„რეალს“ კურტუა დაემტვრა და... მამარდაშვილი გამოირიცხა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მადრიდის „რეალის“ ბანაკში კარგი ამბები არ არის. გუნდის ძირითადმა კიპერმა, ტიბო კურტუამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოედანზე გასვლას, საუკეთესო შემთხვევაში, ექვსი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. შესაბამისად, მადრიდელებმა მისი შემცვლელის ძებნა სასწრაფო წესით დაიწყეს და ესპანურმა მედიამ დაწერა, რომ კარლო ანჩელოტის სიაში ერთ-ერთი პირველი გიორგი მამარდაშვილი ეწერა, თუმცა ქართველის შესაძლო ტრანსფერი მალევე გამოირიცხა. საქმე ის გახლავთ, რომ „რეალს“ კურტუას იმედი აქვს და ისეთი მეკარე სურდა, რომელსაც ნახევარი წლის შემდეგ, სკამზე გადასვამდა, მაგრამ „ვალენსიამ“ მამარდაშვილის სანაცვლოდ, 30 მილიონი ევრო მოითხოვა, „სამეფო გუნდი“ კი სათადარიგო მეკარისთვის ასეთი თანხის გადახდას არ აპირებს. მართალია, მედალს მეორე მხარეც აქვს და შესაძლოა, გიორგის ისე ეთამაშა, კურტუას გამოჯანმრთელების შემდეგ, მისი ძირითადში დაბრუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ 31 წლის ბელგიელი საოცრად თამაშობს, უმაღლეს დონეზე ასპარეზობას კიდევ სამი-ოთხი წელი შეძლებს და ახლაც კი, მისი ფასი 100 მილიონია. ასეთ მეკარეს თადარიგში არავინ დასვამს და ეგებ, სჯობს კიდეც, მადრიდელებმა მამარდაშვილზე ხელი ფასის გამო რომ აიღეს.

იმავე ესპანური მედიის მტკიცებით, „რეალი“ უახლოეს დღეებში მეკარეს „სევილიას“ წაჰგვრის და კურტუას გამოჯანმრთელებამდე, კარს იასინ ბონოს ანდობს. ბონო ცუდი მეკარე ნამდვილად არ არის, მაგრამ... ანჩელოტის „მანჩესტერიდან“ წასული დევიდ დე ხეა შესთავაზეს, რომლის დამატებაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. არადა, დე ხეა ესპანელია, უგუნდოდაა და მისი ფასი 100 თუ არა, 50 მილიონი ნამდვილად არის, „რეალი“ კი ხელში უფასოდ ჩაიგდებდა.