82.00 ლარი, ახლა - 31.00 ლარი;

„გალვუსი“,  შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება - ღირდა 64.00 ლარი, ახლა - 31.00 ლარი;

„გლიფორი“,  შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება - ღირდა 16.00 ლარი, ახლა - 10.00 ლარი;

„გლუკოფაჟი“, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება - ღირდა 35.00 ლარი, ახლა - 9.90 ლარი;

„დიოვანი“, წნევის მარეგულირებელი საშუალება - ღირდა 41.00 ლარი, ახლა - 9.00 ლარი;

„ვოლტარენი ემულგელი“, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება - ღირდა 17.00 ლარი, ახლა - 6.00 ლარი;

„იანუვია“, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება - ღირდა 122 ლარი, ახლა - 26.00 ლარი;

„იანუმეტი“,  შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება -  ღირდა 135 ლარი, ახლა - 26.00 ლარი;

„ინსულინი ლანტუსი სოლოსტარ ხსნარი საინექციო“, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება - ღირდა 238 ლარი, ახლა - 43.00 ლარი;

„კო-დიოვანი“, წნევის მარეგულირებელი საშუალება - ღირდა 47.00 ლარი, ახლა - 10.00 ლარი;

„კონკორი“, წნევის მარეგულირებელი საშუალება - ღირდა 19.00 ლარი, ახლა - 8.00 ლარი;

„კრესტორი“ 10 მგ, ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალება - ღირდა 56.00 ლარი, ახლა - 7.00 ლარი;

„კრესტორი“ 20 მგ, ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალება - ღირდა 111 ლარი, ახლა - 10.00 ლარი;

„პლავიქსი“, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალება - ღირდა 29.00 ლარი, ახლა - 14.00 ლარი;

„სერეტიდი დისკუსი ფხვნილი საინჰალაციო“, ბრონქების კუნთების მომადუნებელი საშუალება - ღირდა 63.00 ლარი, ახლა - 26.00 ლარი;

„სიმბიკორტი ტურბოჰალერი ფხვნილი საინჰალაციო“ 80 მკგ, ბრონქების კუნთების მოსადუნებელი საშუალება - ღირდა 67.00 ლარი, ახლა - 30.00 ლარი;

„სიმბიკორტი ტურბოჰალერი ფხვნილი საინჰალაციო“ 160 მკგ, ბრონქების კუნთების მოსადუნებელი საშუალება -  ღირდა 84.00 ლარი, ახლა - 15.00 ლარი;

„სირდალუდი“, კუნთების ეფექტური დამამშვიდებელი, ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტების ჯგუფის სამკურნალო საშუალება - ღირდა 11.00 ლარი, ახლა - 5.00 ლარი;

„ტენორეტიკი“, ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალება (არტერიული წნევა) - ღირდა 47.00 ლარი, ახლა - 7.00 ლარი;

„ფორქსიგა“,  შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება -  ღირდა 131 ლარი, ახლა - 36.00 ლარი;

„ქსარელტო“ ტაბლეტი 15მგ /TR/ - ღირდა 198 ლარი, ახლა - 55.00 ლარი;

„ჯესი ტაბლეტი“ 0.02მგ+3მგ #28 - ახლა მისი ფასია 19.98 ლარი.

 

მაკა რუხაძე